2021 წლის მეოთხე კვარტალში საქართველოში საშუალო თვიური ნომინალური ხელფასი გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 11,3%-ით (149,1 ლარით) გაიზარდა და 1 463,8 ლარი შეადგინა. ამის შესახებ საქსტატის კვლევიდან ხდება ცნობილი.

ფოტო: საქსტატი

კვლევაში წერია, რომ საქმიანობის სახეების მიხედვით შედარებით მაღალი ხელფასი დაფიქსირდა შემდეგ დარგებში:

  • საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობები — 2 431,6 ლარი (წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით გაიზარდა 20,5%-ით);
  • ინფორმაცია და კომუნიკაცია — 2 270,2 (გაიზარდა 3,2%-ით);
  • მშენებლობა — 2 209,5 ლარი (გაიზარდა 7,2%-ით);
  • პროფესიული, სამეცნიერო და ტექნიკური საქმიანობები — 2 133 ლარი (გაიზარდა 5,5%).

საქსტატის ინფორმაციით, 2021 წლის მეოთხე კვარტალში ქალების საშუალო ხელფასი 1 153,6 ლარით, ხოლო კაცების — 1 767,9 ლარით განისაზღვრა. ხელფასების წლიურმა ზრდამ ქალებში 131,3 ლარი (12,8%) შეადგინა, ხოლო კაცებში — 186,4 ლარი (11,8%). საქმიანობის სახეების მიხედვით კაცების ხელფასი თითქმის ყველა სექტორში აღემატებოდა ქალების ხელფასს.

როგორც საქსტატის ანგარიშიდან ხდება ცნობილი, გასული წლის მეოთხე კვარტალში დაქირავებით დასაქმებულთა საშუალო თვიური ხელფასი ბიზნეს სექტორში 180,9 ლარით (12,8%) გაიზარდა და 1 597,8 ლარი შეადგინა. საქმიანობის სახეების მიხედვით ყველაზე მაღალი ხელფასი ხელოვნება, გართობა და დასვენების (2 502,3 ლარი, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით გაიზარდა 18,4%-ით), ასევე პროფესიული, სამეცნიერო და ტექნიკური საქმიანობების (2 394,2 ლარი, გაიზარდა 3,2%-ით) დარგებში ფიქსირდება.

გასული წლის ბოლო კვარტალში არასამეწარმეო და საფინანსო სექტორში საშუალო თვიური ხელფასი გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 93,4 ლარით (8,1%) გაიზარდა და 1 250,6 ლარი შეადგინა. საქსტატის ინფორმაციით, საქმიანობის სახეების მიხედვით შედარებით მაღალი საშუალო ხელფასი აქვთ საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობებში დასაქმებულებს.