ილია მეორემ ქადაგებისას უკრაინაში მიმდინარე ომზე ისაუბრა, თუმცა რუსეთი კვლავ არ ახსენა და თქვა, რომ "ზოგიერთ ქვეყანაში ომია", რაზეც წუხან, თუმცა ცდილობენ, მასში მონაწილეობა არ მიიღონ.

"აი, ომია ზოგიერთ ქვეყანაში, ვწუხვართ, რომ ეს ომი არის. ჩვენ ვლოცულობთ, ვცდილობთ, არ მივიღოთ მონაწილეობა. ჩვენმა ხალხმა შეაგროვა სურსათი, ჩასაცმელი ხალხის დასახმარებლად, მაგრამ ეს ცოტა არის, ჩვენ კიდევ ვეცდებით. ვწუხვართ შექმნილი სიტუაციისთვის, მაგრამ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ შეწყდეს სისხლისღვრა, შეწყდეს ომი, ხალხმა მოიპოვოს მშვიდობიანი ცხოვრება. ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, იმისათვის რომ მშვიდობა სუფევდეს", — თქვა პატრიარქმა.

ილია მეორე ამბობს, რომ იმისთვის, რათა მშვიდობამ დაისადგუროს, ლოცვა, რწმენა და ადამიანთა შორის სათნოებაა საჭირო. მისივე თქმით, დღეს შენდობის დღეა და შენდობა აუცილებელია. პატრიარქი დასძენს, რომ არის შემთხვევები, როდესაც სიკეთეს ბოროტად პასუხობენ, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ მათ "სამაგიერო უნდა გადავუხადოთ".

ილია მეორეს რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ ომზე განცხადება არაერთხელ გაუკეთებია, თუმცა რუსეთი არც ერთხელ უხსენებია.

დამატებითი ინფორმაცია უკრაინაში მიმდინარე მოვლენებზე განახლებად რეჟიმში შეგიძლიათ ნახოთ აქ:

იმისთვის, რომ არ გამოგრჩეთ უკრაინაში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებული სიახლეები, შემოგვიერთდით ჯგუფში — რა ხდება უკრაინაში