უკრაინაში რუსეთის სისხლიანი შეჭრის შემყურე ზოგიერთი ევროპული ქვეყანა შიშობს, რომ ის, შეიძლება, შემდეგი იყოს. დასავლელი ოფიციალური პირები ამბობენ, რომ ყველაზე დაუცველები, შესაძლოა, აღმოჩნდნენ ისინი, ვინც ნატოს სამხედრო ალიანსის ან ევროკავშირის წევრები არ არიან და თან რუსეთის მეზობლად მდებარეობენ. მსგავს ქვეყნებს შორის, საქართველოსთან ერთად, მოლდოვაც არის.

თუმცა, ანალიტიკოსები იმასაც ამბობენ, რომ საფრთხე ნატოს წევრ ისეთ ქვეყნებსაც შეიძლება დაემუქროთ, როგორიცაა რუსეთის გვერდით მდებარე ესტონეთი, ლატვია და ლიეტუვა ან თუნდაც — მონტენეგრო. ისინი მოსკოვის მხრიდან როგორც პოლიტიკური დესტაბილიზაციის მცდელობის, ასევე პირდაპირი სამხედრო ინტერვენციის სამიზნეც შეიძლება გახდნენ.

ვლადიმერ პუტინმა "თავიდანვე თქვა, რომ ეს მხოლოდ უკრაინას არ ეხება", — განაცხადა მიხალ ბარანოვსკიმ, გერმანული მარშალის ფონდის ვარშავის ოფისის დირექტორმა, — "ის, თუ რის გაკეთებას გეგმავს, მან თავისი მოთხოვნების ჩამოთვლისას გაგვაცნო — ეს მოიცავდა კიევში მთავრობის შეცვლასაც, თუმცა ის, ამავდროულად, ნატოს აღმოსავლეთ ფლანგზე და დანარჩენ აღმოსავლეთ ევროპაზეც საუბრობდა". იმის გათვალისწინებით, რომ უკრაინა რუსეთის თავდასხმას ძლიერ წინააღმდეგობას უწევს, ბარანოვსკიმ აღნიშნა, "ახლა ნამდვილად არ არის ნათელი, როგორ განახორციელებს პუტინი თავის სხვა მიზნებს".

თუმცა, ბაიდენის ადმინისტრაციას კარგად ესმის აღმოსავლეთ და ცენტრალურ ევროპაში არსებული შეშფოთება იმის თაობაზე, რომ უკრაინაში ომი, შესაძლოა, მხოლოდ პრელუდია იყოს და მას ვარშავის პაქტის ყოფილ წევრებზე თავდასხმები მოჰყვეს რეგიონში მოსკოვის დომინირების აღდგენის მცდელობის მიზნით.

საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, ჯოზეფ ბორელმაც განაცხადა: "ჩვენ ვშიშობთ, რომ რუსეთი, შეიძლება, არ აპირებდეს უკრაინაში გაჩერებას. ჩვენ შეშფოთებულები ვართ რუსეთის მეზობლების — მოლდოვის, საქართველოსა და დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნების გამო. ჩვენ თვალი უნდა ვადევნოთ დასავლეთ ბალკანეთსაც, განსაკუთრებით ბოსნიას, რომელსაც რუსეთის მხრიდან დესტაბილიზაცია შეიძლება დაემუქროს".

ამ ყველაფრის გათვალისწინებით, გადავხედოთ რეგიონულ ვითარებას:

მოლდოვა

საერთაშორისო საზოგადოების მიერ არაღიარებულ სადაო ტერიტორიაზე — მოლდოვის დნესტრისპირეთის სეპარატისტული რეგიონის დედაქალაქ ტირასპოლში — ქალი რუსეთის ძალების ოპერატიული ჯგუფის შტაბ-ბინის წინ ქუჩას მიუყვება. 2021 წლის 1 ნოემბერი.

