ოკუპანტი ქვეყნის პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინი უკრაინაში "მოხალისეებსაც" აგზავნის. საუბარია მებრძოლებზე ახლო აღმოსავლეთიდან, რომელთა "სურვილზეც" თავდაცვის მინისტრმა, სერგეი შოიგუმ ისაუბრა. მისი მტკიცებით, 16 ათასზე მეტ ადამიანს სურს დე ფაქტო ლუგანსკისა და დონეცკისთვის ბრძოლა.

კრემლის პროპაგანდისტული მედიის, RIA-ს მასალიდან ირკვევა, რომ პუტინმა ეს ამბავი ისე შეფუთა, თითქოს, თანახმაა იმ ხალხს მისცეს დონბასის დახმარების უფლება, ვისაც ეს სურს.

"თუ თქვენ ხედავთ, რომ არიან ადამიანები, რომლებსაც სურთ, ნებაყოფლობით, განსაკუთრებით, არა ფულის გამო, ჩავიდნენ და დახმარება აღმოუჩინონ დონბასის მაცხოვრებლებს, საჭიროა მათ ხელი შევუწყოთ და დავეხმაროთ საომარი მოქმედებების ზონაში გადასვლაში", — განაცხადა მან უშიშროების საბჭოს წევრებთან შეხვედრისას.

აღსანიშნავია, რომ მანამდე, 5 მარტს პუტინი ამტკიცებდა, რომ ომში მხოლოდ პროფესიონალი სამხედროები იბრძვიან და წვევამდელები არ არიან. თუმცა რამდენიმე დღეში რუსეთს მოუწია ეღიარებინა, რომ უკრაინაში წვევამდელებიც არიან, რომლებიც ტყვეებად ჩავარდნენ.

დამატებითი ინფორმაცია უკრაინაში მიმდინარე მოვლენებზე განახლებად რეჟიმში შეგიძლიათ ნახოთ აქ:

იმისთვის, რომ არ გამოგრჩეთ უკრაინაში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებული სიახლეები, შემოგვიერთდით ჯგუფში — რა ხდება უკრაინაში