25 თებერვალს, რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრის მეორე დღეს, ჩეჩნეთის ლიდერმა, რამზან კადიროვმა გროზნის ცენტრში, ძალის დემონსტრირების მიზნით, რუსეთის უსაფრთხოების ძალების 10 000-მდე წევრი შეკრიბა.

"შევიკრიბეთ, რათა დავიცვათ ჩვენი სახელმწიფო და ჩვენი ხალხი. ამასთან, შევიკრიბეთ, რათა ვაჩვენოთ, რომ ჩვენი მთავარსარდლის [ვლადიმერ პუტინის] ნებისმიერ გადაწყვეტილებას მხარს დავუჭერთ. ჩვენ არ გაგიცრუებთ იმედებს. ნებისმიერ ბრძანებას შევასრულებთ", — უთხრა სახელმწიფო ტელევიზიას კადიროვმა.

მომდევნო დღეს კადიროვმა Telegram-ზე გამოაცხადა, რომ ჩეჩნეთიდან რუსეთის ეროვნული გვარდიის ნაწილები ომში მონაწილეობას მიიღებდნენ.

"ოფიციალურად ვაცხადებ, რომ ჩეჩენი მებრძოლები, რომლებიც ჩეჩნეთის რესპუბლიკის პირველი პრეზიდენტის, რუსეთის გმირის, ახმად კადიროვის [რამზან კადიროვის მამა] გზაზე მსახურობენ, უკრაინაში ყველაზე ცხელ წერტილებს გაივლიან", — თქვა მან.

კადიროვმა Telegram-ზე გამოქვეყნა ვიდეო, სადაც ჯარისკაცი აფრიალებს ჩეჩნეთის დროშას, რომელზეც ახმად კადიროვის სახეა გამოსახული — სავარაუდოდ, სადღაც უკრაინაში.

ახმედ გისაევისთვის, გადასახლებული ჩეჩენი უფლებადამცველისთვის, ჩეჩენი ჯარისკაცების გამოყენება იმდენად სამხედრო თვალსაზრისით არ ყოფილა მნიშვნელოვანი, რამდენადაც პროპაგანდის იარაღი იყო.

"რუსეთ-ჩეჩნეთის ორ ომში ჩეჩნებმა შეინარჩუნეს მამაცი და სასოწარკვეთილი მებრძოლების რეპუტაცია, რასაც პუტინის პროპაგანდისტები უკრაინელების მორალის გასატეხად იყენებენ, როცა როსგვარდიის ჩეჩენ ჯარისკაცების უკრაინაში ძალით გზავნიან".

გისაევმა მიუთითა, რომ "კადიროვციზე" (ტერმინი, რომელიც რამზან კადიროვის ხელმძღვანელობის ქვეშ მყოფ უშიშროების ძალებს აღწერს) საუბარი უკრაინაში შეცდომაში შემყვანი იყო.

ამის საპირისპიროდ, რუსეთისთვის მებრძოლი ჩეჩენი ჯარისკაცები უკრაინაში იდენტიფიცირებულები არიან, როგორც რუსეთის ეროვნული გვარდიის წევრები, ნახევრადსამხედრო შიდა უსაფრთხოების ძალები, რომლებიც პირდაპირ პრეზიდენტ პუტინს ექვემდებარებიან.

"ამ ე.წ. კადიროვცის, რომელზეცაა მიმართული მთელი ყურადღება, საბრძოლო გამოცდილება არ აქვს — ისინი უბრალოდ მომხიბვლელი და კარგად მოვლილი პოლიციელები არიან, რომლებიც პრადას ჩექმებით დადიან და არავითარ შემთხვევაში არ დათანხმდებიან კიევთან ახლოს ტალახში მათი ჩექმების დაბინძურებას", — თქვა მან.

