აშშ-მ რუსული ნავთობის იმპორტი აკრძალა. ამის შესახებ ქვეყნის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა ისაუბრა. აკრძალავა რუსულ ნავთობს, თხევად ბუნებრივ გაზსა და ნახშირს შეეხება. ბაიდენის თქმით, ამ ნაბიჯით ამერიკელი ხალხი კიდევ ერთ ძლიერ დარტყმას მიაყენებს პუტინის მმართველობას.

"დღეს მე ვაცხადებ, რომ შეერთებულმა შტატებმა მიზანში ამოიღო რუსეთის ეკონომიკის მთავარი არტერია [...] ჩვენ არ ვიქნებით პუტინის ომის სუბსიდირების ნაწილი", — თქვა ბაიდენმა.

ინფორმაცია, რომ ბაიდენის ადმინისტრაცია მზად იყო რუსული ნავთობის იმპორტზე ემბარგო ევროპელი მოკავშირეების გარეშე დააწესებინა დღეს, 8 მარტს გავრცელდა. ამის შესახებ გამოცემა Bloomberg წყაროზე დაყრდნობით წერდა და აღნიშნავდა, რომ სანქციებში მონაწილეობას დიდი ბრიტანეთიც მიიღებს.

აღსანიშნავია, რომ აქამდე რუსულ გაზსა და ნავთობზე სანქციები ძირითადად არ ვრცელდებოდა, რაც ევროპის ქვეყნების რუსულ ენერგორესურსებზე დამოკიდებულებით იხსნებოდა.

კვირას აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა გააკეთა განცხადება, სადაც ის ამბობდა, რომ შეერთებული შტატები და ევროპელი მოკავშირეები რუსული ნავთობის იმპორტზე ემბარგოს დაწესებას განიხილავდნენ.

დამატებითი ინფორმაცია უკრაინაში მიმდინარე მოვლენებზე განახლებად რეჟიმში შეგიძლიათ ნახოთ აქ:

იმისთვის, რომ არ გამოგრჩეთ უკრაინაში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებული სიახლეები, შემოგვიერთდით ჯგუფში — რა ხდება უკრაინაში