უკრაინის პროკურატურამ რუსი ტელეწამყვანი თინა კანდელაკი დანაშაულში ეჭვმიტანილად ცნო და მის საერთაშორისო ძებნაში გადაცემას აპირებს. ინფორმაციას უკრაინის გენერალური პროკურორი ირინა ვენედიქტოვა ავრცელებს.

"მე, როგორც გენერალური პროკურორი, გაცნობებთ, რომ თქვენი პროცედურული სტატუსი უკრაინაში არის დანაშაულის ჩადენაში ეჭვმიტანილი პირის სტატუსი. უახლოეს დღეებში უკრაინული პროკურატურა დაიწყებს თქვენს საერთაშორისო ძებნის სიაში შეყვანის პროცესს. უკვე დამკვიდრებული ტრადიციის მიხედვით, ერთადერთი, რაც მინდა გთხოვოთ, არის კარგი ადვოკატების პოვნა, არ მიმართოთ იურიდიულ დახმარებისთვის მათ, ვინც მოგთხოვთ ცრუ და მავნე ინფორმაციის გავრცელებას. სიმართლეს არ გეტყვიან. სიმართლე ისაა, რომ როცა ცდილობ სხვა სახელმწიფოების საზღვრის გადაკვეთას, კომპეტენტური ორგანოები დაგაკავებენ უკრაინაში ექსტრადირების მიზნით", — წერს პროკურორი.

როგორც ვენედიქტოვა წერს, კანდელაკი ეჭვმიტანილად მას შემდეგ ცნეს, რაც მისი Telegram შეისწავლეს და აღმოაჩინეს, რომ ის ავრცელებდა განცხადებებს, რომლითა კრემლის პროპაგანდას ავრცელებდა. კანდელაკი საკუთარ Telegram-ზე წერდა, რომ ვოლოდიმირ ზელენსკიმ და სხვა პოლიტიკურმა ლიდერებმა უკრაინა უნდა დატოვონ და პრეზიდენტის ადგილი ვიქტორ იანუკოვიჩმა უნდა დაიკავოს.

გენერალური პროკურორის გამოქვეყნებული დოკუმენტიდან ირკვევა, რომ კანდელაკზე საქმე უკრაინის სისხლის სამართლის კოდექსის 110-ე მუხლის მეორე ნაწილის მიხედვით აღიძრა, რაც ისეთი ქმედებების დაფინანსებას მოიაზრებს, რომლის მიზანიც ქვეყანაში კონსტიტუციური წესრიგის ძალადობრივად შეცვლა, დამხობა, სახელმწიფო ხელისუფლების მიტაცება, უკრაინის ტერიტორიული ან სახელმწიფო საზღვრების შეცვლაა.