რუსული დამოუკიდებელი მედიის, დოჟდის ჟურნალისტი, მიხეილ ფიშმანი საქართველოში არ შემოუშვეს. ჟურნალისტმა ჩვენთან შემოსვლა მას შემდეგ გადაწყვიტა, რაც რუსეთში, ამ მედიის წინააღმდეგ კრემლმა მორიგი შემზღუდავი ნაბიჯები გადადგა და დევნა გააძლიერა — მედიას მუშაობის შეწყვეტა მოუწია.

ფიშმანის თქმით, მისთვის არ აუხსნიათ საქართველოში შემოსვლის მიზეზი, თუმცა უთხრეს, რომ სურვილის შემთხვევაში, გასაჩივრება შეუძლია.

"გუშინ მე ვერ შევძელი საქართველოში მოხვედრა, თუმცაღა, ვაპირებდი რაღაც დროით ჩამოსვლას და უარი მითხრეს საზღვარზე საქართველოში შემოსვლაზე. არ ამიხსნეს მიზეზი, მითხრეს უბრალოდ, რომ თქვენ გეკრძალებათ საქართველოში შემოსვლა და შემიძლია გავასაჩივრო ეს გადაწყვეტილება, თუ სურვილი მექნება, ათი დღის განმავლობაში", — ამბობს ის ფორმულასთან [ტელეკომპანიის თარგმანი].

ჟურნალისტის თქმით, საქართველოში შვილებთან ერთად ჩამოვიდა, ერთ-ერთი მათგანი შემოუშვეს, თუმცა მეორეს უკან დაბრუნება მოუწია, რადგან მცირეწლოვანია.

"გავიგე, რომ სახელმწიფოს არ უნდა საქართველოში ჩემი ხილვა. მე თავს არ ვახვევ და არ მინდა ძალით შევაღწიო იმ ქვეყანაში, რომელსაც არ სურს ჩემი ნახვა, მგონი ეს ნორმალური და გასაგებია", — აცხადებს ჟურნალისტი.

რუსეთის დატოვების მიზეზებზე საუბრისას ფიშმანი აღნიშნავს, რომ ქვეყნიდან წამოსვლა გადაწყვიტა, რადგან მიიჩნევს, რომ იქ საფრთხე ემუქრება და მისი იქ ყოფნა რისკისშემცველია. ჟურნალისტი დასძენს, რომ საქართველოში ბევრი მეგობარი და ნათესავი ჰყავს და სწორედ ამიტომ გადაწყვიტა ჩამოსვლა, თუმცა დიდი ხნით საქართველოში დარჩენას არ გეგმავდა, რადგან აქ ცხოვრებას არ აპირებს.

დოჟდის ქვეყანაში არშემოშვებაზე ინფორმაცია თავდაპირველად რადიო თავისუფლებამ წყაროზე დაყრდნობით გაავრცელა.

რუსეთში მაუწყებლობა დოჟდმა 3 მარტს შეწყვიტა. ამას წინ პირველ მარტს რუსეთის პროკურატურის მიერ კრიტიკული მედიების, დოჟდისა და ეხო მოსკვის ვებგვერდების დაბლოკვა უძღოდა. დეპარტამენტში განაცხადეს, რომ ისინი უკრაინასთან ომში რუსული არმიის ქმედებების შესახებ "ცრუ ინფორმაციებს" ავრცელებენ. უწყებამ მედიების ომზე გამოქვეყნებული მასალები ექსტრემისტულად მოიხსენია.

მოგვიანებით კი რუსეთში მიიღეს კანონი, რომლის მიხედვითაც, დააპატიმრებენ ყველას, ვინც რუს ჯარისკაცებზე "ყალბ" ინფორმაციას გაავრცელებს.

დოჟდი რუსეთში 2010 წლიდან მუშაობს. პუტინის ხელისუფლებისადმი კრიტიკული ტონის გამო, რუსეთმა ის "უცხო ქვეყნის აგენტად" გამოაცხადა. ახლა კი პროკურატურამ ვებგვერდი დაუბლოკა იმის გამო, რომ ომს ომი უწოდა და არა სამხედრო ოპერაცია, როგორც ამას პუტინის პროპაგანდა ფუთავს.