"შეაჩერეთ ომი, არ დაუჯეროთ პროპაგანდას, თქვენ აქ გატყუებენ" — ასეთი წარწერა იყო ბანერზე, რომელიც რუსეთის სახელმწიფო პირველი არხის პირდაპირ ეთერში, მთავარი საინფორმაციო გამოშვების, ვრემიას მიმდინარეობისას, მარინა ოვსიანიკოვამ შეიტანა. წამყვანმა მომხდარი არ შეიმჩნია და ტექსტის კითხვა გააგრძელა, მარინას კადრი კი მალევე გადაფარეს.

რამდენიმე წუთი არამხოლოდ არხის მაყურებლები, რუსული კრიტიკული მედიაც გაურკვევლობაში იყო. ყველა ცდილობდა გაეგო, ვინ არის ქალი, რომელმაც პროტესტის ეს ფორმა გაბედა.

მალევე რუსული მედიების ტელეგრამ არხებზე გავრცელდა ვიდეო, რომელიც ოვსიანიკოვამ, სავარაუდოდ, ეთერში ბანერის გატანამდე ჩაწერა. ვიდეოში ის ამბობს, რომ ბოლო წლებში პირველ არხზე მუშაობდა და კრემლის პროპაგანდას ეწეოდა, რის გამოც ახლა რცხვენია. ოვსიანიკოვა რუს ხალხს მოუწოდებს გამოვიდნენ მიტინგებზე და გააპროტესტონ რუსეთის "ძმათამკვლელი ომი" უკრაინაში.

გთავაზობთ მის ტექსტს სრულად:

"რაც ახლა ხდება უკრაინაში დანაშაულია. რუსეთი აგრესორი ქვეყანაა და ეს აგრესია მხოლოდ ერთი ადამიანის, ვლადიმერ პუტინის სინდისზეა. მამაჩემი უკრაინელია, დედაჩემი რუსი და ისინი არასდროს ყოფილან მტრები. ეს ყელსაბამი ჩემს კისერზე სიმბოლოა იმის, რომ რუსეთმა სასწრაფოდ უნდა შეწყვიტოს ძმისმკვლელი ომი და ჩვენი მოძმე ერები ისევ შეძლებენ შერიგებას.

სამწუხაროდ, ბოლო წლები ვმუშაობდი პირველ არხზე, ვეწეოდი კრემლის პროპაგანდას და ახლა ძალიან მრცხვენია ამის გამო. მრცხვენია, რომ ვაძლევდი უფლებას ეთქვათ ტყუილი ეკრანიდან, მრცხვენია იმის გამო, რომ ვაძლევდი რუსი ხალხის ზომბირების უფლებას. ჩვენ ვდუმდით 2014-ში, როცა ეს ყველაფერი დაიწყო.

ჩვენ არ გამოვედით მიტინგზე, როცა კრემლმა ნავალნი მოწამლა. ჩვენ, უბრალოდ, უხმოდ ვადევნებდით თვალს ამ არაადამიანურ რეჟიმს და ახლა ჩვენ ზურგი გვაქცია მთელმა მსოფლიომ და ჩვენი შთამომავლების 10 თაობაც ვერ ჩამოირეცხავს ამ ძმისმკვლელი ომის სირცხვილს.

ჩვენ რუსი ადამიანები გონიერები და ჭკვიანები ვართ, მხოლოდ ჩვენ შეგვიძლია ამ სიგიჟის გაჩერება. გამოდით მიტინგებზე, არაფრის არ შეგეშინდეთ, მათ არ შეუძლიათ ჩვენი ყველას დაკავება", — ამბობს ის.

მარინას ვიდეომიმართვის ნახვაც აქვე შეგიძლიათ:

სანამ კრიტიკული მედიები მარინას ვინაობას არკვევდნენ, უსაქმურად არც კრემლის პროპაგანდისტები ყოფილან. კიდევ ერთმა რუსულმა სახლმწიფო მედიამ, Tass-მა პირველი არხის პრესსამსახურზე დაყრდნობით დაწერა, რომ ეთერში გარეშე პირი შევარდა და ამასთან დაკავშირებით არხზე სამსახურებრივი მოკვლევა მიმდინარეობდა.

პარალელურად, მარინა ოვსიანიკოვას პირად ფეისბუქგვერდზე, პროფილის ფოტოზე ათასობით კომენტარი დაიწერა. ხალხი მადლობას უხდიდა მას გამბედაობისა და უკრაინის მხარდაჭერისთვის. აღსანიშნავია ისიც, რომ მარინას ამ ფოტოში სწორედ ის ყელსაბამი უკეთია, რომლის სიმბოლურობაზეც ვიდეომიმართვაში ისაუბრა. გარდა ამისა, რუსული მედიები წერენ, რომ დაკავებულის ქმარი ასევე პროპაგანდისტული არხის, Russia Today-ის თანამშრომელია, რომელმაც მომხდართან დაკავშირებით ჟურნალისტების კითხვებს არ უპასუხა.

