საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა უკრაინის რადას თავმჯდომარეს რუსლან სტეფანჩუკს წერილი გაუგზავნა, სადაც ამბობს, რომ დეზინფორმაციაზე დაფუძნებულმა კამპანიებმა ჩრდილი მიაყენა საქართველოს მხრიდან უკრაინისადმი მტკიცე და უანგარო მხარდაჭერას და სოლიდარობას. პაპუაშვილმა აღნიშნა ისიც, რომ საერთაშორისო არენაზე საქართველო პოლიტიკური და დიპლომატიური ძალისხმევით უკრაინის მხარდაჭერის წინა ხაზზე დგას.

"საერთაშორისო არენაზე საქართველო პოლიტიკური და დიპლომატიური ძალისხმევით უკრაინის მხარდაჭერის წინა ხაზზე დგას. ჩვენ თქვენ გვერდით ვიდექით გაეროს გენერალურ ასამბლეაზე რუსეთის შეჭრის დაგმობით, სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოში — რუსეთის ომის დანაშაულების გამოძიების მოწოდების თანაავტორობით, ევროპის საბჭოში — რუსეთის მონაწილეობის შეჩერების მხარდაჭერით.

ამიტომ გულდაწყვეტილები ვართ, რომ პოლიტიკურმა სპეკულაციებმა და აბსოლუტურ დეზინფორმაციაზე დაფუძნებულმა კამპანიებმა ჩრდილი მიაყენა საქართველოს მხრიდან უკრაინისადმი მტკიცე და უანგარო მხარდაჭერას და სოლიდარობას. ბრალდება საქართველოს მიერ უკრაინის მხარდაჭერის გზიდან გადახვევასთან დაკავშირებით უბრალოდ არ შეესაბამება სიმართლეს", — წერს პაპუაშვილი.

პარლამენტის თავმჯდომარე ასევე საუბრობს უკრაინისა და საქართველოს პარტნიორობისა და საუკუნოვანი მეგობრობის შესახებ. მისი თქმით, იზიარებენ ერთობლივ ხედვას ქვეყნების ევროპულ და ევროატლანტიკურ მომავალთან დაკავშირებით.

"1990-იანი წლების დასაწყისში და შემდგომ — 2008 წელს საქართველომ საკუთარი სისხლის ფასად პირველმა გამოსცადა რუსული სრულმასშტაბიანი სამხედრო აგრესია. ათწლეულებია გრძელდება რუსული ოკუპაცია, რომელსაც ჩემი ქვეყნისა და ადგილობრივი მაცხოვრებლებისთვის ყოველდღიურად ტრაგიკული შედეგები მოაქვს. დღეს კი უკრაინაში ვართ მომსწრე რუსეთის კიდევ ერთი სრულმასშტაბიანი აგრესიის.

საქართველო ყოველთვის გამოხატავდა ერთგულებას ჩვენი მოძმე უკრაინისადმი, განსაკუთრებით, 2014 წელს რუსეთის მიერ თქვენ წინააღმდეგ განხორციელებული აგრესიის შემდეგ. ამ ისტორიულმა უსამართლობამ ჩვენი ქვეყნების ბედი ერთმანეთთან მჭიდროდ დააკავშირა. სწორედ ამიტომ, ჩვენი შესაძლებლობების ფარგლებში, ყველაფერს ვაკეთებთ თქვენი დახმარებისთვის, ომისა და აგრესიის შეჩერებისა და ნატოსა და ევროკავშირისკენ ჩვენი საერთო მომავლის გზაზე დაბრუნებისთვის", — მიმართავს რადას თავმჯდომარეს.

პაპუაშვილი წერს, რომ ამ წერილით ეხმიანება 7 მარტს გავრცელებულ სტეფანჩუკის მიმართვას, სადაც ის ამბობდა, რომ საქართველო მხოლოდ მთავრობა არ არის, ესაა "უშიშარი, თავისუფლებისმოყვარე ხალხი", რომელიც არასდროს მისცემს თავს უფლებას, რომ დუმდეს. სტეფანჩუკი ასე რუსეთის ბაზარზე ქართული რძის პროდუქტების დაშვებას გამოეხმაურა. "ნუთუ რძის მწარმოებელ 15 ქართულ კომპანიაზე მოხსნილი სანქციები ღირს ჩვენს ათასწლოვან მეგობრობად?" — თქვა მან.

დამატებითი ინფორმაცია უკრაინაში მიმდინარე მოვლენებზე განახლებად რეჟიმში შეგიძლიათ ნახოთ აქ:

იმისთვის, რომ არ გამოგრჩეთ უკრაინაში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებული სიახლეები, შემოგვიერთდით ჯგუფში — რა ხდება უკრაინაში