რუსეთმა მარიუპოლში სამშობიარო და ბავშვთა საავადმყოფო დაბომბა, რასაც მსხვერპლიც თან ახლდა. ორსულ ქალებს კი, რომლებიც საავადმყოფოს დაბომბვისას გადარჩნენ, ტერიტორიის დატოვება მოუწიათ.

ორსული ქალებიდან ერთ-ერთი მარიანა იყო, რომელსაც უკრაინელი ჟურნალისტის, ოლგა ტოკარიუკის ცნობით, პატარა გოგო გუშინ საღამოს შეეძინა. “მათ ყველაფერი წესრიგში აქვთ, მაგრამ მარიუპოლში ძალიან ცივა და დაბომბვა გრძელდება“, — განაცხადა ჟურნალისტმა.

ფოტო: Evgeniy Maloletka

ევროკომისიამ რუსეთის მიერ სამშობიაროს დაბომბვას "არაადამიანური, ტრაგიკული და სასტიკი ქმედება უწოდა, რაც, სავარაუდოდ, მომავალში ომის დანაშაულადაც შეიძლება ჩაითვალოს. პრეზიდენტ ზელენსკის განცხადებით კი, სამშობიაროს დაბომბვა უკრაინელთა გენოციდს ნიშნავს.

რუსეთის მთავრობის განცხადებით, კადრები, რომლებიც მარიუპოლის სამშობიაროდან გავრცელდა, ყალბი და დადგმული იყო. სერგეი ლავროვის თქმით, შენობაში უკრაინული "რადიკალების" ჯარი იყო განლაგებული და იქ მშობიარეები არ იმყოფებოდნენ.

ფოტო: Twitter

მარიანა ერთ-ერთმა რუსმა ბლოგერმაც დაადანაშაულა კადრების გაყალბებაში და ტვიტერზე აღნიშნა, რომ ორსული ქალის დაზიანებები, რომლებიც ფოტოებში ჩანს, მაკიაჟის შედეგია. ბლოგერმა ხელოვნური მუცლის დემონსტრირებითაც სცადა მარიანას დადანაშაულება, რათა დაემტკიცებინა, რომ მარიუპოლის თავდასხმა სიმართლეს არ შეესაბამება.