პირველი არხის თანამშრომელი, მარინა ოვსიანიკოვა "არაკოორდინირებული აქციის მოწყობისთვის" 30 000 რუბლით დააჯარიმეს. როგორც Meduza განმარტავს, საუბარია არა ანტისაომარ პროტესტზე, არამედ მის ვიდეომიმართვაზე, რომელშიც ხალხს ომის წინააღმდეგ პროტესტისკენ მოუწოდებდა.

კიდევ ერთი რუსული მედია, rbc წერს, რომ წინასწარი ინფორმაციით, სამართალდამცავებმა ოვსიანიკოვას განცხადებებში დარღვევა დაინახეს იმ ვიდეომიმართვაში, რომელშიც მან ეთერში პროტესტის მოტივები განმარტა. გამოცემის ცნობით, ოვსიანიკოვა ბრალს არ აღიარებს.

რაც შეეხება ეთერში საპროტესტო ბანერით შესვლას, rbc-ის ინფორმაციით, ამის გამო, მას სასჯელი, შესაძლოა, სისხლის სამართლის კოდექსის ახალი მუხლით დაეკისროს, კერძოდ — "საჯარო ქმედებები, რომლებიც მიზნად ისახავს რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალების გამოყენების დისკრედიტაციას". ამას წერს გამოცემა Meduza-ც და აღნიშნავს, რომ ოვსიანიკოვას წინააღმდეგ გამოძიება ამ მუხლითაც მიმდინარეობს.

რუსული პირველი არხის რედაქტორმა, მარინა ოვსიანიკოვამ გუშინ პროპაგანდისტების ჩვეულებრივი დღის მყუდროება დაარღვია და სახელმწიფო მედიის, მთავარი საინფორმაციო გამოშვებისას ეთერში საპროტესტო ბანერით შევიდა. ის დააკავეს და დღემდე, სასამართლო პროცესის დაწყებამდე მისი ადგილმდებარეობაც უცნობი იყო.

დამატებითი ინფორმაცია უკრაინაში მიმდინარე მოვლენებზე განახლებად რეჟიმში შეგიძლიათ ნახოთ აქ:

იმისთვის, რომ არ გამოგრჩეთ უკრაინაში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებული სიახლეები, შემოგვიერთდით ჯგუფში — რა ხდება უკრაინაში