არსებობს საომარი მოწყობილობები, რომლებიც წარსულში მომხდარი კონფლიქტების ანალიზით შექმნეს, თუმცა ისტორიას ახსოვს ისეთი აღჭურვილობაც, რომლის შექმნაც უბრალოდ ტექნოლოგიების განვითარებამ მოიტანა. ასეთია თურქული ბაირაქტარ TB2 დრონი, რომელსაც უკრაინა რუსეთის თავდასხმების მოსაგერიებლად იყენებს. თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ ეს ბაირაქტარის დებიუტი არ ყოფილა და დრონმა აქამდე თავი არაერთხელ დაგვამახსოვრა.

ყარაბაღის კრიზისის დროს ამ იარაღით მინიმუმ სამი რუსული Strela-10 სისტემა გაანადგურეს, სირიასა და ლიბიაში კი თურქული დრონი არამხოლოდ მოძველებულ რუსულ საჰაერო სისტემებს, ასევე ბოლო ათწლეულში განვითარებულ ისეთ აღჭურვილობასაც დაუპირისპირეს, როგორიც Pantsir-C1 მობილური სარაკეტო სისტემაა. ამ უკანასკნელს სირიის ომის დროს მოსკოვში "რუსეთის სიამაყეს" უწოდებდნენ. ყარაბაღის კონფლიქტში ბაირაქტარი აზერბაიჯანის გამარჯვების ერთ-ერთ მთავარ გადამწყვეტ ფაქტორად მიიჩნეოდა.

ფოტო: BAYKAR Technologies

ლიბიის სამოქალაქო ომში, სადაც ერთმანეთს ეროვნული თანხმობის მთავრობა და ქვეყნის ეროვნული არმია დაუპირისპირდნენ, ბაირაქტარის დრონები ყოველდღიურად რუსეთის ერთ ან ორ საბჭოთა საჰაერო თავდაცვის სისტემებს აფერხებდნენ და აუვნებლებდნენ. რუსეთი ამ მარცხს ჩვეულებისამებრ უარყოფდა და რეალობას ისევ დეზინფორმაციით ებრძოდა.

იმ მასშტაბის ომში, რომელიც ახლა უკრაინაში მიმდინარეობს, ბაირაქტარი პირველად გამოიყენება. ქვეყანაში ეს აპარატი პირველად 2021 წლის 18 აგვისტოს, სამხედრო აღლუმის დროს გამოჩნდა. ორი წლის წინ უკრაინამ თურქეთისგან დაახლოებით 70 მილიონი დოლარის ღირებულების ბაირაქტარ TB2 შეიძინა. სწორედ ამ დროს იწყებოდა სამხედრო პარტნიორობა ამ ორ სახელმწიფოს შორის, რაც კიდევ უფრო გამყარდა გასულ თვეს, მას შემდეგ, რაც უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ბაირაქტარ TB2-ის მწარმოებელ კომპანია BAYKAR Technology-ისთან თანამშრომლობის მემორანდუმს მოაწერა ხელი. თანამშრომლობა უკრაინაში ერთობლივი სასწავლო ცენტრების დაარსებას ითვალისწინებს. გარდა ამისა, უკრაინამ ასევე განაცხადა, რომ ქვეყანა აპირებდა დამატებით 24 ბაირაქტარის შეძენას და ქარხნების დაარსებას, რომლებიც თურქულ დრონებს უკრაინაშივე აწარმოებენ. ორი ქვეყნის ურთიერთობას ასევე საინტერესოს ხდის ის ფაქტი, რომ თურქეთს კომპლექსური და ხშირად დაძაბული ურთიერთობა აქვს რუსეთთან — ქვეყანასთან, რომელიც უკრაინისთვის მთავარ გეოპოლიტიკურ საფრთხეს წარმოადგენს.

ბოლო 10 დღის მანძილზე უკრაინის სამხედროების მიერ გამოქვეყნებულ ვიდეოებში ბაირაქტარის გამოჩენამ იმედი და მოტივაცია მისცა როგორც უკრაინელებს, ასევე დანარჩენ მსოფლიოსაც, ვისაც ამ ომში უკრაინის გამარჯვება რამედ უღირს. ბაირაქტარის დრონებმა ერთი დარტყმით გაანადგურა რუსეთის ჯავშანტექნიკის კოლონა და სეპარატისტული არტილერია. სამშაბათს უკრაინაში აპარატით ერთი ტანკი და ორი მიწა-ხმელეთის სარაკეტო სისტემა გააუვნებლეს. გარდა ამისა, ტვიტერის ვიდეოებში იმასაც ვხედავთ, თუ როგორ ანადგურებს დრონი რუსეთის საწვავის კოლონასა და მარაგის სატვირთოებს. უკრაინის საელჩომ თურქეთში ამ დრონებით განხორციელებულ შეტევებს "ზეციური სამართალი" უწოდა, უკრაინელებმა კი მას სიმღერაც მიუძღვნეს.

