რუსეთი ევროსაბჭოს ტოვებს და ამტკიცებს, თითქოს ამის გაკეთება "აიძულეს". ამის შესახებ საგარეო საქმეთა სამინისტრო განცხადებას ავრცელებს, სადაც აღნიშნულია, რომ NATO-სა და ევროკავშირის ქვეყნები ევროპის საბჭოში თავიანთ უმრავლესობა "ბოროტად იყენებენ" და თანმიმდევრულად აქცევენ ამ ორგანიზაციას "ანტირუსული პოლიტიკის ინსტრუმენტად".

"ჩვენი ქვეყნის გასვლა ამ ორგანიზაციიდან არ იმოქმედებს რუსეთის მოქალაქეების უფლებებსა და თავისუფლებებზე. რუსეთის ფედერაციის კონსტიტუცია მათთვის არანაკლებ გარანტიებს ადგენს, ვიდრე ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენცია.

ევროპის საბჭოს ძირითადი სახელშეკრულებო-სამართლებრივი აქტების დებულებები შეტანილია რუსეთის კანონმდებლობაში. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს უკვე მიღებული გადაწყვეტილებების შესრულება გაგრძელდება, თუ ისინი არ ეწინააღმდეგება რუსეთის ფედერაციის კონსტიტუციას", — აღნიშნულია განცხადებაში.

რუსეთი ამტკიცებს, რომ ევროსაბჭოს დატოვებასთან ერთად, რჩება ღია ორგანიზაციის წევრებთან "პრაგმატული და თანაბარი ურთიერთობისთვის" ორმხრივი ინტერესის თემებზე და იმ კონვენციების ფარგლებში, რომლებშიც თავად გადაწყვეტს მონაწილეობის გაგრძელებას.

მეტიც, რუსეთს სჯერა, რომ კონტინენტზე საერთო ჰუმანიტარული და სამართლებრივი სივრცის "დანგრევაზე", ისევე, როგორც თავად ევროპის საბჭოსთვის დამდგარ შედეგებზე, რომელიც "რუსეთის გარეშე დაკარგავს მთელ ევროპულ კოორდინატებს", სრული პასუხისმგებლობა მათ ეკისრებათ, ვინც ამ ნაბიჯის გადადგმა "აიძულეს".

რუსეთს ევროსაბჭოში წარმომადგენლობის უფლება 25 თებერვალს შეუჩერეს, თუმცა ის კვლავ რჩებოდა წევრად. ევროსაბჭო აცხადებდა, რომ ეს არა საბოლოო, არამედ დროებითი ღონისძიება იყო.