მთავრობის განცხადებით, უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის გადაწყვეტილება საქართველოდან ელჩის გაწვევაზე გაუგებარია. მათი თქმით, საქართველოს ხელისუფლების პოზიცია უკრაინელი ხალხის მხარდაჭერაზე უცვლელი რჩება.

"გაუგებარია უკრაინის პრეზიდენტის გადაწყვეტილება საქართველოდან ელჩის გაწვევის შესახებ. მიუხედავად ამ გადაწყვეტილებისა, საქართველო აგრძელებს და კვლავაც გააგრძელებს უკრაინის პოლიტიკურ მხარდაჭერასა და ჰუმანიტარულ დახმარებას თავისი შესაძლებლობების ფარგლებში", — აცხადებენ ისინი.

მთავრობაში ამბობენ, რომ ქვეყანაში "საქართველოს ომში ჩართვის მცდელობები და პროვოკაციები არ წყდება". მათი მტკიცებით, ამაში ჩართული "დესტრუქციული ოპოზიცია" და ნაციონალური მოძრაობაა.

"ამის მიზანია საომარი მოქმედებების დაწყება ჩვენი ქვეყნის ტერიტორიაზე. ეს არის მართული პროცესი დესტრუქციული ოპოზიციის და მისი წევრების მხრიდან როგორც თბილისში, ისე კიევში. პროვოკაციული იყო გუშინ, მოხალისეების ჩარტერული რეისით უკრაინაში გაგზავნის დემონსტრაციული მცდელობა, რაც ასევე იყო ორგანიზებული ნაციონალური მოძრაობის მიერ და იქნებოდა აღქმული, როგორც საქართველოს საომარ მოქმედებებში ირიბი ჩართვა", — ამბობს მთავრობის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, ილია დარჩიაშვილი.

დღეს, პირველ მარტს უკრაინის პრეზიდენტმა საქართველოდან უკრაინის ელჩი გაიწვია. ზელენსკი ამბობს, რომ მიზეზი სანქციებზე "ამორალური პოზიცია" და უკრაინაში მოხალისეების წასვლაში ხელის შეშლაა.

საქართველოში უკრაინის ელჩის მოვალეობას ანდრეი კასიანოვი შეასრულებს. მისი თქმით, ზელენსკი კონსულტაციებზე გაწვეულ ელჩთან სხვადასხვა საკითხს, მათ შორის, უკრაინაზე საქართველოს პოზიციას განიხილავს.

დამატებითი ინფორმაცია უკრაინაში მიმდინარე მოვლენებზე განახლებად რეჟიმში შეგიძლიათ ნახოთ აქ:

იმისთვის, რომ არ გამოგრჩეთ უკრაინაში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებული სიახლეები, შემოგვიერთდით ჯგუფში — რა ხდება უკრაინაში