უკრაინელ ფილოსოფოსსა და ინგლისურენოვანი ახალი ამბების ვებსაიტის, UkraineWorld, მთავარ რედაქტორს, ვოლოდიმირ ერმოლენკოს კიევში 2019 წელს შევხვდი. უკრაინაში იმის გასაშუქებლად ვიყავი ჩასული, თუ რა განწყობები იყო მოსახლეობაში, როცა დონალდ ტრამპი მათ პრეზიდენტზე, ვოლოდიმირ ზელენსკიზე ზეწოლას ცდილობდა და რას ფიქრობდნენ ამერიკელი მემარჯვენეების მიერ იმ უკრაინელების დემონიზაციაზე, რომლებიც კორუფციის წინააღმდეგ იბრძოდნენ. მაშინ ერმოლენკო უკრაინას იმ გლობალურ ფრონტად განიხილავდა, სადაც დემოკრატიასა და ავტორიტარიზმს შორის ბრძოლა მიმდინარეობს. მაშინაც ამ ბრძოლის ერთ მხარეს ევროპა იდგა, მეორე მხარეს — ვლადიმერ პუტინის რუსეთი, ხოლო ტრამპის დროინდელი ამერიკის პოზიცია დამაბნეველი და ორაზროვანი იყო.

"არსებობს ძლიერი განცდა, რომ თუ უკრაინა გაიმარჯვებს — რისიც მე მტკიცედ მწამს — ამას როგორც პუტინის, ისე ლუკაშენკოს რეჟიმების დასრულება შეუძლია"

ვოლოდიმირ ერმოლენკო

"აქ საუბარია იმაზე, ვრცელდება თუ არა აღმოსავლეთის მიმართულებით დემოკრატია და კანონის უზენაესობა", — აღნიშნა მან უკრაინის მომავალზე საუბრისას, — "აღმოსავლეთ ევროპაში დემოკრატიის გავრცელებას დიდი ისტორია აქვს — თავდაპირველად ამ პროცესმა მოიცვა აღმოსავლეთ ევროპა, ცენტრალური ევროპა, შემდეგ კი უკრაინა, საქართველო და მოლდოვა. იმედი გვაქვს, რომ ოდესმე ის რუსეთამდეც მიაღწევს". მაგრამ არსებობდა იმის შესაძლებლობაც, რომ იდეოლოგიური ტალღა უკუმიმართულებით წასულიყო. "წარმოქმნილია ახალი ავტორიტარიზმი, რომელიც დასავლეთისკენ მიემართება", — თქვა მაშინ ერმოლენკომ. ამ თვალსაზრისით, ახალბედა უკრაინული დემოკრატია მსოფლიოსათვის ერთგვარ ფლუგერს წარმოადგენდა.

27 თებერვალს — მაშინ, როცა რუსეთის ჯარები უკვე უკრაინის ტერიტორიაზე იყვნენ შეჭრილები — მას კვლავ ვესაუბრე. "სულისკვეთება ძალიან ძლიერია. ფატალისტური განწყობა არ გვაქვს; არც რუსეთთან მოლაპარაკების სურვილი. ეს გადამწყვეტი ბრძოლაა", — მითხრა ერმოლენკომ. უკრაინული თავდაცვა იმ ადამიანების პატრიოტიზმის შედეგია, რომლებიც საკუთარ სახლსა და ცხოვრებას სასტიკი, უცხო ძალისაგან იცავენ, დაურთო მან. თუმცა ერმოლენკო მიმდინარე მოვლენებს იმ დიდი იდეოლოგიური შეჯიბრის ნაწილადაც აღიქვამს, რომელსაც ჯერ კიდევ ორ-ნახევარი წლის წინ განვიხილავდით.

"არსებობს ძლიერი განცდა, რომ თუ უკრაინა გაიმარჯვებს — რისიც მე მტკიცედ მწამს — ამას როგორც პუტინის, ისე ლუკაშენკოს რეჟიმების დასრულება შეუძლია", — თქვა ერმოლენკომ. მისი თავდაჯერებულობა საოცარია. თუმცა, როგორც ჩანს, ეს განცდა მთელ ქვეყანაშია გავრცელებული, რადგან ბოლო გამოკითხვის თანახმად, ოკუპირებული ტერიტორიების მიღმა მცხოვრები უკრაინელების 70% მიიჩნევს, რომ ისინი რუსეთზე გაიმარჯვებენ. უკრაინის პარლამენტის წევრისა და ვაშინგტონში დიპლომატიური წარმომადგენლის, ოლექსანდრა უსტინოვას თქმით, პუტინს ეგონა, რომ უკრაინის კონტროლის სადავეებს მარტივად ჩაიგდებდა ხელში. "ჩვენ, უკრაინელებმა, კი დავამტკიცეთ, რომ არ ვაპირებთ დანებებას და გვჯერა, რომ ამ ომს მოვიგებთ", — ამბობს ის.

უკრაინელი ჯარისკაცები კიევის ერთ-ერთ ხიდზე პოზიციებს იკავებენ — 25 თებერვალი.

