მთავრობის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, ილია დარჩიაშვილის განცხადებით, საქართველოს ომში ჩაბმის მცდელობები და პროვოკაციები არ წყდება, ამაში კი პირდაპირ ჩართულია ოპოზიცია და ნაციონალური მოძრაობა. დარჩიაშვილის თქმით, ეს ოპოზიციისა და მისი წევრების მხრიდან მართული პროცესია, როგორც თბილისში, ისე კიევში.

"საზოგადოებას გვსურს განვუმარტოთ, რომ სამწუხაროდ არ წყდება საქართველოს ომში ჩაბმის მცდელობები და პროვოკაციები, რომელშიც პირდაპირ ჩართულია დესტრუქციული ოპოზიცია და "ნაციონალური მოძრაობა". ამის მიზანია საომარი მოქმედებების დაწყება ჩვენი ქვეყნის ტერიტორიაზე. ეს არის მართული პროცესი დესტრუქციული ოპოზიციის და მისი წევრების მხრიდან როგორც თბილისში, ისე კიევში.

პროვოკაციული იყო გუშინ, მოხალისეების ჩარტერული რეისით უკრაინაში გაგზავნის დემონსტრაციული მცდელობა, რაც ასევე იყო ორგანიზებული "ნაციონალური მოძრაობის" მიერ და იქნებოდა აღქმული როგორც საქართველოს საომარ მოქმედებებში ირიბი ჩართვა", — ამბობს ის.

მისივე თქმით, საქართველო უკრაინას პირველივე დღიდან უწევს, როგორც საერთაშორისო ასპარეზზე პოლიტიკურ მხარდაჭერას, ასევე, ჰუმანიტარულ დახმარებას.

"ჩვენი მკაფიო პოზიცია უცვლელი რჩება — უკრაინელი ხალხის მხარდაჭერა და საქართველოში სიმშვიდისა და სტაბილურობის შენარჩუნება. კიდევ ერთხელ გვსურს შეგახსენოთ, რომ საქართველოს ელჩი და საელჩოს თანამშრომლები ერთ-ერთი მცირეთაგანნი არიან, ვისაც არ დაუტოვებიათ კიევი და ამ დრომდე აგრძელებენ მუშაობას უკრაინაში.

საქართველო პირველივე დღიდან უკრაინას უწევს როგორც საერთაშორისო ასპარეზზე პოლიტიკურ მხარდაჭერას, ასევე ჰუმანიტარულ დახმარებას", — ამბობს დარჩიაშვილი.

მთავრობის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის თქმით, უკრაინის პრეზიდენტის გადაწყვეტილება საქართველოდან ელჩის გაწვევის შესახებ გაუგებარია და მიუხედავად ამ გადაწყვეტილებისა, საქართველო გააგრძელებს უკრაინის პოლიტიკურ მხარდაჭერასა და ჰუმანიტარულ დახმარებას თავისი შესაძლებლობების ფარგლებში.

გაუგებარია უკრაინის პრეზიდენტის გადაწყვეტილება საქართველოდან ელჩის გაწვევის შესახებ. მიუხედავად ამ გადაწყვეტილებისა, საქართველო აგრძელებს და კვლავაც გააგრძელებს უკრაინის პოლიტიკურ მხარდაჭერასა და ჰუმანიტარულ დახმარებას თავისი შესაძლებლობების ფარგლებში

ზელენსკიმ საქართველოდან უკრაინის ელჩი გაიწვია. უცნობია ის კონსულტაციებისთვის გაწვევას გულისხმობს თუ არა. ზელენსკი ამბობს, რომ მიზეზი სანქციებზე "ამორალური პოზიცია" და უკრაინაში მოხალისეების წასვლაში ხელის შეშლაა.

საქართველოში უკრაინის საქმეთა დროებითმა რწმუნებულმა, ანდრეი კასინოვმა საელჩოში გამართულ ბრიფინგზე თქვა, რომ იმედი აქვთ, საქართველოსგან ჰუმანიტარულ დახმარებას კიდევ მიიღებენ. მანვე აღნიშნა, რომ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ელჩი კონსულტაციებზე გაიწვია.

ქართული ოცნების თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის თქმით, უკრაინაში მოხალისეების გაგზავნა სამხედრო კონფლიქტში ჩართვაა და ამას ვერ გააკეთებენ.