რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა სამთავრობო თათბირი გამართა, სადაც უმძიმესი ეკონომიკური სანქციებისა და რეკორდულად გაუფასურებული რუბლის ფონზე ამტკიცებდა, რომ "მშვიდ რეჟიმში მუშაობით ფედერაცია ყველა პრობლემას გადაჭრის".

აგრესორი ქვეყნის პრეზიდენტის თქმით, ეტაპობრივად ხალხი მიხვდება, რომ არ არსებობს ისეთი მოვლენა, რომელსაც ისეთი ვერ მოაგვარებენ.

"გასაგებია, რომ ასეთ მომენტებში, რა თქმა უნდა, იზრდება ხალხის მოთხოვნა კონკრეტული ჯგუფების პროდუქციაზე. ჩვენ არ გვაქვს ეჭვი, რომ მშვიდ რეჟიმში მუშაობით, ყველა პრობლემას გადავჭრით. [...] ჩვენ თვითონ არ ვაპირებთ ვინმესგან დახურვას. მზად ვართ ვიმუშაოთ ყველა ჩვენს პარტნიორთან, უცხოელ პარტნიორებთან, რომლებსაც ეს სურთ. […]

ამ კუთხით, ჩვენი უცხოელი ინვესტორებისა და კოლეგების უფლებები, რომლებიც რჩებიან და მუშაობენ რუსეთში, საიმედოდ უნდა იყოს დაცული. ვთხოვ მთავრობას, არ გამოეპაროს ეს მხედველობიდან", — თქვა მან თათბირზე.

გაზრდილი მიგრაციის პარალელურად პუტინი ამტკიცებს, რომ ყოველდღიური კონტაქტი აქვთ იმასთან დაკავშირებით, რომ მინიმუმამდე შეამცირონ სანქციების გავლენა რუსეთის ეკონომიკასა და მოქალაქეებზე.

"დღეს ჩვენ ვისაუბრებთ ზომების ერთობლიობაზე, რათა მინიმუმამდე შევამციროთ სანქციების გავლენა რუსეთის ეკონომიკისა და ჩვენი ქვეყნის მოქალაქეებზე. ამ საკითხებზე ჩვენ თითქმის ყოველდღიურად გვაქვს კონტაქტი, აი, ახლახანს განვიხილეთ რამდენიმე საკითხი პრემიერ-მინისტრთან", — აცხადებს ის.

მაშინ, როცა მსოფლიოს არაერთმა ქვეყანამ უარი თქვა რუსეთიდან მიღებულ პროდუქციაზე, მათ შორის, ნავთობსა და გაზზეც, პუტინი მაინც ამტკიცებს, რომ უცხოელი პარტნიორები დაინტერესებულნი არიან რუსეთიდან სოფლის მეურნეობის პროდუქციის მიწოდებით და რუსეთის გარეშე გაუჭირდებათ.

"ჩვენ ვინარჩუნებთ კარგ საექსპორტო პოტენციალს. ჩვენ ვიცნობთ პარტნიორებს, ისინი დაინტერესებულნი არიან კონტაქტების შენარჩუნებით. მათთვის რთული, მართლა რთული იქნება ამ ამოცანების გადაჭრა, მათ შორის, მოქალაქეების პროდუქტებით უზრუნველყოფა ჩვენი უშუალო მონაწილეობის გარეშე", — აცხადებს რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტი.

იმ ქვეყნის პრეზიდენტი, სადაც ეროვნული ვალუტა რეკორდულად არის გაუფასურებული, სხვა ქვეყნების ინფლაციაზე ალაპარაკდა და თქვა ისიც, რომ იმ შემთხვევაში, თუ რუსული პროდუქციის მიწოდებაში ჩაერევიან, მათ პრობლემები შეექმნებათ. მისი თქმით, ეს უარყოფითად აისახება გლობალურ ეკონომიკაზე, მათ შორის მაკროეკონომიკურ მაჩვენებლებზეც, რადგან ინფლაცია ამ შემთხვევაში გარდაუვალია. ის, ასევე დაიმუქრა, რომ თუ სასუქების მიწოდებაში პრობლემებს შეუქმნიან, ფასებს, რომელიც ისედაც ზღვარზეა, კიდევ უფრო გაზრდიან.

"რაც შეეხება სასუქებს, რა თქმა უნდა, თუ ასე გაგრძელდება, ეს სერიოზულ შედეგებს მოიტანს მსოფლიო ბაზრის ამ სეგმენტზე და ზოგადად საკვებზე", — ამბობს პუტინი.

