"მე არამგონია, რომ ზელენსკის სცხელოდა ტვიტისთვის და ამ განცხადებისთვის", — ასე ეხმაურება ქართული ოცნების თავჯდომარე, ირაკლი კობახიძე უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის კრიტიკულ ტვიტს საქართველოს მხრიდან რუსეთისთვის საქნციების დაწესებაზე უარის თქმის და ელჩის გაწვევის გადაწყვეტილების გამო.

"იქ არის გარკვეული ძალები, რომლებიც არიან კოოორდინაციაში და ამის შედეგი იყო საბოლოო ჯამში ეს ალოგიკური ნაბიჯი, რომელიც გადაიდგა", — თქვა მან.

პირველ მარტს უკრაინის პრეზიდენტმა საქართველოდან უკრაინის ელჩი გაიწვია. ზელენსკი ამბობს, რომ მიზეზი სანქციებზე "ამორალური პოზიცია" და უკრაინაში მოხალისეების წასვლაში ხელის შეშლაა.

2 მარტს კობახიძემ განაცხადა, რომ ზელენსკის გადაწყვეტილება ელჩის გაწვევაზე გაუმართლებელი და ალოგიკურია.

მანამდე, 28 თებერვალს, პრემიერმინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ რუსეთის მიმართ დასავლეთის დაწესებული სანქციები ეფექტური საშუალება არაა. მისი თქმით, რუსეთის სანქცირების შემთხვევაში, ფული, რომელიც საქართველოში შემოდის, "ხალხს მოაკლდება". ხოლო, 25 თებერვალს მან განაცხადა, რომ საქართველო რუსეთს ფინანსურ და ეკონომიკურ სანქციებს არ დაუწესებს. მისი მტიცებით, ეს გადაწყვეტილება ქვეყნის ეროვნულ ინტერესებს ეფუძნება.

ღარიბაშვილის განცხადებას 25 თებერვალს მოსახლეობისგან კრიტიკა მოყვა. პარლამენტის წინ მასშტაბური აქცია გაიმართა. მოგვიანებით ზელენსკიმ Twitter-ზე დაწერა, რომ არის დრო, როცა მოქალაქეები მთავრობაზე უკეთესები არიან და ქართველებს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.

დამატებითი ინფორმაცია უკრაინაში მიმდინარე მოვლენებზე განახლებად რეჟიმში შეგიძლიათ ნახოთ აქ:

იმისთვის, რომ არ გამოგრჩეთ უკრაინაში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებული სიახლეები, შემოგვიერთდით ჯგუფში — რა ხდება უკრაინაში