უკრაინის ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების მთავარი სახელმწიფო ინსპექტორი ოლეგ კორიკოვი აცხადებს, რომ ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე საშიშროების დონე ძალიან მაღალია. მისი თქმით, ელექტროსადგური დაბომბეს ტანკებითა და არტილერიია, ხანძრის გამო ზუსტი ზარალის დადგენა ახლა შეუძლებელია.

"ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე არის შვიდი ბირთვული დანადგარი, ექვსი ელექტროსადგური და საწყობი. მე-2 და მე-3 ბლოკები უსაფრთხოდ დაიხურა, მე-4 ბლოკი ახლა ფუნქციონირებს. პირველი ენერგობლოკი შეკეთების პროცესშია (მას დაესხნენ თავს). მე-5 და მე-6 ბლოკები რეზერვშია და უსაფრთხოდაა. მეოთხე ენერგობლოკის სიმძლავრე საკმარისია", — ციტირებს მას უკრაინა 24.

რა ვიცით ამ ეტაპზე ატომური ელექტროსადგურის დაბომბვაზე

ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგური უდიდესია მსოფლიოში, სწორედ ის დაბომბეს რუსებმა ომის მეცხრე დილას. დაბომბვაზე ინფორმაცია ელექტროსადგურის თანამშრომელმა გაავრცელა. მალევე ენერგოგრადის მერმა თქვა, რომ ადგილზე ხანძარი გაჩნდა და ეს გლობალურად საფრთხისშემცველია.

ელექტროსადგურის კამერებიდან პირდაპირ ეთერში ჩანდა, რომ ტერიტორიაზე მიმდინარეობდა შეტაკებები და იყო აფეთქებები. უკრაინული სახელმწიფო უწყებების განცხადებით, სროლის გამო ადგილზე ვერ შედიოდნენ მაშველები და ხანძრის ჩაქრობა ვერ ხერხდებოდა.

ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის დირექტორმის მოვალეობის შემსრულებელმა, იგორ მურაშოვმა განაცხადა, რომ ბირთვული უსაფრთხოება ელექტროსადგურზე დარღვეულია. ელექტროსადგურის სპიკერის თქმით, რეალური ბირთვული საფრთხე არსებობს.

უკრაინის ენერგეტიკის მინისტრი კი ამბობს, რომ ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის აფეთქება შეიძლება იყოს ყველაზე დიდი კატასტროფა კაცობრიობის ისტორიაში.

ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტო უკრაინის მარეგულირებელზე დაყრდნობით აცხადებს, რომ ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე აფეთქების შემდეგ არ დაფიქსირებულა რადიაციული დონის ცვლილება.