საქართველო ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მისაღებად განაცხადს ხვალ წარადგენს. ამის შესახებ მმართველი გუნდის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ საგანგებო ბრიფინგზე თქვა და აღნიშნა, რომ განაცხადი უკვე მზადდება.

"2024 წელს, როგორც ეს ქართული ოცნების საარჩევნო პროგრამით იყო გათვალისწინებული, ძლიერი, ახალი რეფორმებით ზურგგამაგრებული განაცხადის შეტანას ექნებოდა მრავალი უპირატესობა განაცხადის ნაჩქარევ შეტანასთან შედარებით, თუმცა საერთო პოლიტიკური კონტექსტისა და ახალი რეალობის გათვალისწინებით, პოლიტიკური საბჭოს წევრებსა და პირველ რიგში, პრემიერთან კონსულტაციების საფუძველზე, ქართული ოცნების პოლიტიკურმა გუნდმა მიიღო პოლიტიკური გადაწყვეტილება, განაცხადი ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მისაღებად დაუყოვნებლივ წარადგინოს", — განაცხადა კობახიძემ.

კობახიძემ მოუწოდა ევროკავშირის სტრუქტურებს საგანგებო რეჟიმში განიხილონ განაცხადი და მიიღონ გადაწყვეტილება საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭების შესახებ.

"საქართველოს მთავრობა პრემიერმინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით დაჩქარებული წესით უკვე ამზადებს განაცხადს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მისაღებად, რომელიც ევროკავშირის სტრუქტურებს საქართველოს ხელისუფლების სახელით ხვალ ოფიციალურად წარედგინებათ. მოვუწოდებთ ევროკავშირის სტრუქტურებს საგანგებო რეჟიმში განიხილონ ჩვენი განაცხადი და მიიღონ გადაწყვეტილება საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭების შესახებ", — აღნიშნა მან.

მისი თქმით, ქართული ოცნების ძალისხმევის "ლოგიკური გაგრძელებაა" დღევანდელი გადაწყვეტილება განაცხადის დაუყოვნებლივ წარდგენაზე.

"გასული წლების განმავლობაში ჩვენს ხელისუფლებას ჰქონდა არაერთი შთამბეჭდავი მიღწევა ევროკავშირთან ინტეგრაციის გზაზე — ხელი მოვაწერეთ ასოცირების შეთანხმებასა და თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებას ევროკავშირთან, მივიღეთ უვიზო მიმოსვლის რეჟიმი. ევროკავშირში ინტეგრაცია კონსტიტუციურ ამოცანად განვსაზღვრეთ, განვახორციელეთ მრავალი რეფორმა ევროკავშირის სტანდარტებს დაუახლოვა.

2024 წლამდე ევროკავშირში გაწევრიანებაზე განაცხადის წარდგენა ქართულმა ოცნებამ 2020 წელს საარჩევნო პროგრამის მთავარ მიზნად გამოაცხადა. ამ ძალისხმევის ლოგიკური გაგრძელებაა ჩვენი დღევანდელი გადაწყვეტილება განაცხადის დაუყოვნებლივ წარდგენისა და კანდიდატის სტატუსის მიღების შესახებ", — განაცხადა მან.

კობახიძის ამ სიტყვებს ბრიფინგზე წინ უძღოდა უკრაინის ხელისუფლებისა და ნაციონალური მოძრაობის კრიტიკა. ქვეყნის ერთ-ერთ მთავარ პოლიტიკურ საკითხს კობახიძე მხოლოდ მას შემდეგ შეეხო, რაც ამ ორ თემაზე ისაუბრა. მან ისევ დაიწყო მტკიცება, რომ ენმ ქვეყნის ომში ჩათრევას ცდილობს და რუსეთისთვის სანქციების დაწესება საქართველოს კარგს არაფერს მოუტანდა.

"ევროკავშირში წევრობის კანდიდატის სტატუსის მიღების დაკავშირება სანქციებთან ან ქვეყნის საომარ მოქმედებებში ჩართვასთან ჩვენთვის კატეგორიულად მიუღებელია. პირიქით, ეკონომიკურად სუსტი და მოწყვლადი ქვეყანა ევროკავშირში არავის სჭირდება. სანქციებით და ომით დამძიმებულ ქვეყანას ევროკავშირში გაწევრიანების პერსპექტივა სრულად გაუქრებოდა", — თქვა კობახიძემ იქამდე, სანამ იტყოდა, რომ განაცხადის წარდგენას აპირებენ.

დამატებითი ინფორმაცია უკრაინაში მიმდინარე მოვლენებზე განახლებად რეჟიმში შეგიძლიათ ნახოთ აქ:

იმისთვის, რომ არ გამოგრჩეთ უკრაინაში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებული სიახლეები, შემოგვიერთდით ჯგუფში — რა ხდება უკრაინაში