შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატი ოკუპირებულ აფხაზეთში მიმდინარე ე.წ. საპარლამენტო არჩევნებს ეხმაურება, მათი განცხადებით, საქართველოს მთავრობა და საერთაშორისო თანამეგობრობა არ ცნობს შედეგების ლეგიტიმურობას, რომელიც ეწინააღმდეგება საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტურ პრინციპებს.

"საქართველოს ხელისუფლება და საერთაშორისო თანამეგობრობა არ ცნობს აფხაზეთის რეგიონში დღეს მიმდინარე ე.წ. საპარლამენტო არჩევნების და მისი შედეგების ლეგიტიმურობას, რომელიც ეწინააღმდეგება საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტურ პრინციპებს. მიმდინარე ოკუპაციისა და ფაქტობრივი ანექსიისკენ მიმართული ნაბიჯების, ასევე, ადგილობრივი მკვიდრი მოსახლეობის უმრავლესობის დევნილობაში ყოფნის პირობებში, ის ვერ გამოხატავს ხალხის ნებას და, შესაბამისად, მოკლებულია სამართლებრივ საფუძველს", — ნათქვამია განცხადებაში.

საგარეო საქმეთა სამინისტროს შეფასებით, ე.წ. საპარლამენტო არჩევნების ჩატარება საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის წინააღმდეგ მიმართული უკანონო ქმედებაა. მათი განცხადებით, ამ პროცესს ვერანაირი სამართლებრივი შედეგი ვერ ექნება.

დღეს, 12 მარტს ოკუპირებულ აფხაზეთში მარიონეტული რეჟიმი ე.წ. საპარლამენტო არჩევნებს ატარებს.