უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ NATO გააკრიტიკა უკრაინის ცის ჩაკეტვაზე უარის თქმის გამო და განაცხადა, რომ მსხვერპლი, რომელიც უკრაინაში იქნება, მათი პასუხისმგებლობაცაა. მისი თქმით, ნატოს დღევანდელი სამიტი სუსტი იყო და გამოჩნდა, რომ ევროპის თავისუფლებისთვის ბრძოლა ყველას ნომერ პირველი მიზანი არ არის.

"ნატოს ყველა სადაზვერვო სააგენტომ კარგად იცის მტრის გეგმები. მათ ასევე დაადასტურეს, რომ რუსეთს სურს განაგრძოს შეტევა შეძლებისდაგვარად. ცხრა დღეა მძიმე ბრძოლები გვაქვს — ანგრევენ ჩვენს ქალაქებს, ესვრიან ჩვენს ხალხს, ჩვენს შვილებს, საცხოვრებელ ადგილებს, ეკლესიებს, სკოლებს, ანგრევენ ყველაფერს, რაც უზრუნველყოფს ნორმალურ ცხოვრებას, ადამიანურ ცხოვრებას და უნდათ ასე გააგრძელონ. იმის ცოდნით, რომ ახალი დარტყმები და მსხვერპლი გარდაუვალია, ნატომ მიიღო გაცნობიერებული გადაწყვეტილება, არ დაეხურა ცა უკრაინის თავზე", — განაცხადა მან.

ზელენსკის თქმით, მიიჩნევენ, რომ ნატოს ქვეყნებმა თავად შექმნეს ნარატივი, რომ უკრაინის ცის დახურვა გამოიწვევს რუსეთის პირდაპირ აგრესიას ნატოს წინააღმდეგ და ეს არის "სუსტი, შინაგანად არათავდაჯერებული ადამიანების თვითჰიპნოზი".

"თუმცა მათ შეუძლიათ ფლობდნენ ჩვენზე მრავალჯერ ძლიერი იარაღს. თქვენ უნდა გეფიქრათ ადამიანებზე, ადამიანობაზე. რაზე ფიქრობდი იმ შეხვედრაზე? ყველა ადამიანი, ვინც დაიღუპება ამ დღიდან, ასევე დაიღუპება თქვენ გამო, თქვენი სისუსტის გამო, თქვენი განხეთქილების გამო", — განაცხადა მან.

მანვე აღნიშნა, რომ ნატოს დახმარება 50 ტონა საწვავი არაფრისმომცემია იმის გარდა, რომ ბუდაპეშტის მემორანდუმი დაიწვას.

"ყველაფერი, რაც დღეს ალიანსმა შეეძლო გაეკეთებინა, იყო შესყიდვების სისტემის გავლით 50 ტონა დიზელის საწვავის მიწოდება უკრაინისთვის. ალბათ, რომ დავწვათ ბუდაპეშტის მემორანდუმი. უკეთ რომ დაიწვას. მაგრამ ჩვენთვის ის უკვე დაიწვა რუსული ჯარების ცეცხლში. განა ასეთი ნატო გვინდოდა? ნუთუ ასეთ ალიანსს აშენებდით?" — ციტირებს პრეზიდენტს Unian.

ზელენსკიმ აღნიშნა, რომ არ იცის ვისი დაცვა შეუძლია ალიანსს და მის წევრებს მაინც თუ დაიცავს. მისივე თქმით, უკრაინელების ლიტრობით სისხლს, ლიტრობით საწვავით ვერ გამოისყიდიან.

"მაგრამ, მე ასევე მადლიერი ვარ ჩვენი ქვეყნის მეგობრების ნატოში. იქ ბევრი ქვეყანაა ჩვენი მეგობარი, პარტნიორი, უმეტესობა ძლიერი პარტნიორი. მადლიერი ვართ მათი, ვინც ეხმარება ჩვენს ქვეყანას ყველაფრის მიუხედავად", — განაცხადა მან.

უკრაინა ცის ჩაკეტვას ითხოვს. 3 მარტს უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ NATO-ს ამისკენ კიდევ ერთხელ მოუწოდა. მან პარტნიორებს ჰკითხა: "თუ არ შეგიძლიათ ცის დახურვა ახლა, მაშინ გვითხარით დრო როდის, თუ არ შეგიძლიათ ეს ახლა გააკეთოთ, გვითხარით, რა რაოდენობის ადამიანი უნდა აფეთქდეს?"

NATO-ს გენერალური მდივნის, იენს სტოლტენბერგის განცხადებით, ალიანსის მოკავშირეები თანხმდებიან, რომ NATO-ს თვითმფრინავები და ჯარები უკრაინაში არ უნდა შეიყვანონ. სტოლტენბერგის თქმით, მათ აქვთ პასუხისმგებლობა, რომ არ დაუშვან ომის უკრაინის მიღმა ესკალაცია, რაც უფრო სახიფათო და დამანგრეველი იქნება.

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა განაცხადა, რომ დადგება მომენტი, როდესაც მზად იქნებიან მიაწოდონ იარაღი. კულებამ აღნიშნა, რომ აქვს ერთადერთი სურვილი, არ იყოს ეს ძალიან გვიანი.

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, ენტონი ბლინკენის განმარტებით, უკრაინის ცის დახურვის ერთადერთი გზა NATO-ს მიერ რუსული თვითმფრინავების ჩამოგდებაა, რამაც, შესაძლოა, ევროპაში სრულმასშტაბიანი ომი გამოიწვიოს. მისი თქმით, პრეზიდენტმა ბაიდენმა ნათლად თქვა, რომ არ აპირებენ რუსეთთან ომში ჩაბმას.