ამერიკის შეერთებულმა შტატებმა რუსი ოლიგარქებისა და ელიტების წინააღმეგ მრავალმხრივი სამუშაო ჯგუფი (REPO) შექმნა. აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტის ცნობით, სამუშაო ჯგუფთან დაკავშირებით გენერალურმა პროკურორმა, მერიკ გარლანდმა გუშინ ონლაინ შეხვედრა გამართა ავსტრალიის, კანადის, გერმანიის, საფრანგეთის, იტალიის, იაპონიის, დიდი ბრიტანეთისა და ევროკომისიის წარმომადგენლებთან.

სამუშაო ჯგუფი შედგება წევრი ქვეყნების ფინანსთა, იუსტიციისა და შინაგან საქმეთა სამინისტროებისგან. თითოეული ვალდებულია გამოიყენოს თავისი უფლებამოსილებები სხვა შესაბამის სამინისტროებთან ერთად, რათა შეაგროვოს და სხვებს გაუზიაროს ინფორმაცია, გადადგას კონკრეტული ნაბიჯები, მათ შორის დააწესოს სანქციები, გაყინოს და ყადაღა დაადოს ქონებას, ამასთანავე, გამოაცხადოს სისხლის სამართლებრივი დევნა.

აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტის განცხადებით, აშშ-ს მთავრობასა და უცხოელ პარტნიორებს შორის თანამშრომლობამ უკვე მნიშვნელოვან წარმატებას მიაღწია. მათი თქმით, მხოლოდ ბოლო სამი კვირის განმავლობაში აშშ-ს სამართალდამცავი ორგანოების მიერ უცხოელი პარტნიორებისთვის მიწოდებულმა ინფორმაციამ ხელი შეუწყო სანქცირებული ფიზიკური პირებისა და სუბიექტების მიერ კონტროლირებადი მრავალი გემის შეზღუდვას, რომლებიც ასობით მილიონი დოლარი ღირს.