ცნობილი რუსი სოპრანო, ანა ნეტრებკო, ნიუ-იორკის მეტროპოლიტენის საოპერო თეატრში ვერც ამ და ვერ მომდევნო სეზონზე ვერ იმღერებს. გადაწყვეტილება ხელმძღვანელობამ მას შემდეგ მიიღო, რაც ნეტრებკომ უარი განაცხადა, რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის ქმედებებს საჯაროდ გამიჯნოდა.

"მეტროპოლიტენისა და ოპერისთვის ეს დიდი ხელოვანის დაკარგვაა", — აცხადებს კომპანიის გენერალური მენეჯერი, პიტერ გელბი, — "ანა მეტროპოლიტენის ისტორიაში ერთ-ერთი უდიდესი შემსრულებელია, მაგრამ მაშინ, როცა პუტინი უკრაინაში უდანაშაულო ადამიანებს ხოცავს, ასე გაგრძელება აღარ შეიძლებოდა".

ნეტრებკოს გაზაფხულის სეზონზე პუჩინის ტურანდოტში უნდა მიეღო მონაწილეობა, მომდევნო სეზონზე კი — ვერდის დონ კარლოში.

ტურანდოტში ნეტრებკოს უკრაინელი სოპრანო, ლიუდმილა მონასტირსკა, ჩაანაცვლებს. ჯერჯერობით, უცნობია, ვინ იმონაწილევებს დონ კარლოში.

იმის მიუხედავად, რომ რუსმა საოპერო მომღერალმა საკუთარ განცხადებებში ომი გააკრიტიკა, უშუალოდ პუტინზე საჯაროდ არაფერი უთქვამს.

The New York Times-ის ცნობით, ნეტრებკომ 2014 წელს პრორუსი სეპარატისტების კონტროლირებად დონეცკში საოპერო სახლს თანხა გადაურიცხა. ამის შემდეგ მან ხელში ნოვოროსიის დროშით გადაიღო ფოტო. ამ დროშას ოკუპირებულ რეგიონში სეპარატისტები იყენებენ.

იმისთვის, რომ არ გამოგრჩეთ უკრაინაში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებული სიახლეები, შემოგვიერთდით ჯგუფში — რა ხდება უკრაინაში