"ნამდვილი ჩეჩნები უკრაინას იცავენ"

სინამდვილეში, ისინი, ვინც ჩეჩნებს სასტიკი რეპუტაცია შეუნარჩუნეს ჩეჩნეთის პირველ (1994-1996) და მეორე (1999-2009) ომებში, ახლა უკრაინაში იბრძვიან არა რუსეთისთვის, არამედ რუსეთის წინააღმდეგ.

ჩეჩნეთის მოხალისეთა ორი ბატალიონი 2014 წლიდან რუსეთის მხარდაჭერილი სეპარატისტებისა და დონბასში რეგულარული რუსული ძალების წინააღმდეგ იბრძოდა — შეიკ მანსურისა და ჯოხარ დუდაევის ბატალიონები. მათი მებრძოლების დიდმა ნაწილმა დატოვა რუსეთი, მას შემდეგ, რაც ჩეჩნეთის იჩკერიის რესპუბლიკა დაეცა, დე ფაქტო დამოუკიდებელი მთავრობა, რომელიც ორ ომში ჩეჩნეთს აკონტროლებდა.

შეჭრის შემდეგ, ჯგუფებმა არაერთი აუდიო და ვიდეო შეტყობინება, ასევე, სოციალური მედიის პოსტები გავრცელეს, რომლებშიც ისინი უკრაინელების ბრძოლას მხარდაჭერას უცხადებდნენ.

27 თებერვალს ადამ ოსმაიევმა, ჯოხარ დუდაევის ბატალიონის ხელმძღვანელმა პირობა დადო, რომ უკრაინას გამარჯვებაში დაეხმარებოდა.

"მინდა ვუთხრა უკრაინელებს, რომ ნამდვილი ჩეჩნები, დღეს უკრაინას იცავენ. ჩვენ გვიბრძოლია და გავაგრძელებთ ბრძოლას უკრაინისთვის ბოლომდე. გამარჯვება ჩვენთან იქნება, უფლის ნებით. ჩვენ ვიზეიმებთ გამარჯვებას მოსკოვში, ჩეჩნეთში, ყირიმში და სევასტოპოლში. უფლის ნებით", — თქვა ოსმაევმა

28 თებერვალს, კიდევ ერთ მიმართვაში, ოსმაევმა ჩეჩენ მებრძოლებს, რომლებიც რუსეთის ეროვნულ გვარდიაში იბრძვიან, მოუწოდა, რომ მხარე შეიცავლონ.

"იმიტომ, რომ სრულიად ცივილიზებული სამყარო უკრაინას ეხმარება. ამდენად, მათ მოვუწოდებ, რომ უკრაინის მხარეს გადავიდნენ. აქ, სამეთაურო შტაბშიც, გენერლები და ჩეჩენი ეროვნების ხალხი თქვენზე იზრუნებენ. მე ასევე მოვუწოდებ ამ ხალხის ნათესავებსა და მეგობრებს, რომ რაც შეიძლება სწრაფად წაიყვანონ შვილები აქედან.

საერთოდ წარმოუდგენელია, რომ ჩეჩნები, რომლებიც რუსეთის მხრიდან გენოციდს მსვერპლი რამდენჯერმე გახდნენ, დღეს რუსეთის მხარეს იბრძვიან — ეს მიუღებელია ნებისმიერი რელიგიისა თუ კონცეფციისთვის", — თქვა მან.

26 თებერვალს ახმედ ზაკაევმა, რომელიც იჩკერიას მთავრობაში ვიცე-პრემიერი იყო, შემდეგ კი რამდენიმე წელი ემიგრაციაში მყოფ მთავრობას ხელმძღვანელობდა, განაცხადა, რომ ჩეჩნები მთელი ევროპიდან მზად არიან, წავიდნენ და უკრაინისთვის იბრძოლონ.

"იჩკერიის დეოკუპაციის სახელმწიფო კომიტეტის წევრებს არაერთი ევროპული ქვეყნიდან მიმართეს ჩეჩნებმა, რომლებსაც უკრაინელი ხალხის თავისუფლებისთვის საბრძოლველად წასვლა უნდათ", — თქვა მან.