ფოტო: Emilio Morenatti

წარმოდგენა არ მაქვს, გამართლდება თუ არა უსტინოვას მოლოდინი, მაგრამ, რაღა თქმა უნდა, ვიმედოვნებ, რომ ასე მოხდება. უკრაინაში შეჭრის პირველ დღეებში რუსეთს დაბრკოლებები შეექმნა. მაგრამ უკრაინის არმია ჯერ კიდევ მნიშვნელოვნად ჩამოუვარდება რუსეთისას და პუტინს აქვს ძალა, ქვეყანას ჯოჯოხეთი მოუწყოს. უკრაინელების ურყევი რწმენა და ბრძოლისუნარიანობა მნიშვნელოვანი პოლიტიკური ფაქტია, რომელიც რუსეთის სწრაფ გამარჯვებაში დარწმუნებულმა ადამიანებმა ვერ გაითვალისწინეს. სწორედ ეს რწმენაა ის ძალა, რომელმაც მსოფლიოს დიდი ნაწილი რუსეთის წინააღმდეგ გააერთიანა და გააძლიერა ლიბერალური ინტერნაციონალიზმი, რომელიც აქამდე ძალაგამოცლილი ჩანდა.

რაოდენ შთამბეჭდავიც უნდა იყოს უკრაინელების სიმტკიცე, ის მოულოდნელი მაინც არ უნდა ყოფილიყო. ვინც ბოლო წლებში კიევს სტუმრებია, ნათლად დაინახავდა იმ სიამაყეს, რომელიც ამ ხალხს 2014 წლის რევოლუციის მიმართ აქვს. სწორედ მაშინ აიძულეს მათ ვიქტორ იანუკოვიჩი, კრემლის მიერ მხარდაჭერილი კლეპტოკრატი პრეზიდენტი, რუსეთში გაქცეულიყო. კიევის დამოუკიდებლობის მოედანზე აღმართული მონუმენტის უზარმაზარ ბრინჯაოსფერ სადგამზე მიმაგრებული იყო ფოტოები, რომლებზეც დემონსტრანტები დარბევის მოსაგერიებლად საბურავებს წვავენ და სპეცრაზმზე იერიშისათვის რიყის ქვებით ხელში ემზადებიან. იქვე მდგომი ქუჩის გამყიდველი პუტინის გამოსახულებიანი ტუალეტის ქაღალდს ყიდდა.

რევოლუციისათვის ყველა უკრაინელს არ დაუჭერია მხარი — იანუკოვიჩს ქვეყნის სამხრეთ და აღმოსავლეთ ნაწილებში ბევრი მომხრე ჰყავდა. ამის მიუხედავად, არსებობდა კულტურული პატივისცემა იმ მოქალაქეების მიმართ, რომლებიც რუსეთის ბატონობას წინ აღუდგნენ.

უკრაინელებმა ძველ დემოკრატიებს აჩვენეს, რას ნიშნავს ბრძოლა საკუთარი ფასეულობებისთვის.

ოც წელზე ნაკლებ დროში უკრაინაში ორი რევოლუცია მოხდა. 2014 წლამდე იყო 2004 წლის ნარინჯისფერი რევოლუცია, რომელიც მას შემდეგ დაიწყო, რაც იანუკოვიჩი არჩევნების გაყალბების მცდელობაში დაადანაშაულეს. ნატალია გუმენიუკმა, უკრაინელმა ჟურნალისტმა და წიგნის, დაკარგული კუნძული: ამბები ოკუპირებული ყირიმიდან, ავტორმა მითხრა, რომ ამ რევოლუციებმა უკრაინელებში საკუთარი ნების სიძლიერის აღქმა გააჩინა, რადგან "უკრაინას აქვს დიქტატორის დამხობის წარმატებული გამოცდილება, რაც მანამდე წარმოუდგენელი იყო".

გუმენიუკმა აღნიშნა, რომ ზელენსკი პირდაპირ მიმართავს რუს და ბელარუსელ ხალხს: "ჩვენ გვჯერა, რომ თუ დამოუკიდებელი ადამიანები ხმას აიმაღლებენ, ისინი თავიანთი ლიდერების დამხობას შეძლებენ. იმიტომ, რომ ჩვენთან ეს სწორედ ასე მოხდა".

ეს ნიშნავს, რომ თუ ადრე დემოკრატიული უკრაინა პუტინისათვის ეგზისტენციალურ საფრთხეს არ წარმოადგენდა, ახლა რუსეთის პრეზიდენტი სწორედ ამ საშიშროების წინაშე დგას, რადგან უკრაინის გამარჯვება მის დისკრედიტაციას ნიშნავს. 2019 წელს ჩემი ყურადღება მიიქცია იმან, თუ როგორი გულწრფელი ემოციით საუბრობდნენ უკრაინელები ლიბერალური დემოკრატიის შესახებ. შესაძლოა, მათ ის იმდენად ახლახან მოიპოვეს, რომ ცინიზმის გაჩენა ვერ მოესწრო. მათი იდეალიზმი მძლავრი იარაღი აღმოჩნდა. უკრაინელებმა ძველ დემოკრატიებს აჩვენეს, რას ნიშნავს ბრძოლა საკუთარი ფასეულობებისთვის. ამის გამო უკრაინას მთელი მსოფლიოს მასშტაბით უამრავი მხარდამჭერი გაუჩნდა.

მართალია, ჯერ კიდევ არსებობს ვითარების უკრაინელების საწინააღმდეგოდ შემობრუნების დიდი საშიშროება, მაგრამ მტკიცე რწმენამ მათ გამარჯვების შანსი ნამდვილად მისცა.