იაფი, თუმცა ეფექტიანი ტექნოლოგია — როგორ მუშაობს ბაირაქტარ TB2

ბაირაქტარი თურქული კომპანია BAYKAR Technologies-ის შეიარაღებული საბრძოლო აპარატია, რომელსაც 7620 მეტრ სიმაღლეზე შეუძლია აფრენა. მოწყობილობას, რომელიც აშშ-ის სამხედრო Reaper დრონებთან შედარებით 7-ჯერ მსუბუქია, სამკუთხედის ფორმის კუდი და 12 მეტრი სიგრძის ფრთები აქვს. კომპანიის ვებგვერდის მიხედვით, ეს აპარატს, 300 კილომეტრამდე მანძილიდან დისტანციური მართვის პირობებში, გადაბმულად 27 საათის განმავლობაში ფრენის საშუალებას აძლევს. ბაირაქტარს ოთხამდე ლაზერით მართვადი რაკეტის ან ბომბის გადატანა შეუძლია. ტვირთის საერთო მასა 150 კგ-ს არ უნდა აღემატებოდეს.

ბაირაქტარის ტაქტიკური უპილოტო საბრძოლო საფრენი აპარატის შექმნაზე დიდწილად მასაჩუსეტსის ტექნოლოგიების ინსტიტუტის კურსდამთავრებულმა, სელჩუკ ბაირაქტარმა იმუშავა. დრონი, რომელიც ხანგრძლივი გამძლეობით გამოირჩევა, დისტანციურად, სახმელეთო საკონტროლო სადგურიდან იმართება. გარდა ამისა, იგი აღჭურვილია სრულად ავტონომიური ნავიგაციის რეჟიმითაც.

ბაირაქტარ TB2 დაზვერვის, სათვალთვალო და შეიარაღებული თავდასხმის მისიებისთვისაა განკუთვნილი. საფრენი აპარატი აღჭურვილია სამმაგი საჰაერო სისტემით, რაც მას სრულად ავტონომიური საჭესვლის, აფრენისა და დაშვების საშუალებას აძლევს. დახვეწილი დიზაინის დრონი ერთ სისტემაში ოპერატორისთვის საჭირო ყველა გადაწყვეტას აერთიანებს. სისტემა მოიცავს უპილოტო საფრენი აპარატის პლატფორმას, სახმელეთო კონტროლის სადგურს, დისტანციური ჩვენების ტერმინალს, გაფართოებული ბაზის გენერატორსა და მისაბმელ მოდულსაც.

თურქეთის სამხედრო თავდაცვის სისტემების მწარმოებელი კომპანია Rokestan-ის ლაზერით მართვადი ჭკვიანი სამხედრო აღჭურვილობების — MAM-L-ისა და MAM-C-ის ინტეგრაციამ და დაზვერვისა და მუდმივი საჰაერო თვალთვალის წარმატებით განხორციელების შესაძლებლობამ, ეს სისტემა საომარ ოპერაციებში შეუცვლელ პლატფორმად აქცია. შეიარაღებულ უპილოტო აპარატს სამიზნის ამოღება ჩაშენებული ლაზერული მანიშნებლით შეუძლია. სამიზნის ლიკვიდაციას დრონი ბორტზე მოთავსებული ოთხი ჭკვიანი საბრძოლო მოწყობილობით ახერხებს. ბაირაქტარი არის სისტემა, რომელიც უზრუნველყოფს ყველა საჭირო გადაწყვეტას ქირურგიული სიზუსტის დარტყმებისთვის, რათა თავიდან იქნას აცილებული ახლომდებარე ადგილების დაზიანება. ეს მახასიათებლები უზრუნველყოფს სამოქალაქო უსაფრთხოებას, როგორც პირველ პრიორიტეტს.

რაც შეეხება თვალთვალისა და დაზვერვის ფუნქციებს, Baykar-ის რეალურ დროში ვიზუალიზაციის გადაცემის სისტემა (BGAM) მაღალი რეზოლუციის დაუყოვნებელი პირდაპირი მაუწყებლობის მონიტორინგს ერთდროულად რამდენიმე მომხმარებლისთვის ხდის შესაძლებელს.

პირდაპირ ეთერში მონიტორინგის პარალელურად მომხმარებლებს რამდენიმე იარლიყიანი ჩანაწერის გაკეთება შეუძლიათ. შენახული იარლიყები ამარტივებს დაარქივებულ ვიდეოებში ძებნას. მსგავსად ამისა, მითითებულ შენიშვნებზე დაფუძნებით, შესაძლებელია მისიის ჩანაწერების შექმნა და მისი დაექსპორტება. ასევე, დაარქივებული ფაილების გაფილტვრა თარიღისა და მეტამონაცემების საშუალებით შეიძლება.

უსაფრთხოებისთვის სისტემა ავტომატურად ქმნის დროებით პაროლებს, რათა უზრუნველყოს უსაფრთხო წვდომა პირდაპირ გადაცემასა და დაარქივებულ ვიზუალებზე. სურვილისამებრ, ჩაშენებული პროგრამული უზრუნველყოფა შესაძლოა ინტეგრირებული იქნას ვიზუალური მასალის გადაცემის სისტემასთანაც, რაც უზრუნველყოფს პირდაპირ გადაცემას Windows-ზე მომუშავე მობილურ მოწყობილობებზე.