ფოტო: AP Photo / Dmitri Lovetsky

მეზობელი უკრაინის მსგავსად, ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკას — მოლდოვას ქვეყნის აღმოსავლეთში ტრანს-დნესტრის სახელით ცნობილ სადაო ტერიტორიაზე სეპარატისტებთან დაპირისპირება აქვს. აქ 1500 რუსი ჯარისკაცია განლაგებული. მართალია, მოლდოვა სამხედრო თვალსაზრისით ნეიტრალურია და არ გეგმავს ნატოში გაწევრიანებას, მაგრამ მან ევროკავშირს გაწევრიანების ოფიციალური თხოვნით მიმართა მაშინ, როდესაც რუსეთმა უკრაინაში შეჭრა დაიწყო. ეს ნაბიჯი მოლდოვის მიერ დასავლეთთან კავშირის გაძლიერების მიზნით გადაიდგა.

2,6-მილიონიანი ქვეყანა ევროპის ერთ-ერთი ყველაზე ღარიბი სახელმწიფოა. და ის ახლა იმ ათიათასობით უკრაინელ ლტოლვილს იფარებს, რომლებიც ომს გაურბიან. უკრაინაში რუსეთის შეჭრა მოლდოვისთვის არა მხოლოდ ჰუმანიტარული კრიზისის გამო არის საგანგაშო, არამედ სამხედრო კუთხითაც. არსებობს საფრთხე, რომ პუტინმა მდინარე დნესტრის აღმოსავლეთით მყოფი სეპარატისტების უკრაინასთან დაკავშირება ამ უკანასკნელის სტრატეგიული მნიშვნელობის პორტის — ოდესის გავლით მოინდომოს.

შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი მოლდოვაში მარტის დასაწყისში ჩავიდა და ქვეყანას თანადგომა აღუთქვა: "ჩვენ ვდგავართ მოლდოვის და ნებისმიერ სხვა ქვეყნის გვერდით, რომელსაც იგივე საფრთხე შეიძლება დაემუქროს".

მოლდოვის პრეზიდენტმა, მაია სანდუმ განაცხადა, რომ ტრანს-დნესტრში მყოფი რუსული ძალების მიერ პოზიციის შეცვლა ჯერ არ შეინიშნება. თუმცა, მან ასევე ხაზგასმით აღნიშნა, რომ შეშფოთების მიზეზი არსებობს. "ამ რეგიონში ახლა ჩვენ არ გვაქვს შესაძლებლობა, თავი დაცულად ვიგრძნოთ", — დაურთო სანდუმ.

საქართველო

თბილისში რუსეთის მიერ უკრაინაში ომის დაწყებას აპროტესტებენ. 2022 წლის 26 თებერვალი.

ფოტო: თამუნა გეგიძე / On.ge

2008 წლის აგვისტოს ომით რუსეთმა სამაჩაბლოში სეპარატისტული მთავრობა გააძლიერა. რამდენიმედღიანი ომის შედეგად ასობით ადამიანი დაიღუპა. ამის შემდეგ კი რუსეთმა ეგრეთ წოდებული სამხრეთ ოსეთი და აფხაზეთი დამოუკიდებელ სახელმწიფოებად ცნო და იქ თავისი სამხედროების რაოდენობა გაზარდა.

უკრაინაში რუსეთის შეჭრის მერე საქართველოს მთავრობამ დაგმო ომი, მაგრამ არ გამოავლინა ისეთივე სოლიდარობა, როგორიც საქართველო-რუსეთის ომის დროს კიევმა გამოიჩინა. ხელისუფლებამ ათობით ქართველ მოხალისეს არ მისცა საშუალება, უკრაინაში რუსეთთან მებრძოლ საერთაშორისო ბრიგადას შეერთებოდა.

საქართველოს ერთი შეხედვით ნეიტრალურმა პოზიციამ უკრაინისადმი სოლიდარულად განწყობილ ათასობით ადამიანს თბილისის ცენტრში აქციის მოწყობისკენ უბიძგა. 3 მარტს საქართველოს მთავრობამ ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მიღებაზე განაცხადი გააკეთა.

ბალტიისპირეთი

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრ ედგარს რინკევიჩსთან ერთად რიგაში პრესკონფერენციას მართავს. 2022 წლის 7 მარტი.

