პარლამენტში მოხსენებისას პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა დეპუტატები გააკრიტიკა და უთხრა, რომ არ ესმის ამ ეტაპზე როგორ კარგავენ დროს ქიშპობაზე, კინკლაობასა და დაპირისპირებაზე. მანვე აღნიშნა, რომ ახლა საზოგადოება მათზე ბევრად ფხიზელი და შეგნებულია.

"ასეთ გადამწყვეტ ეტაპზე არ მესმის, და ვერ შევეგუები იმას, რომ დღეს, ამ გზაგასაყარზე კინკლაობის, ქიშპობის, მტრობის, დამღუპველი დაპირისპირებისა და პოლარიზაციის დასრულების მაგივრად, თქვენ აქ შეკრებილნი ივიწყებთ იმას, რაც ასახულია ჩვენს გერბზე: "ძალა ერთობაშია"!

საზოგადოება კი თქვენზე ბევრად ფხიზელია, შეგნებული, მამაცი და რაც მთავარია, ერთიანი. დღეს ვხედავ, რომ ეროვნული თანხმობის ნიშნებმა ხალხში უკვე გაიღვიძა, თუმცა თქვენში ამას ჯერ ვერ ვხედავ. ნუთუ არ გესმით, თუ რა პასუხისმგებლობა გაკისრიათ ყველას ერთად თქვენი ხალხის წინაშე", — განაცხადა პრეზიდენტმა.

გარდა ამისა პრეზიდენტმა განაცხადა, რომ უნდა გვესმოდეს რა ხდება, გავიაზროთ და მოვემზადოთ ყველა შესაძლო შემთხვევისთვის და არა პასიურად ვისხდეთ და ველოდოთ მომავალი რას დაგვახვედრებს. მისივე თქმით, ეს არის პარლამენტში ამ მომენტში მყოფი ყველა პირის ვალდებულება.

"დღეს ყველასთვის გარდამტეხი მომენტია და მათ შორის, საქართველოსთვის, რამეთუ დღეს ვდგავართ დიდი გამოწვევების წინაშე, რომლებიც შესაძლოა, ხვალ კიდევ უფრო მწვავე გახდეს. თუმცა ამავდროულად, როგორც სჩვევია ისტორიას, გამოწვევებთან ერთად, კრიზისებს და ომებს ახალი შესაძლებლობები მოაქვთ. ახალი გზები იხსნება. ამ ახალ გზაზე, საქართველომ თავისი ადგილი სწორედ ახლა უნდა დაიმკვიდროს. უნდა გვესმოდეს რა ხდება, გავიაზროთ და მოვემზადოთ ყველა შესაძლო შემთხვევისთვის და არა პასიურად ვისხდეთ და ველოდოთ მომავალი რას დაგვახვედრებს. ეს არის ჩვენი, ყველა აქ მჯდომის ვალდებულება ქვეყნის წინაშე! დრო აღარ ითმენს! თუ ახალ მოვლენებს, საფრთხეებსა და ახალ შესაძლებლობლებს მზადყოფნაში არ დავხვდებით - ეს დრო აღარ დაბრუნდება!" — განაცხადა მან.

პრეზიდენტმა თქვა ისიც, რომ დღეს ორივე მხარე, "პოზიციაც და ოპოზიციაც სცოდავს და სცოდავს ქვეყნის წინაშე!" და მათი კრიტიკა ასე გააგრძელა:

"უმრავლესობა, თანხმობის ძიების მაგივრად, ყველას, ვინც არ ეთანხმება, ხან მოღალატედ და ხან ომის პარტიად ნათლავს. ოპოზიცია, თანხმობის ძიების მაგივრად, ხელისუფლების ნებისმიერ განცხადებას, თუ გადაწყვეტილებას უაპელაციოდ პრორუსულად აცხადებს. ორივე მიდგომა, გარდა იმისა, რომ სრულიად მიუღებელია და საბჭოთა წარსულის მეთოდებს გვაგონებს, ქვეყნისთვის, როგორც შიგნით ასევე გარეთ, დამაზიანებელია, და გარკვეულწილად საფრთხის შემცველი. ქვეყნის შიგნით იწვევს დაყოფას, გვასუსტებს, ძალას გვაცლის, აბნევს და აფრთხობს საზოგადოებას. ქვეყნის გარეთ კი, გაუგებარს ხდის ჩვენი სახელმწიფოს მისწრაფებების მდგრადობასა და მიზანმიმართულობას".