ბაირაქტარ TB2-ს იაფი, თუმცა ეფექტიანი საბრძოლო დრონის რეპუტაცია აქვს. მიუხედავად იმისა, რომ ასეთი მასობრივი წარმოების, ბრძოლაში გამოცდილი უპილოტო საჰაერო მოწყობილობები აქვს აშშ-ს, ისრაელს, თურქეთს, ირანსა და ჩინეთსაც, ბოლო დროინდელ კონფლიქტებში ბაირაქტარის შთამბეჭდავმა პერფორმანსმა აჩვენა, რომ ეს უკანასკნელი განსაკუთრებით ეფექტურად მოქმედებს რუსული საბრძოლო ტექნიკის წინააღმდეგ.

თუმცა, ბაირაქტარის წარმატება დახვეწილი საბრძოლო ტექნიკის წინააღმდეგ მაინცდამაინც სისტემის ეფექტიანობის ინდიკატორი არაა. ეს უკანასკნელი ასევე დამოკიდებულია საჰაერო დაცვის სისტემების ეკიპაჟის მზაობის ხარისხზე.

აღსანიშნავია ისიც, რომ ასეთი საჰაერო აპარატები, შედარებით დაბალი სიჩქარის გამო, მოწყვლადია ახლომდებარე მოწინააღმდეგეებისა თუ ცეცხლის მიმართ. მაგალითად, ლიბიისა და სირიის კონფლიქტების დროს მოწინააღმდეგეებმა ბაირაქტარის არაერთი დრონის ჩამოგდება შეძლეს, თუმცა, აპარატების დაბალი ფასი მათ დაკარგვას ნაკლებად დრამატულად ხდის.

ბაირაქტარ TB2-ის გავლენა მიმდინარე ომზე

ევროპელი და ამერიკელი ექსპერტების თქმით, რუსეთის თავდასხმის შენელებასა და მოწინააღმდეგის არმიის დაუჯერებელი სისუსტის გამოვლენაში უკრაინის ადრეულ წარმატებას სამხედრო დრონების გამოყენებამ შეუწყო ხელი. რაც უფრო მნიშვნელოვანია, მტრის წინააღმდეგ ბაირაქტარის გამოყენების ამსახველი ვიდეოები უკრაინის ინფორმაციულ ომში საკმაოდ დიდ როლს ასრულებს. ეს უკანასკნელი რუს დამპყრობლებს მოწინააღმდეგის შიშს უნერგავს, უკრაინელებს კი მომდევნო სამხედრო თავდასხმებისთვის მოტივაციას აძლევს. მიუხედავად ამისა, სავარაუდოდ, გრძელვადიან პერსპექტივაში დრონები ომის კურსს ვერ შეცვლიან.

უკრაინელი სამხედროების მიერ გამოქვეყნებული ვიდეოები რუსეთის საჰაერო თავდაცვის ძალების სერიოზულ დეფექტებს გვიჩვენებს, რაც, რუსული პროპაგანდის ფონზე, ბევრი დამკვირვებლისთვის მოულოდნელი აღმოჩნდა. გარდა ამისა, აღნიშნული ვიდეოები ცხადყოფს დრონების მთავარ უპირატესობასაც: თურქეთში წარმოებულ საჰაერო აპარატებს შეუძლიათ არათანაზომიერი ზიანი მიაყენონ მოწინააღმდეგის მოწყობილობებს. რაც მთავარია, ეს ყველაფერი ბევრად იაფი ჯდება და ბევრად დაბალი რისკის მატარებელია, ვიდრე სხვა კომპანიების დრონების გამოყენების შემთხვევაში იქნებოდა. აღსანიშნავია ისიც, რომ გასულ კვირას ბაირაქტარის საშუალებით განადგურებული რუსეთის საჰაერო სისტემების საერთო ღირებულება 50 მილიონი დოლარი იქნებოდა.

თურქეთისა და შუა აღმოსავლეთის პოლიტიკის სპეციალისტის, გალიპ დალეის თქმით, უკრაინისთვის დრონების მიყიდვა NATO-ის წევრი თურქეთის სამხედრო ინტერესების გატარებას, სახელდობრ შავი ზღვის რეგიონში ძალაუფლების ბალანსის დაცვასაც შეუწყობს ხელს. აღსანიშნავია ისიც, რომ BAYKAR Technologies-ის მთავარი აღმასრულებელი დირექტორის და კომპანიის დამფუძნებლის ძმის, ჰალუკ ბაირაქტარის 2021 წლის მაისში გაკეთებული განცხადების მიხედვით, აშშ-ის, ჩინეთისა და ისრაელისგან განსხვავებით, თურქეთი ერთადერთი ქვეყანა აღმოჩნდა, რომელიც უკრაინისთვის ამ ტექნოლოგიის მიყიდვას დათანხმდა. ეს თანამშრომლობა კი, განსაკუთრებით მიმდინარე კონფლიქტის პირობებში, სასარგებლო აღმოჩნდა როგორც უკრაინის თავდაცვისთვის, ასევე თურქული კომპანიისთვისაც.