პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, 2022 წლის 26 თებერვალს წერილობითი უარი მიიღო ევროპაში სამუშაო ვიზიტების გამართვაზე, რის შემდეგაც საჭიროდ მიიჩნია პირადი კონტაქტების გამოყენება და სამუშაო ვიზიტების პირად შეხვედრებად გადაქცევა. მისი თქმით, ასეთი შეზღუდვები ქვეყნისთვის დამაზიანებელია.

"ამ დროს გაუგებარია, როცა საჭიროება ყველაზე დიდია და დრო არ ითმენს, პრეზიდენტის საერთაშორისო საქმიანობის მიმართ დაწესებული შეზღუდვები. 2022 წლის 26 თებერვალს წერილობით მეთქვა უარი პარიზში, ბრიუსელში, ბერლინსა და ვარშავაში სამუშაო ვიზიტების გამართვაზე. არსებული ვითარების გათვალისწინებით გავაუქმე ყველა ოფიციალური ფორმატი. ასეთ დროს საჭიროდ მივიჩნიე ჩემი პირადი კონტაქტების გამოყენება და სამუშაო ვიზიტების პირად შეხვედრებად გადაქცევა.

მიმაჩნია, რომ ეს მიდგომა და ასეთი შეზღუდვები, ჩვენი ქვეყნისთვის, რომელიც ესოდენ რთულ რეგიონში იმყოფება, დამაზიანებელია. შეზღუდვების დრო კი არა, პირიქით, ვისაც რა შეგვიძლია, საერთაშორისო დონეზე, მაქსიმალურად უნდა ვიყოთ ჩართულნი, მოსვენებას არ უნდა ვაძლევდეთ ჩვენს პარტნიორებს! მე კი მგონია, რომ ჩემი ორმოცწლიანი გამოცდილება დიპლომატიისა და სტრატეგიულ საკითხებში, და ამ პერიოდში შეძენილი პირადი კონტაქტები ამ ქვეყნისთვის მაქსიმალურად გამოსაყენებელია, ვიდრე დასაკარგი", — განაცხადა პრეზიდენტმა.

მისი თქმით, ევროპაში ვიზიტმა დაარწმუნა, რომ არსებობს ევროკავშირში გაწევრიანების ახალი, რეალური და ნამდვილი შანსი. პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ მაქსიმალურად ეცადა, პირადი შეხვედრებით, თუ საერთაშორისო მედიაში გამოსვლებით გაემყარებინა საქართველოს კუთვნილი ადგილი ამ პროცესებში.