ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში მსოფლიომ უპრეცედენტო მხარდაჭერა გამოუცხადა უკრაინას — აღმოსავლეთ ევროპის ერთ-ერთ ყველაზე გამორჩეულ სახელმწიფოს, რომელსაც მდიდარი ისტორია და კულტურული მემკვიდრეობა აქვს. ამ კულტურული მემკვიდრეობის ნაწილია უნიკალური ენაც, რომელზეც მსოფლიოში 40 მილიონზე მეტი ადამიანი საუბრობს.

ამ დღეებში ალბათ ბევრ თქვენგანსაც გაუჩნდა უკრაინული ენის სწავლის სურვილი. აპლიკაცია Duolingo-ის ცნობით, 14 თებერვლიდან 21 თებერვლამდე პერიოდში უკრაინული ენის შემსწავლელთა რაოდენობა 200%-ით გაიზარდა.

თუმცა, რას იტყოდით, თუკი ამ ენის შესწავლით უკრაინაში მცხოვრებ ადამიანებსაც დაეხმარებოდით?

უკრაინულმა საზოგადოებრივმა ცენტრმა Волонтер-მა ქართველ მოხალისეებთან თანამშრომლობით უკრაინული ენის შემსწავლელთა კურსი შექმნა და პროექტში გამოცდილი მასწავლებლები ჩართო.

ინიციატივის ფარგლებში, მასწავლებლები, რომლებიც ქვეყნის სხვადასხვა ქალაქიდან — ხარკოვიდან, კიევიდან, ჩერნიჰივიდან — არიან, უკრაინულ ენას შეგასწავლიან. პროექტს "დღე მშვიდობისა, ჩვენ უკრაინიდან ვართ" ჰქვია და მისი საშუალებით კონფლიქტის ზონაში მცხოვრები ხალხის დახმარებაა შესაძლებელი.

"ჩვენი მასწავლებლები, რომლებიც ამჟამად რუსი ოკუპანტების გამანადგურებელ თავდასხმებს უმკლავდებიან, მზად არიან, უკრაინული სიტყვა მსოფლიოს მიაწვდინონ და სხვა ქვეყნებში მცხოვრებ ხალხს უახლესი ისტორიის, ჩვენი ცხოვრებისა და კულტურის შესახებ მოუყვნენ", — წერია ცენტრის გავრცელებულ განცხადებაში.

თუკი სურვილი გაქვთ, პროგრამაში ჩაერთოთ და "დემოკრატიული ღირებულებებისა და თავისუფლებისთვის მებრძოლი შეუპოვარი ხალხის" ენა ისწავლოთ, ამასთან, გამოწვევების წინაშე აღმოჩენილ ქვეყანას დაეხმაროთ, შეგიძლიათ, ცენტრ Волонтер-ს ფეისბუქგვერდის საშუალებით დაუკავშირდეთ.