ქართული ოცნების თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, პარლამენტმა უკვე დაიწყო მუშაობა კანონპროექტის გამკაცრებაზე, რომელიც ეთნიკური ნიშნით დისკრიმინაციისა და ეთნიკური შუღლის გაღვივების წინააღმდეგ იქნება მიმართული. კობახიძემ ეს მას შემდეგ თქვა, რაც ისაუბრა, რუსეთის მოქალაქეების წინააღმდეგ "წამოწყებულ კამპანიაზე", რომელიც მისივე მტკიცებით, "დისკრიმინაციისა და შოვინიზმის ძალზე უხეში გამოვლინებაა".

"საქართველოს პარლამენტმა უკვე დაიწყო მუშაობა კანონპროექტის გამკაცრებაზე, რომელიც ეთნიკური ნიშნით დისკრიმინაციისა და ეთნიკური შუღლის გაღვივების წინააღმდეგ იქნება მიმართული. აშკარაა, რომ დისკრიმინაციული კამპანია რუსი ეროვნების მოქალაქეების წინააღმდეგ ომის პარტიის, ნაციონალური მოძრაობის მიერ განიხილება როგორც ერთგვარი ბოლო შანსი, საქართველო ჩათრეულ იქნას სამხედრო კონფლიქტში, რასაც ხელისუფლება არ დაუშვებს", — ამბობს ის.

კობახიძემ ასევე აღნიშნა, რომ საქართველო ღიაა ნებისმიერი ადამიანისთვის, ნებისმიერი ქვეყნის მოქალაქისთვის. მან კიდევ ერთხელ თქვა, რომ ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს ომის თავიდან ასარიდებლად და მშვიდობისა და უსაფრთხოების დასაცავად.

"საქართველო ღიაა ნებისმიერი ადამიანისთვის, ნებისმიერი ქვეყნის მოქალაქისთვის, განურჩევლად ეთნიკური კუთვნილებისა და პასუხისმგებელია მათ მიმართ არადისკრიმინაციული მოდგომის უზრუნველყოფასა და მათი უსაფრთხოების დაცვაზე. საქართველოს ხელისუფლება იმოქმედებს ამ პასუხისმგებლობის შესაბამისად.

დასასრულს, საქართველოს ხელისუფლება ყველაფერს გააკეთებს საქართველოსთვის ომის თავიდან ასარიდებლად, ქვეყანაში მშვიდობისა და უსაფრთხოების დასაცავად და ყველა მიმართულებით სახელმწიფოებრივი რისკების დასაზღვევად", — ისაუბრა კობახიძემ ბრიფინგზე.

კობახიძე ბრიფინგი გამართა, რომელზეც რუსეთის მოქალაქეებისადმი დისკრიმინაციაზე ისაუბრა და ნაციონალურ მოძრაობას "ომის პარტია" უწოდა. კობახიძე ამტკიცებს, რომ საქართველოში რუსი მოქალაქეების მიმართ ენმ-მ და მასთან "დაკავშირებულმა" არასამთავრობო ორგანიზაციებმა წამოიწყეს კამპანია, რომელიც დისკირმინაციისა და შოვინიზმის ძალზე უხეში გამოვლინებაა.

მას შემდეგ, რაც გავრცელდა ინფორმაცია, რომ საქართველოში რუსეთის მოქალაქეები აპირებენ ჩამოსვლას, ამას საზოგადოების პროტესტი მოჰყვა. ზოგიერთი მოქალაქე ამბობს, რომ მათთვის ბინების გაქირავებაზე უარს იტყვიან.