საქართველოში აშშ-ის საელჩოს განცხადებით, ამერიკის შეერთებული შტატები ოკუპირებულ აფხაზეთში 12 მარტს გამართულ ე.წ. საპარლამენტო არჩევნების ლეგიტიმურობას არ ცნობს და არც მის შედეგებს არ აღიარებს.

"აფხაზეთთან და სამხრეთ ოსეთთან მიმართებაში ჩვენი პოზიცია უცვლელად მკაფიოა: ეს რეგიონები საქართველოს განუყოფელი ნაწილია. შესაბამისად, ჩვენ ვადასტურებთ ჩვენს ძლიერ მხარდაჭერას საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში", — აღნიშნულია საელჩოს განცხადებაში.

მათი თქმით, ამ ფუნდამენტური პრინციპების დაცვა ახლა ისე მნიშვნელოვანია, როგორც არასდროს, განსაკუთრებით, იმ ფონზე, როცა რუსეთმა აირჩია აწარმოოს არაპროვოცირებული, გაუმართლებელი და სასტიკი ომი უკრაინაში.

"შესაბამისად, მოვუწოდებთ რუსეთს, შეწყვიტოს ომი უკრაინაში, ხოლო საქართველოში, შეასრულოს 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებით ნაკისრი ყველა ვალდებულება, მათ შორის, გაიყვანოს თავისი ძალები კონფლიქტამდელ პოზიციებზე, უკან წაიღოს საქართველოს რეგიონების, აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის, დამოუკიდებელ სახელმწიფოებად აღიარება და უზრუნველყოს ამ რეგიონებში ჰუმანიტარული დახმარების თავისუფალი ხელმისაწვდომობა", — ამბობენ საელჩოში.

დღეს, 12 მარტს ოკუპირებულ აფხაზეთში მარიონეტული რეჟიმი ე.წ. საპარლამენტო არჩევნებს ატარებს. ამას გამოეხმაურა შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატი და აღნიშნა, რომ ე.წ. საპარლამენტო არჩევნებს საქართველოს მთავრობა და საერთაშორისო თანამეგობრობა მას არ ცნობს.