24 თებერვალს რუსეთი უკრაინაში შეიჭრა და ომი წამოიწყო, რომელიც დღემდე გრძელდება. რა თქმა უნდა, ომი უკრაინაში მცხოვრები ნებისმიერი ადამიანისთვის საკმაოდ რთულია, თუმცა, ალბათ, მათ შორის ყველაზე დაუცველები ბავშვები არიან. განსაკუთრებით რთული კი უკრაინის ბავშვთა სახლებში მყოფი პატარების მდგომარეობაა.

ცოტა ხნის წინ როულინგმა განაცხადა, რომ მისი საქველმოქმედო ორგანიზაცია, სახელად Lumos, უკრაინის ობოლ ბავშვთა დასახმარებლად საკვების, მედიკამენტებისა და ჰიგიენისთვის საჭირო ნივთებისთვის თანხას აგროვებს. გარდა ამისა, ორგანიზაცია სხვადასხვა გზას ეძებს, რათა ბავშვებს უკრაინის დატოვებაში დაეხმაროს.

ცოტა ხნის წინ მწერალმა მზაობა გამოთქვა, საქველმოქმედო ორგანიზაციის მიერ შეგროვებულ თანხას თავად მაქსიმუმ £1 მილიონი დაუმატოს.

"შეგროვებულ თანხას £1 მილიონის ფარგლებში პირადად გავაორმაგებ. დიდი მადლობა მათ, ვინც თანხა უკვე გაიღო. თქვენ Lumos-ს უზრუნველყოფთ შესაძლებლობით, რომ უკრაინაში ყველაზე დაუცველ ბავშვებს აუცილებელი დახმარება გავუწიოთ", — დაწერა როულინგმა ტვიტერზე.

ორგანიზაციის მიერ შეგროვებული თანხის ნაწილი რუსეთ-უკრაინის ომის შედეგად დაზარალებული ბავშვების ფსიქოლოგიურ დახმარებასაც ითვალისწინებს.

Lumos-ის მონაცემებით, უკრაინის ობოლთა თავშესაფარში 1500-ზე მეტი ბავშვია ჩარჩენილი, ხოლო ათასობით პატარას მშობლების გარეშე ცხოვრება ემუქრება. როულინგის ორგანიზაცია უკრაინის მთავრობასთან თანამშრომლობს, რათა ომის შედეგად დაზარალებული ბავშვები დაიცვას.

ამავე თემაზე: