მიმდინარე წლის თებერვალში წინა თვესთან შედარებით ინფლაციის დონემ საქართველოში 0,9%, ხოლო წლიური ინფლაციის დონემ 13,7% შეადგინა. ინფორმაციას ამის შესახებ საქსტატი აქვეყნებს.

ფოტო: Geostat

თებერვალში წლიურ ინფლაციაზე ყველაზე დიდი გავლენა სურსათზე ფასების ზრდამ მოახდინა — ამ სასაქონლო ჯგუფში პროდუქცია წლიურად 17,3%-ით გაძვირდა და იქიდან გამომდინარე, რომ სურსათი ადამიანების სამომხმარებლო კალათის დიდ ნაწილს შეადგენს, მასზე ფასების ზრდამ ინფლაციაში 5,61%-იანი წვლილი შეიტანა.

ასევე, უნდა ითქვას, რომ ბოლო ერთი წლის ჭრილში ფასები გაზრდილია თითქმის ყველა მსხვილ სასაქონლო ჯგუფში გარდა ტანსაცმლისა.

წლიური ინფლაციის ფორმირებაზე ძირითადი გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ შემდეგ ჯგუფებზე:

სურსათი და უალკოჰოლო სასმელები: ჯგუფში ფასები გაიზარდა 17,3%-ით, რაც წლიურ ინფლაციაზე 5,61 პროცენტული პუნქტით აისახა. ფასები მომატებულია შემდეგ ქვეჯგუფებზე: ბოსტნეული და ბაღჩეული (34%), მინერალური და წყაროს წყალი, უალკოჰოლო სასმელები და ნატურალური წვენები (23,4%), პური და პურპროდუქტები (20,8%), თევზეული (18,2%), ზეთი და ცხიმი (17,4%), შაქარი, ჯემი და სხვა ტკბილეული (15,6%), ხილი და ყურძენი (15,5%), რძე, ყველი და კვერცხი (14,4%), ხორცი და ხორცის პროდუქტები (11%), ყავა, ჩაი და კაკაო (10,4%);

საცხოვრებელი, წყალი, ელ.ენერგია, აირი: ჯგუფში დაფიქსირდა ფასების 45,8 პროცენტიანი მატება, რაც 3,72 პროცენტული პუნქტით აისახა წლიურ ინფლაციაზე. ფასები გაიზარდა ქვეჯგუფებზე: ელექტროენერგია, აირი და სათბობის სხვა სახეები (68,4%), წყალმომარაგება და საცხოვრებელთან დაკავშირებული სხვა მომსახურება (58%), საცხოვრებლის მიმდინარე მოვლა და შეკეთება (11,5%). ამასთან, ფასები შემცირდა საცხოვრებლის ფაქტიურ გადასახადზე (-2,9%);

ტრანსპორტის ჯგუფში ფასები გაიზარდა 14,5%, რაც 1,88 პროცენტული პუნქტით აისახა მთლიანი ინდექსის ზრდაზე. ფასები, ძირითადად, მომატებულია პირადი სატრანსპორტო საშუალებების ექსპლუატაციაზე (19,6%) და სატრანსპორტო მომსახურებაზე (3,8%).

მაღალი ინფლაციის საპასუხოდ, საქართველოს ეროვნული ბანკი მონეტარულ პოლიტიკას გამკაცრებულ რეჟიმში ტოვებს. 2 თებერვალს მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა რეფინანსირების განაკვეთის უცვლელად, 10,5%-ზე დატოვების გადაწყვეტილება მიიღო.

როგორც ცნობილია, ინფლაციის მიზნობრივი მაჩვენებელი 3%-ია.