როცა სიმართლე გაირკვა, Tass-საც მოუწია ეთქვა, რომ ქალი პირველი არხის თანამშრომელი იყო, არა რიგითი პირი, არამედ რედაქტორი, რომელიც წლების განმავლობაში იქ მუშაობდა. მათვე გვამცნეს, რომ მარინა უკვე დაკავებული იყო.

დაკავებაზე ინფორმაცია გავრცელდა უფრო სანდო წყაროებზეც, მედუზასა და OVD Info-ზე. არსებული ინფორმაციით ოვსიანიკოვა მოსკოვის ერთ-ერთ იზოლატორში გადაიყვანეს.

"სავარაუდოდ, მის წინააღმდეგ შედგა პროტოკოლი ახლა არსებული მოდური მუხლით 20.3.3, რომელიც სამხედრო ცენზურას აწესებს და კრძალავს რუსეთის შეიარაღებული ძალების დისკრედიტაციას", — წერს მედუზა.

ეს კანონი პუტინმა მას შემდეგ დააწესა, როცა მიხვდა, რომ მოსახლეობის ნაწილმა და მედიამ ომს სწორი სახელი — ომი — დაარქვა, ამიტომ ერთი ხელის მოსმით გამოხატვის თავისუფლება აკრძალა. კანონი რუსი სამხედროების ქმედებების შესახებ "ცრუ" ინფორმაციის გავრცელებაზე სასჯელს აწესებს, როგორც ჯარიმას, ასევე პატიმრობას 3-დან 15 წლამდე. ამ კანონით უკვე არაერთი აქტივისტი დააკავეს, რომლებმაც ომის გაპროტესტება გაბედეს, კრიტიკული მედიების დიდმა ნაწილმა კი მაუწყებლობა შეწყვიტა, რადგან არჩევანი პატიმრობასა და ფაქტების დამახინჯებას შორის ჰქონდათ. თუმცა, Tass პოლიციიდან წყაროზე დაყრდნობით წერს, რომ ქალს "ადმინისტრაციული საქმე ემუქრება".

ამ პირობებში, ნოვაია გაზეტას მომხდარის გაშუქება უცნაური ფორმით მოუწია. გამოცემამ ბანერზე წარწერა დაბლარა და დაწერა, რომ მისი შინაარსის გავრცელებას მათ როსკომნადზორი და ახალი კანონი უკრძალავს.

თუმცა, როგორც აღმოჩნდა მომხდარი დისკომფორტს ყველას არ უქმნის. მედუზამ გაავრცელა იმ ტელეწამყვანის ვიდეო, ვის ეთერშიც ეს ფაქტი მოხდა. ინსტაგრამის ვერიფიცირებულ გვერდზე, სთორიში ეკატერინა ანდრეევა ამბობს:

"მე გეუბნებოდით, იდექი კლდესავით, რაც არ უნდა მოხდეს, იდექი კლდესავით. საიდან მაქვს ასეთი გამძლეობა? დღეს ის გამომადგა. იოგადან", — ამბობს ის.

ამ ფაქტში საყურადღებოა ისიც, რომ ინსტაგრამი რუსეთში დაბლოკილია, რასაც რუსი ინფლუენსერები ცრემლებით შეხვდნენ. თუმცა, როგორც ჩანს, კრემლის პროპაგანდისტი სოციალური ქსელით სარგებლობას მაინც ახერხებს.

ამ ეტაპზე უცნობია, სად ჰყავთ და რა პირობებშია მარინა. იმის გათვალისწინებით, რომ რუსული პოლიცია აქტივისტებს ძალის გამოყენებით აკავებდა, რუსულ ტელეგრამ არხებზე არსებობს მოლოდინი, რომ მას ცუდად მოექცევიან, მედია კი ფიქრობს, რომ შესაძლოა, მას პატიმრობა შეუფარდონ.

ოვდ ინფოს განცხადებით, დაკავებულის ინტერესებს მათი ადვოკატები იცავენ, თუმცა, როდესაც ისინი იმ იზოლატორში მივიდნენ, სადაც მათი ინფორმაციით ოვსიანიკოვა იყო გადაყვანილი, უთხრეს, რომ იქ არ არის. ადვოკატის თქმით, შესაძლოა, ეს ადგილი სპეციალურად დაასახელეს, რომ ხალხი დაებნიათ და სხვაგან შეკრებილიყვნენ.

"იმისთვის, რომ ვიცოდეთ რა ელის, უნდა გავიგოთ რაში სდებენ ბრალს. სავარაუდოდ, ეს ადმინისტრაციულ პასუხისგებაში მიცემაა", — განაცხადა ადვოკატმა.

ამავე იზოლატორთან უკვე იკრიბებიან ადამიანები, რომლებიც მას მხარდაჭერას უცხადებენ.