ჩეჩნების ევროპის ასამბლეის სპიკერმა, ასევე, უთხრა OC Media-ს, რომ მათაც მიმართეს ჩეჩნებმა, რომლებსაც უკრაინისთვის ბრძოლა სურთ.

"სამწუხაროდ, ჩვენ სამხედრო საკითხებთან არ გვაქვს საქმე", — თქვა მან და აღნიშნა, რომ უკრაინაში გასაგზავნად ჰუმანიტარული და ფინანსური დახმარებები შეაგროვეს.

ამ საკითხის მცოდნე წყარომ OC Media-ს უთხრა, რომ ასეთი ჩრდილო-კავკასიელი მოხალისეები მხოლოდ ჩეჩნებით არ შემოიფარგლებიან.

"რუსეთის მიერ დატყვევებული კავკასიის ყველა ქვეყანა ახლა იქ იბრძვის — იქნება ეს ჩეჩნები, ინგუშები, დაღესტნლები, ოსები", — განაცხადა წყარომ.

"მათი სამშობლო ოკუპირებულია, მაგრამ მათ იარაღი არ დაუყრიათ და აგრძელებენ წინააღმდეგობას".

შეიხ მანსურის ბატალიონის წევრს უჭირავს ბრიტანული წარმოების NLAW ტანკსაწინააღმდეგო იარაღი, რომელიც უკრაინას შეჭრის წინააღმდეგ საბრძოლველად ათასობით მიაწოდეს.

ახმედ გისაევი, რომელიც იჩკერიაში შინაგან საქმეთა სამინისტროში თანამდებობის პირი იყო, ამბობს, რომ ჩეჩნების მოტივაცია ნათელია.

"ჩვენი თავისუფლება რუსეთის ფედერაციისა და რუსეთის კრიმინალი ხელმძღვანელობის მიერაა დარღვეული. ისინი იბრძვიან, ჩეჩნები აგრძელებენ ომს მათი რუსული ოკუპაციის წინააღმდეგ და ჩვენ მხოლოდ ერთი მტერი გვყავს — ეს არის რუსეთი. ჩეჩნეთში, უკრაინაში — მტერი არის რუსეთი", — თქვა გისაევმა.

"დიდი განსხვავება ჩეჩნეთსა თუ უკრაინაში [ბრძოლებში] არ არის".

"ყველაფერი, რასაც უკრაინაში ვხედავთ, ჩვენთვის დეჟა ვუა"

ომების შემდეგ ჩეჩნეთში არსებული ავტორიტარული მმართველობის გამო, რომელიც რუსეთის სხვა რეგიონებზე მეტადაც კი იგრძნობა, საზოგადოებრივი აზრის გაზომვა თითქმის შეუძლებელია.

თუმცა ომში ჩეჩნების ბრძოლაზე ონლაინ გამოხმაურებები თითქმის ერთსულოვანი იყო.

ტელეგრამის არხები, სოციალური მედიის ჯგუფები, სახელმწიფოს მიერ მართული Grozny TV-ის მიერ გამოქვეყნებულ სტატიებისა და ვიდეოების კომენტარებიც კი სავსეა შეტყობინებებით, სადაც უკრაინაში მებრძოლი ჩეჩნების მიმართ სიამაყეა გამოხატული.

რამზან კადიროვის შვილი, აიშატ კადიროვიც კი ომის წინააღმდეგ გამოვიდა.

"მეგობრებო, არავინაა ამ ომით ბედნიერი. მოდით, ამ რთულ დროს ადამიანური სახე შევინარჩუნოთ", — დაწერა მან საკუთარ Instagram-ზე.

ფართოდ გააკრიტიკეს რუსეთის მხარეს მებრძოლი ჩეჩნებიც.

