მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის ტელეარხმა უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის, მონაწილეობით გადაღებული კომედიური სერიალი ხალხის მსახური (Слуга народу) ჩვენების უფლება იყიდა.

2015 წელს გამოსულ სატირულ სატელევიზიო სერიალში ზელენსკი, რომელიც წინათ მსახიობი იყო, მოულოდნელად გაპრეზიდენტებული მასწავლებლის როლს ასრულებს. ამ როლიდან სულ რამდენიმე წელიწადში იგი უკვე ნამდვილი პრეზიდენტი გახდა და ოპონენტები დიდი უპირატესობით დაამარცხა. აღსანიშნავია, რომ ზელენსკის პარტიას სწორედ ხალხის მსახური ჰქვია.

გარდა იმისა, რომ უკრაინის მოქმედი პრეზიდენტი სერიალში მთავარი როლის შემსრულებელია, იგი ასევე იყო პროექტის იდეის ავტორი და აღმასრულებელი პროდიუსერი. ამასთან, ხალხის მსახურის მწარმოებელი კომპანია, სტუდია კვარტალ-95, ზელენსკის დაფუძნებულია

სერიალს მალე ახლო აღმოსავლეთში, საბერძნეთსა და რუმინეთში იხილავენ. სატელევიზიო პროდუქტზე უფლებები გაიყიდა გაერთიანებულ სამეფოშიც. ბრიტანულ ტელეარხზე სერიალთან ერთად დოკუმენტურ ფილმსაც აჩვენებენ — ზელენსკი: კაცი, რომელიც პუტინს წინ აღუდგა.

სერიალზე უფლებების მფლობელმა შვედურმა სადისტრიბუციო კომპანია Eccho Rights-მა კი თავისი სიიდან რუსული წარმოების სატელევიზიო პროდუქტები ამოშალა და უკრაინის წითელი ჯვრის საზოგადოებას $55 500 გადაურიცხა.

"[ხალხის მსახური] კომედიაა, თუმცა, ზელენსკის წარმომავლობის შესახებაც მნიშვნელოვან დოკუმენტურ მასალას წარმოადგენს", — აღნიშნავს კომპანიის წარმომადგენელი, — "მისი პერსონაჟი, გამოგონილი პრეზიდენტი, ჩვეულებრივი კაცია, რომელიც გმირ და თაყვანსაცემ ლიდერად იქცევა. მართალია, ნამდვილი სამყაროს სცენარი, რომელშიც ზელენსკი და უკრაინელი ხალხი აღმოჩნდა, ბევრად უფრო შემზარავია, თუმცა, რეალურ სიტუაციასთან მაინც ბევრი პარალელის გავლება შეიძლება".

44 წლის ზელენსკიმ, რომელიც თავის ქვეყანას რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ წარმატებულად წინამძღოლობს, ბოლო დღეებში დიდი აღფრთოვანება დაიმსახურა.