ცნობილ რუს დირიჟორთან და პუტინის პოლიტიკის მხარდამჭერთან, ვალერი გერგიევთან თანამშრომლობას წამყვანი მუსიკალური დაწესებულებები წყვეტენ. გადაწყვეტილებები რუსეთის უკრაინაში შეჭრის საპასუხოდ იქნა მიღებული.

გერგიევს ულტიმატუმი მიუნხენის და როტერდამის ფილარმონიულმა ორკესტრებმა წაუყენეს — მათი თქმით, სამომავლოდ ერთობლივად დაგეგმილ ღონისძიებებზე დირიჟორთან არ ითანამშრომლებდნენ, თუკი იგი პუტინის ბოლოდროინდელ ქმედებებს საჯაროდ არ დაგმობდა. რადგან მიუნხენის მერის ზემოხსენებული მოთხოვნას გერგიევმა არ უპასუხა, გერმანულმა ორკესტრმა დირიჟორთან თანამშრომლობა შეწყვიტა. აღსანიშნავია, რომ მიუნხენი კიევის დაძმობილებული ქალაქია.

მსგავსი წინადადებით მიმართა გერგიევს იტალიაში ლა სკალას საოპერო თეატრმა — იგი ან საჯაროდ გამოუცხადებდა მხარდაჭერას უკრაინაში მშვიდობის დამყარებას, ან ჩაიკოვსკის ყვავის დედოფალს აღარ უდირიჟორებდა.

მუსიკოსთან თანამშრომლობა შეწყვიტა ნიუ-იორკის კარნეგი-ჰოლმა და გერგიევის დირიჟორობით დაგეგმილი ორი ღონისძიება გააუქმა. რუსი დირიჟორი საკონცერტო ტურნედან ჩახსნა ვენის ფილარმონიულმა ორკესტრმაც. გერგიევი ასევე აღარ იქნება ვერბიეს საერთაშორისო ფესტივალის მუსიკის რეჟისორი. ამასთან, მუსიკოსს ედინბურგის ფესტივალის საპატიო პრეზიდენტის სტატუსიც დატოვებაც მოუწია.

რეალურად, გერგიევის პასიურობა შექმნილ სიტუაციაში მისი და პუტინის რეჟიმის ურთიერთობას უკავშირდება. 2008 წლის ომიდან მალევე დირიჟორი კონცერტის გასამართად ცხინვალში ჩავიდა. 2016 წელს მან აგრეთვე კონცერტი ჩაატარა სირიაში.

აღსანიშნავია, რომ სწორედ ამ მიზეზების გათვალისწინებით, ცნობილმა ქართველმა პიანისტმა, ხატია ბუნიათიშვილმა, გერგიევთან ერთად კონცერტზე გამოსვლაზე უარი თქვა.

იმისთვის, რომ არ გამოგრჩეთ უკრაინაში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებული სიახლეები, შემოგვიერთდით ჯგუფში — რა ხდება უკრაინაში