ვლადიმერ პუტინის დავალების შესაბამისად, რუსეთის მინისტრთა კაბინეტმა არამეგობრული ქვეყნების სია შეადგინა, რომელშიც საქართველო არ მოხვდა. სიაში ის ქვეყნები არიან, რომლებიც კრემლის აზრით, ჩადიან "არამეგობრულ ქმედებებს რუსეთის, მისი კომპანიების და მოქალაქეების მიმართ".

კრემლის მედიის, Tass-ის ინფორმაციით, სიაში მოხვდნენ აშშ და კანადა, ევროკავშირის ქვეყნები, დიდი ბრიტანეთი, უკრაინა, მონტენეგრო, შვეიცარია, ალბანეთი, ანდორა, ისლანდია, ლიხტენშტეინი, მონაკო, ნორვეგია, სან-მარინო, ჩრდილოეთ მაკედონია, ასევე იაპონია, სამხრეთ კორეა, ავსტრალია, მიკრონეზია, ახალი ზელანდია, სინგაპური და ტაივანი. კრემლის მედია მიზეზად იმას ასახელებს, რომ "ამ ქვეყნებმა და ტერიტორიებმა დააწესეს ან შეუერთდნენ რუსეთის წინააღმდეგ სანქციებს"

პუტინის ამ განკარგულების თანახმად, რუსეთის მოქალაქეები და კომპანიები, თავად სახელმწიფოც, შეძლებენ, რომ უცხოელ კრედიტორებს სავალუტო ვალდებულებები რუბლში გადაუხადონ.