ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურთან რუსებმა ცეცხლი გახსნეს, ადგილზე ხანძარი გაჩნდა. ინფორმაცია უკრაინულ მედიებსა და ტელეგრამ არხებზე გავრცელდა, რაც ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრმაც დაადასტურა.

"ყურადღება! რუსეთის ფედერაციის ტექნიკა ისვრის ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე. ევროპის უდიდეს ატომურ ელექტროსადგურზე არსებობს რეალური ბირთვული საფრთხე. ვითხოვთ ცეცხლის შეწყვეტას", — თქვა ვიდეომიმართვაში ერთ-ერთმა თანამშრომელმა.

ამის შემდეგ კი ენერგოგრადის მერმა დაწერა, რომ ადგილზე ხანძარი გაჩნდა: "საფრთხე გლობალური უსაფრთხოებისთვის!!!!! მტრის მიერ ევროპის უდიდესი ატომური ელექტროსადგურის შენობებისა და ბლოკების უწყვეტი დაბომბვის შედეგად ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგური იწვის!!!!"

ფაქტის ამსახველი კადრები სოციალურ ქსელშიც გავრცელდა:

Unian-ის ინფორმაციით, ელექტროსადგურის პრესსამსახური იუწყება, რომ ამ ობიექტის დაბომბვა გლობალურ საფრთხეს წარმოადგენს.

ამ წუთებში შესაძლებელია, პირდაპირ ეთერში ადევნოთ თვალი ატომურ ელექტროსადგურზე მიმდინარე მოვლენებს.