ფოტო: Reuters / /Ints Kalnins

ლატვიაში, ლიეტუვაში და ესტონეთში საბჭოთა მმართველობის პერიოდი ჯერ კიდევ ნათლად ახსოვთ. უკრაინაში შეჭრის შემდეგ ნატომ სწრაფად გადადგა ნაბიჯები იმისთვის, რომ აღმოსავლეთ ფლანგის მოკავშირეების მიწაზე თავისი ჯარების რაოდენობა გაეზარდა. ხოლო ვაშინგტონი მათ დამატებითი მხარდაჭერას დაჰპირდა.

ბალტიისპირეთის ქვეყნების მცხოვრებლებს — განსაკუთრებით ასაკოვანებს, რომლებსაც საბჭოთა კონტროლის ქვეშ ცხოვრება გამოცადეს — 24 თებერვლის შეჭრის წინა დაძაბულობამ მასობრივი დეპორტაციები და შევიწროება გაახსენა. სამივე ქვეყანა იოსებ სტალინმა მეორე მსოფლიო ომის დროს დაიპყრო და მათ მხოლოდ 1991 წელს — საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ დაიბრუნეს დამოუკიდებლობა.

2004 წელს ისინი ნატოს შეუერთდნენ, რითაც აშშ-ისა და მისი დასავლელი მოკავშირეების სამხედრო მფარველობის ქვეშ მოექცნენ. ქვეყნები აცხადებენ, რომ აუცილებელია, ნატომ თავისი პოზიცია არა მხოლოდ სიტყვებით, არამედ სამხედრო ძალითაც აჩვენოს.

ლატვიის თავდაცვის სამინისტროს სახელმწიფო მდივანმა, იანის გარისონსმა განაცხადა, რომ რუსეთი ყოველთვის წინასწარ აფასებს ქვეყნის არა მხოლოდ სამხედრო ძალას, არამედ მის ბრძოლისუნარიანობასაც: "როგორც კი სისუსტეს დაინახავენ, ისინი მის სათავისოდ გამოყენებას იწყებენ".

ბლინკენმა, რომელიც 7 მარტს ლატვიის დედაქალაქ რიგას ეწვია, თქვა, რომ ბალტიისპირეთმა "დემოკრატიული კედელი ააშენა, რომელიც ახლა იმ ავტოკრატიის ტალღის წინააღმდეგ დგას", რის გავრცელებასაც რუსეთი ევროპაში ცდილობს.

ბალკანეთი

რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინი ყურს უგდებს სერბეთის პრეზიდენტ ალექსანდრ ვუჩიჩს ბელგრადში, 2019 წლის 17 იანვარს გამართულ საზიარო პრესკონფერენციაზე.

ფოტო: AP Photo / Darko Vojinovic

რუსეთის ჯარებს გაუჭირდებათ ბალკანეთამდე ისე მიღწევა, რომ მეზობელ ქვეყნებში განთავსებული ნატოს ჯარების გააქტიურება არ გამოიწვიოს. თუმცა, მოსკოვს შეუძლია, რეგიონის დესტაბილიზაცია მოახდინოს, რასაც თავისი მოკავშირე სერბეთის (რომელსაც ის ტანკებით, საჰაერო თავდაცვის სისტემებითა და საბრძოლო თვითმფრინავებით ამარაგებს) დახმარებით უკვე აკეთებს.

კრემლი ამ რეგიონს ყოველთვის თავისი გავლენის სფეროდ მიიჩნევდა. 1990-იან წლებში დამანგრეველმა სამოქალაქო ომმა სულ მცირე 120 ათასი ადამიანი შეიწირა, მილიონობით კი უსახლკაროდ დატოვა. ომის წამოწყებაში დემოკრატიული სამყარო დასავლეთ ბალკანეთის უდიდეს სახელმწიფოს, სერბეთს ადანაშაულებს, როცა მან იუგოსლავიის დაშლის თავიდან ასაცილებლად სასტიკი ძალა გამოიყენა. ეს ნაბიჯი ძალიან წააგავს მოსკოვის ამჟამინდელ მცდელობას, სამხედრო ძალის გამოყენებით დააბრუნოს უკრაინა თავის ორბიტაზე.

