პუტინი ამბობს, რომ უკრაინის ცის დახურვას კონფლიქტში მონაწილეობად განიხილავს. ოკუპანტი ქვეყნის პრეზიდენტის ციტატას სახელმწიფო მედია ტას ავრცელებს.

"ახლა ჩვენ გვესმის, რომ საჭიროა უკრაინის ტერიტორიაზე, არასაფრენი ზონის შექმნა. უკრაინის ტერიტორიიდან ამის გაკეთება შეუძლებელია, შესაძლებელია მხოლოდ მეზობელი ქვეყნებიდან. მაგრამ ნებისმიერ მოძრაობას ამ მიმართულებით ჩვენ განვიხილავთ სამხედრო კონფლიქტში ჩართვად, იმ მხარის ტერიტორიიდან, საიდანაც ჩვენი სამხედრო მოსამსახურეებისთვის საფრთხე შეიქმნება", —ამბობს ის.

ამ თემაზე ისაუბრა საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმაც და განაცხადა რომ უკრაინის პრეზიდენტის განცხადებებით "ცხადია, რომ მას სურს, რუსეთსა და ნატოს შორის კონფლიქტის პროვოცირება". ასე ეხმაურება ის ზელენსკის მწვავე კრიტიკას NATO-ს პოზიციაზე, რომლის მიხედვითაც ალიანსი არ მიიღებს მონაწილეობას უკრაინის ცის დახურვაში.

ოკუპანტი ქვეყნის პრეზიდენტი იმუქრება, რომ თუ უკრაინა იგივე სულისკვეთებით გააგრძელებს, ეს ეჭვქვეშ დააყენებს მის სახელმწიფოებრიობას, რასაც ისევ უკრაინას აბრალებს.

დღევანდელმა ხელმძღვანელობამ უნდა გაითვალისწინოს, რომ თუ კიდევ გააგრძელებს იმის კეთებას რასა აკეთებს, უკვე მეც ვამბობ ამას, ისინი კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენებენ უკრაინის სახელმწიფოებრიობის მომავალს და თუ ეს მოხდება, მთლიანად მათ სინდისზე იქნება

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, ენტონი ბლინკენის განმარტებით, უკრაინის ცის დახურვის ერთადერთი გზა NATO-ს მიერ რუსული თვითმფრინავების ჩამოგდებაა, რამაც, შესაძლოა, ევროპაში სრულმასშტაბიანი ომი გამოიწვიოს. მისი თქმით, პრეზიდენტმა ბაიდენმა ნათლად თქვა, რომ არ აპირებენ რუსეთთან ომში ჩაბმას.

NATO-ს გენერალური მდივნის, იენს სტოლტენბერგის განცხადებით კი, ალიანსის მოკავშირეები თანხმდებიან, რომ NATO-ს თვითმფრინავები და ჯარები უკრაინაში არ უნდა შეიყვანონ. სტოლტენბერგის თქმით, მათ აქვთ პასუხისმგებლობა, რომ არ დაუშვან ომის უკრაინის მიღმა ესკალაცია, რაც უფრო სახიფათო და დამანგრეველი იქნება.

გუშინ, 4 მარტს უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ NATO გააკრიტიკა უკრაინის ცის ჩაკეტვაზე უარის თქმის გამო და განაცხადა, რომ მსხვერპლი, რომელიც უკრაინაში იქნება, მათი პასუხისმგებლობაცაა.

ზელენსკის თქმით, მიიჩნევენ, რომ ნატოს ქვეყნებმა თავად შექმნეს ნარატივი, რომ უკრაინის ცის დახურვა გამოიწვევს რუსეთის პირდაპირ აგრესიას ნატოს წინააღმდეგ და ეს არის "სუსტი, შინაგანად არათავდაჯერებული ადამიანების თვითჰიპნოზი".

დამატებითი ინფორმაცია უკრაინაში მიმდინარე მოვლენებზე განახლებად რეჟიმში შეგიძლიათ ნახოთ აქ:

იმისთვის, რომ არ გამოგრჩეთ უკრაინაში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებული სიახლეები, შემოგვიერთდით ჯგუფში — რა ხდება უკრაინაში