გარდა შიდა ეკონომიკური საკითხებისა, აგრესორი ქვეყნის პრეზიდენტმა საგარეო ფაქტორებზეც ისაუბრა, ის ამტკიცებდა, რომ "რუსეთს სანქციები უმიზეზოდ დაუწესეს".

"მე ეჭვი არ მეპარება, რომ ეს სანქციები მაინც დაწესდებოდა იქნებოდა ამა თუ იმ გზით, როგორც აწესებდნენ ბოლო მრავალი, მრავალი წლის განმავლობაში", — თქვა მან.

მისი პათოსი გეოპოლიტიკურ ვითარებასთან დაკავშირებით გაგრძელდა რუსეთის მანიპულაციის მთავარ იარაღზე, ნავთობზე საუბრით. პუტინმა თქვა, რომ დასავლეთი ცდილობს რუსეთის ქმედებებს დააბრალოს ნავთობზე ფასების ზრდა, მაგრამ ეს მათი გადაწყვეტილებების შედეგია, კერძოდ, იმის, რომ რუსეთიდან ექსპორტი აკრძალეს. ამავდროულად, ოკუპანტი ქვეყნის პრეზიდენტი უგულებელყოფს იმ ფაქტს, რომ ეს სანქცია უკრაინაში ომის გამო დაუწესეს.

"ფასები იქ იზრდება, მაგრამ არა ჩვენ გამო. ეს მათივე არასწორი გათვლების შედეგია. ჩვენთვის არაფერია დასაბრალებელი. […]

იგივე ეხება შეერთებულ შტატებში ნავთობისა და ნავთობპროდუქტების გაძვირებას, მათ განაცხადეს, რომ ხურავდნენ რუსული ნავთობის იმპორტს ამერიკულ ბაზარზე, იქ ფასები მაღალია, ინფლაცია უპრეცედენტოდ მაღალია, ალბათ ისტორიულ მაქსიმუმს მიაღწია. ისინი ცდილობენ, საკუთარი შეცდომების შედეგები ჩვენ დაგვიბრალონ", — ამტკიცებს ის.

სანქციებით შექმნილი პრობლემების გადაჭრის სირთულის აღიარების ნაცვლად პუტინმა თქვა, რომ რუსეთის ეკონომიკა ადაპტირდება ვითარებასთან, რაც გამოიწვევს ქვეყნის "დამოუკიდებლობისა და სუვერენიტეტის გაზრდას". თუმცაღა პუტინმა აღიარა, რომ რუსეთი ახლა სავალალო მდგომარეობაშია.

"ჩვენ გავაგრძელებთ იმპორტის ჩანაცვლებას ყველა სფეროში და, საბოლოო ჯამში, ეს ყველაფერი გამოიწვევს ჩვენი დამოუკიდებლობის, ავტონომიისა და სუვერენიტეტის გაზრდას. […]

რუსეთს ასეთ სავალალო და დამცირებულ მდგომარეობაში ყოფნა არ შეუძლია. ადრე თუ გვიან ეს ყველაფერი უნდა მომხდარიყო, მოხდა ახლა და დარწმუნებული ვარ, რომ მთავრობის წევრების, ჩვენი წამყვანი კომპანიების წყალობით, გადავლახავთ ყველა ამ სირთულეს", — ამბობს ფედერაციის პრეზიდენტი.

დასასრულს პუტინმა მთავრობას დაავალა, დამატებითი მექანიზმები შეიმუშავონ რეგიონული ბიუჯეტების მდგრადობის უზრუნველსაყოფად. ის ამტკიცებს, რომ რეგიონულ ფინანსებში "ყველაფერი სტაბილურად და მშვიდია".

ამავდროულად 9 მარტს Fitch-მა რუსეთის სუვერენული რეიტინგი B-დან C-დონემდე შეამცირა და განაცხადა, რომ რუსეთის დეფოლტი გარდაუვალია. სარეიტინგო სააგენტო ამბობს, რომ რუსეთის მიმართ დაწესებული სანქციები ქვეყნის ვალის მომსახურების შესაძლებლობას ძირს უთხრის.

ამას გარდა, რუსი ოლიგარქების ქონება მცირდება. დასავლური სამყაროს სანქციებით შეწუხებული რიგითი რუსები კი "თბილ ქვეყნებში" გადაბარგებას განიხილავენ.

გაიგე მეტი: