Samsung-მა პარასკევს განაცხადა, რომ რუსეთში მისი ყველა პროდუქტის მიწოდებას აჩერებს. "მიმდინარე გეოპოლიტიკური მოვლენების გამო, რუსეთში მიწოდება შეჩერებულია", — ნათქვამია "სამსუნგის" წარმომადგენლის განცხადებაში, სადაც ასევე აღნიშნულია, "ვაგრძელებთ ამ რთული სიტუაციის აქტიურ მონიტორინგს, რათა განვსაზღვროთ ჩვენი შემდეგი ნაბიჯები".

როგორც Bloomberg-ს წყარო უყვება, შეზღუდვა მხოლოდ სმარტფონებს როდი ეხება. Samsung-ის გადაწყვეტილებით ჩერდება სხვადასხვა პროდუქტის მიწოდება, "ჩიპებიდან დაწყებული სამომხმარებლო ელექტრონიკით დასრულებული". ეს ნიშნავს, რომ ეს ნაბიჯი რუსეთს აშორებს მსოფლიოში ელექტრონიკის ერთ-ერთი უმსხვილესი მწარმოებლის პროდუქციის უზარმაზარ ასორტიმენტს. გარდა ამისა, Samsung უკრაინისთვის 6 მილიონი დოლარის დონაციას გასწევს.

Samsung ერთ-ერთი ბოლო კომპანიაა, რომელიც რუსეთში გაყიდვებს წყვეტს. ეს გადაწყვეტილება კი, სხვა ტექ კომპანიების მსგავსად, უკრაინაში რუსეთის შეჭრის საპასუხოდ, ქვეყნებისა თუ კომპანიების მხრიდან დაწესებული შეზღუდვების ნაწილია. აქამდე ბევრს ეჭვი ეპარებოდა, რომ სამხრეთკორეული Samsung ამ გადაწყვეტილებას მიიღებდა. ასე Samsung რუსეთის წინააღმდეგ ისეთი კომპანიების პროტესტს შეუერთდა, როგორიცაა: Apple, Microsoft, Google, Facebook, Reddit, Twitter და სხვა. საბოლოოდ კი, თითქმის არ დარჩა მსოფლიო დონის ტექნოლოგიური კომპანია, რომელიც რუსეთთან თანამშრომლობას არ წყვეტს.