"დარწმუნებული ვართ, თაობა Z ის თაობაა, რომელიც სწორად მიიღებს ჩვენს გადაწყვეტილებას, უარი ვთქვათ Z სიმბოლოზე და ახალი სახელი დავარქვათ ჩვენს კომუნას" — წერია 12 მარტს გამოქვეყნებულ სტატუსში, რომელიც TBC for Youth - თიბისი ახალი თაობისთვის ფეიჯს ეკუთვნის. პლატფორმა Gen Z-ისთვისაა განკუთვნილი და მას ცოტა ხნის წინ TBC Z ერქვა. სახელის შეცვლის მიზეზი რუსულ პროპაგანდასთან Z სიმბოლოს კავშირია. თუ ტანკებზე თეთრად წაწერილი Z გინახავთ, ალბათ, იმაზეც გიფიქრიათ, რას ნიშნავს და როგორ იქცა Z პუტინის მომხრეების გამაერთიანებელ სიმბოლოდ.

რას აღნიშნავს Z?

ბავშვები პროპაგანდის იარაღად: სასიკვდილო დაავადებით დაავადებულმა ბავშვებმა და მათმა მომვლელებმა ჰოსპისთან, რუსულ ქალაქში გიგანტური Z დაწერეს

სამხედრო ექსპერტებისა და ანალიტიკოსების თქმით, პირველად Z რუსულ ტანკებზე უკრაინის საზღვართან, 19 თებერვალს დააფიქსირეს. მაშინ დასავლელ ექსპერტებს წარმოდგენა არ ჰქონდათ, რისი აღმნიშვნელი შეიძლება ყოფილიყო სიმბოლო, რომელსაც რუსულ ანბანში ვერ წააწყდებით.

უკრაინაში შეჭრის შემდეგ უფრო და უფრო მეტ ტექნიკას ვხედავდით ზედ მითითებული O, X, A, V და Z სიმბოლოებით. როგორც წესი, ასოები კვადრატულ ან წრიულ ფორმაში იყო ჩასმული. ყველაზე პოპულარული თეორიის თანახმად, ასოები იმ ადგილებს აღნიშნავდა, სადაც რუსი ჯარისკაცები იყვნენ გამწესებული. Z პოტენციურად დასავლეთი, "ზაპადი" უნდა ყოფილიყო.

სახიფათო ტენდენციაა, როცა ომის დროს რომელიმე სიმბოლო ავტორიტარული რეჟიმის მხარდაჭერის ნიშნად იქცევა. თუ ვინმე ამ სიმბოლოს ტარებაზე / ჩვენებაზე უარს იტყვის, ავტომატურად შეიძლება მოღალატედ ჩაითვალოს.

სხვა თეორიების თანახმად, სიმბოლოები იმისთვის იყო დატანილი, რომ თანამებრძოლებისგან გახსნილი ცეცხლის პრევენცია მომხდარიყო, კრემლის მომხრე სამხედრო ექსპერტების თქმით კი, Z ზელენსკის აღნიშნავდა, V კი — პუტინს.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ეს თეორიები არ შეუფასებია, თუმცა საზოგადოებას ინსტაგრამის მეშვეობით ოფიციალური ვერსია გააცნო: Z ნიშნავს Za pobedu (გამარჯვებისთვის), V კი — "სიმართლის ძალას".

ბოლო ორ კვირაში Z სამხედრო მონიშვნიდან უკრაინაში შეჭრის მომხრეების გამაერთიანებელ სიმბოლოდ იქცა. უკრაინაში აგრესიის დაწყებიდან სულ რაღაც სამი დღის შემდეგ კრემლისგან დაფინანსებულმა RT-მ საკუთარი არხებით გამოაცხადა, რომ რუსი ჯარისკაცების მხარდასაჭერად Z-იანი მაისურებისა და ჰუდების გაყიდვას იწყებდა. მას შემდეგ Z სიმბოლომ ფართო საზოგადოებრივი დატვირთვა შეიძინა: მას ნახავთ ფლეშმობებში, პროპაგანდისტულ ვიდეოებში, ქუჩის რეკლამებსა და უზარმაზარ კორპუსებზე.

თანამდებობის პირებმა უკრაინაში შეჭრის მხარდასაჭერად პირობაც კი დადეს, რომ რეგიონების დასახელებებში Z-ს შეიტანდნენ. სერგეი ცივილევმა, კემეროვოს რეგიონის ხელმძღვანელმა გამოაცხადა, რომ რეგიონს სახელი შეეცვლება და KuZbass დაერქმევა.

სიმბოლომ რუსეთის საზღვრებს გარეთაც გააღწია. რამდენიმე დღის წინ პრორუსმა სერბებმა მოსკოვის მხარდასაჭერად ბელგრადში მარშით ჩაიარეს: ისინი რუსულ დროშებს აფრიალებდნენ და Z ასოებიან სიმბოლიკას იყენებდნენ.

როგორი რეაქცია ჰქონდა რუსულ საზოგადოებას Z-ზე?

მოსკოვში სიარულისას დროდადრო წააწყდებით მანქანებს, რომლებსაც Z ახატია, თუმცა ამას მასობრივი სახე არ აქვს.

რუსეთისთვის უცხო არაა აგრესიის მხარდასაჭერი კონკრეტული სიმბოლოების შემოღება. ყირიმის ანექსიისას რუსეთი აქტიურად ეწეოდა ნარინჯისფერ-შავზოლიანი ლენტის პოპულარიზაციას, რომელსაც გეორგიევსკის ლენტის სახელით ვიცნობთ. სიმბოლოს რუსულ საზოგადოებაში ღრმად აქვს ფესვი გადგმული.

თუმცა არსებობენ რუსები, რომლებიც Z-ს გამოყენებას აკრიტიკებენ: ეს ის ადამიანები არიან, რომლებიც ომს ღიად ეწინააღმდეგებიან. პუტინის წინააღმდეგ გამართულ აქციებზე ნახავდით პოსტერებს, რომელთაც Zachem (რისთვის) ეწერათ. Z-ის დასაცინად მიმები და ვიდეოებიც იქმნება. ერთ-ერთ მიმში ჰარი პოტერს ელვის ფორმის ნაიარევის ნაცვლად სწორედ Z ახატია შუბლზე.

ყველაზე სახიფათო ტენდენცია მაინც ისაა, რომ Z იმ ადამიანების დასაშინებლად გამოიყენება, რომლებიც ომს ეწინააღმდეგებიან. პუტინისადმი ოპოზიციურად განწყობილი Pussy Riot-ისა და ორგანიზაცია Memorial-ის წევრების თქმით, მათ Z სიმბოლო სახლის კარზე დაუხატეს.