პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი პარლამენტის სხდომათა დარბაზში საქართველოში უკრაინის საელჩოს წარმომადგენელთან ერთად შევიდა. რის გამოც ქართული ოცნების წევრებმა გააკრიტიკეს და რეგლამენტის მნიშვნელობაზე ისაუბრეს. მამუკა მდინარაძემ სიტყვა ითხოვა და თქვა, რომ გარკვეული უხერხულობა შეიქმნა მისიის წარმომადგენელთან დაკავშირებით და მნიშვნელოვანია პარლამენტის რეგლამენტის და კონსტიტუციის დაცვა.

მდინარაძემ აღნიშნა ისიც, რომ შეიძლება, ვინმემ იფიქროს, რა დროს პროცედურებიაო, მაგრამ განმარტა, რომ არაფერს იტყოდა, ამას "სისტემატური ხასიათი რომ არ ჰქონდეს".

"რადგანაც ტენდენციის სახეა, გარკვეული უხერხულობა შეიქმნა მისიის წარმომადგენელთან დაკავშირებით, რომელთანაც უკაცრავად. მე მინდა, მას ჩვენი მეგობარი ქვეყნის წარმომადგენელს პატივისცემა დავუფიქსირო. გამოვხატო უპირველეს ყოვლისა სოლიდარობა, პატივისცემა, მაგრამ როდესაც ინსტიტუტის პატივისცემას ვერ ვხედავთ ეს არის ძალიან ცუდი.

როდესაც პირველი შემთხვევა იყო ისეთი, რომ გაუფრთხილებლად მოხდა რიგგარეშე სხდომის მოწვევის მცდელობა, როდესაც მეორე შემთხვევა მოხდა, როდესაც უხერხული მდგომარეობა შეიქმნა კონკრეტულ საკითხთან დაკავშირებით რაც ვიხილეთ, მე მგონია, რომ მსგავსი საკითხები, პრეცედენტები აღნიშვნას საჭიროებს რომ არ შეიქმნას რაღაცა ტენდენცია ასეთი ფაქტების და ამიტომ იმ უხერხულობისთვის, რაც ახლა შეიქმნა უკაცრავად მისიის წარმომადგენელთან და კიდევ ერთხელ ვუდასტურებთ მას პატივისცემას", — თქვა მდინარაძემ.

პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი კოლეგას დაეთანხმა და დაამატა, რომ "მნიშვნელოვანია ფორმებისა და წესების დაცვა.

"საქართველოს პარლამენტი მუშაობს საქართველოს კონსტიტუციისა და რეგლამენტის საფუძველზე, რომელიც ადგენს ფორმასა და წესს. რეგლამენტის პატივისცემის ნაწილია ამ წესების პატივისცემა, როგორც ნათქვამია, წესი წესია და ჯერ წესია საქმე და შემდეგ საქმეა საქმე", — თქვა პაპუაშვილმა.

მოგვიანებით, სიტყვით გამოსვლისას მდინარაძემ ისევ ისაუბრა პროცედურების დარღვევაზე და თქვა რომ მნიშვნელოვანია "ინსტიტუტებს პატივი ვცეთ".