საზოგადოებრივი აზრი იმდენად ძლიერი იყო, რომ რუსული ეროვნული გვარდიის ჩეჩენი წევრების დედებმა შეტყობინებებიც გაავრცელეს, რომლებშიც ისინი მათი შვილების ქმედებებს გამართლებას ცდილობდნენ და ამბობდნენ, რომ ოჯახების გამოსაკვებად ომში ჩართვის გარდა, სხვა გზა არ ჰქონდათ.

ონლაინ შეტყობინებებში, მათ შორის, უკრაინისთვის მებრძოლი ჩეჩნების მხრიდან, იგრძნობოდა ბრაზი, რომ ისინი რუსეთის ქმედებებთან ასოცირდებიან.

"ჩვენ [ჩეჩნები] ამაში ჩართულები არ ვართ. ამასთან ასოცირებულები არ უნდა ვიყოთ", — თქვა ჩეჩნების ევროპის ასამბლეის სპიკერმა.

ჩეჩნების ევროპის ასამბლეის წევრები 5 მარტს პარიზში რუსეთის ომის წინააღმდეგ გამოვიდნენ.

"ეს ომი ეწინააღმდეგება ყველა ჩვენს მორალურ პრინციპს, ჩვენი ისლამის რელიგიას, ჩვენს წეს-ჩვეულებებსა და უკრაინასთან ჩვენს მეგობრულ ურთიერთობებს, რომელიც ათწლეულების განმავლობაში კარგი იყო".

"საბჭოთა კავშირშიც და მას შემდეგ, ჩვენ გვქონდა სოლიდარობა იმ ხალხებს შორის, რომლებიც ამ ტყვეობაში, ამ იმპერიაში ცხოვრობდნენ. ყველა ჩვენგანმა გამოიარა გენოციდი, შიმშილობა და გადასახლებები".

"ყველაფერი, რასაც უკრაინაში ვხედავთ, ჩვენთვის დეჟა ვუა. ჩვენ ორჯერ გამოვიარეთ ჯარების შეყვანა და დაბომბვა", — თქვა მან.

ომში კადიროვის მხარდაჭერაზე საპასუხოდ, ახმედ გისაევმა აღნიშნა, რომ კადიროვი "არ არის ჩეჩენი ხალხის არჩევანი".

ახმედ გისაევი

ფოტო: OC Media.

"ის არის ჩეჩნეთში რუსული ოკუპაციის პროდუქტი და 150 000 ჯარისკაცის საფარქვეშ ჩანერგილი ოკუპაციის ინსტრუმენტი. ჩეჩნეთის ხალხს არჩევანი არ ჰქონდა", — თქვა მან.

2 მარტს სოციალურ ქსელში შეიხ მანსურის ბატალიონის ჩეჩენი მებრძოლის მიმართვა ფართოდ გავრცელდა.

"ღმერთის სახელს გეფიცებით, რომ, ჩეჩნეთის მოსახლეობის, სულ მცირე, 90% მთელი მათი გულითა და სულით მხარს უჭერს უკრაინელ ხალხს, რომლებსაც ის გენოციდი ემუქრებათ, რაც ჩვენს ხალხს", — თქვა მან.

"როგორც ყველას მსოფლიოში, მეც მსმენია, რომ ჩეჩნეთი, რუსეთთან და ბელარუსთან ერთად, თავს დაესხა უკრაინას და მის ოკუპაციას ცდილობს", — თქვა მან.

"უპირველეს ყოვლისა, დედამიწაზე ყველას მინდა ვკითხო: კაცობრიობის ისტორიაში რომელმა ხალხმა დაკარგა მათი მოსახლეობის ნახევარი თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისთვის ბრძოლაში? მე ვუპასუხებ ამას თქვენთვის — ეს არის ჩემი ხალხი, ჩეჩენი ხალხი".

მასალა ქვეყნდება OC Media-სთან პარტნიორობის ფარგლებში, რომლის შედეგად, გამოცემის სტატიები ამიერიდან ოთხ ენაზე გავრცელდება. საქართველოში OC Media-ს პარტნიორი On.ge-ა. სტატია ინგლისურად შეგიძლიათ წაიკითხოთ აქ.