უკრაინის სამხრეთ აღმოსავლეთით მდებარე ქალაქი მარიუპოლი რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერაა გარშემორტყმული. ამის შესახებ ქალაქის მერის მოადგილემ, სერგეი ორლოვმა CNN-ის ეთერში ისაუბრა. მისი თქმით, ადგილზე სიტუაცია კრიტიკულია.

"ჩვენი უკრაინული ჯარი და ეროვნული გვარდია ძალიან მამაცია, ისინი მტკიცედ დგანან და უკრაინისთვის, მარიუპოლისთვის იბრძვიან. მაგრამ სიტუაცია კრიტიკულია.

ჩვენ ვითხოვთ დახმარებას, სამხედრო დახმარებას და ველოდებით სამხედრო დახმარებას. შიდა ძალები ძალიან მამაცები არიან, მაგრამ ჩვენ გარშემორტყმული ვართ რუსული ძალების მიერ, რომელსაც უფრო მეტი ადამიანი ჰყავს არმიაში.

ისინი ანადგურებენ ჩვენს ქალაქს ყველანაირი იარაღით, არტილერიით, თვითმფრინავებიდან დაბომბვით, ტაქტიკური რაკეტებით, მრავალჯერადი სარაკეტო სისტემებით", — თქვა მან.

მერის მოადგილის განცხადებით, იბომბება შენობები, საცხოვრებელი სახლები, ბაღები და სკოლები — ამ დრომდე ვერ აზუსტებენ გარდაცვლილთა რიცხვს.

"არ ვიცით, რამდენია, იმიტომ, რომ არ შეგვიძლია ყველა ცხედრის შეგროვება და ვერ ვითვლით", — თქვა მან.

ამასთან, როგორც მარიუპოლის საქალაქო საბჭომ განაცხადა, 7 დღის განმავლობაში მტერი მათ კრიტიკულ სასიცოცხლო ინფრასტრუქტურას ანადგურებს. ქალაქში არ არის დენი, წყალი და გათბობა.

"მარიუპოლი რჩება ცეცხლის ქვეშ. ქალები, ბავშვები და მოხუცები იტანჯებიან. ჩვენ ვნადგურდებით, როგორც ერი. ეს უკრაინელი ხალხის გენოციდია", — განაცხადა საბჭომ.

დამატებითი ინფორმაცია უკრაინაში მიმდინარე მოვლენებზე განახლებად რეჟიმში შეგიძლიათ ნახოთ აქ:

იმისთვის, რომ არ გამოგრჩეთ უკრაინაში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებული სიახლეები, შემოგვიერთდით ჯგუფში — რა ხდება უკრაინაში