დასავლეთში შიშობენ, რომ სერბეთის პრორუსული ხელისუფლება, რომელმაც უარი თქვა რუსეთის წინააღმდეგ საერთაშორისო სანქციებთან შეერთებაზე, შეიძლება ეცადოს, უკრაინაზე კონცენტრირებული ყურადღება თავისი მეზობლების შემდგომი დესტაბილიზაციისთვის გამოიყენოს. განსაკუთრებული საფრთხის წინაშეა ბოსნია, სადაც უმცირესობის შემადგენელი სერბები ტერიტორიის გამოყოფით და სერბეთის ფედერაციისთვის შეერთებით იმუქრებიან. სერბმა თანამდებობის პირებმა არაერთხელ უარყვეს მეზობელ ქვეყნებში ჩარევის ფაქტები, მაგრამ ისინი ფარულად უჭერენ მხარს ბოსნიელი სერბების და მათი ლიდერის, მილორად დოდიკის სეპარატისტულ ნაბიჯებს.

ბოსნიის დედაქალაქ სარაევოში მდებარე რუსეთის საელჩომ გასულ წელს გააფრთხილა ბოსნია, რომ თუ ნატოში გაწევრიანებისკენ ნაბიჯებს გადადგამდა, მათ ქვეყანას "მოუწევდა ამ მტრულ აქტზე რეაგირების მოხდენა". ნატოში გაწევრიანება ბოსნიას აიძულებს, "სამხედრო-პოლიტიკურ დაპირისპირებაში" მხარე აირჩიოს, აღნიშნეს მათ.

ევროკავშირის სამშვიდობო ძალებმა ბოსნიაში განაცხადეს, რომ ქვეყანაში განლაგებული სამხედროების რიცხვს გააორმაგებენ. ამის მოტივად დასახელდა ის, რომ "საერთაშორისო უსაფრთხოების გაუარესებას არასტაბილურად განვითარების პოტენციალი აქვს".

კოსოვოს ქალაქ ზვეჩანში კაცი მიუყვება ქუჩას, რომელზე მდგარი შენობის კედელზეც ვლადიმერ პუტინია დახატული. 2018 წლის 15 დეკემბერი.

ფოტო: AP Photo/ Darko Vojinovic

უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ კოსოვომ (რომელიც 1999 წელს სერბეთს მისი ჯარების წინააღმდეგ ნატოს საჰაერო ომის შედეგად გამოეყო) შეერთებულ შტატებს ქვეყანაში მუდმივი სამხედრო ბაზის შექმნა და ნატოში ინტეგრაციის დაჩქარება სთხოვა.

"კოსოვოს ნატოში გაწევრიანების დაჩქარება და ამერიკული ძალების მუდმივი ბაზის ქონა არის გადაუდებელი აუცილებლობა დასავლეთ ბალკანეთში მშვიდობის, უსაფრთხოებისა და სტაბილურობის უზრუნველსაყოფად", — განაცხადა კოსოვოს თავდაცვის მინისტრმა, არმენდ მეჰაიმ Facebook-ზე.

სერბეთმა განაცხადა, რომ ეს ნაბიჯი მიუღებელია.

2008 წელს კოსოვოს დამოუკიდებლობა 100-ზე მეტმა ქვეყანამ აღიარა. მათ შორის რუსეთი და სერბეთი არ ყოფილან.

მონტენეგრომ — ყოფილმა მოკავშირე, რომელმაც 2017 წელს ნატოში გაწევრიანებით რუსეთს ზურგი აქცია — უკრაინის ომის გამო მოსკოვს სანქციები დაუწესა. ასევე ვარაუდობენ, რომ ის მალე ევროკავშირშიც გაწევრიანდება. ქვეყანა დაყოფილია პროდასავლური პოლიტიკის მომხრეებს და პროსერბულ და პრორუსულ ბანაკებს შორის, რაც დაძაბულობას იწვევს.

რუსეთმა არაერთხელ გააფრთხილა მონტენეგროს პროდასავლური პრეზიდენტი, მილო ჯუკანოვიჩი (რომელიც ადრიატიკის პატარა სახელმწიფოს ნატოში შეუძღვა), რომ ეს ნაბიჯი არალეგიტიმური იყო და ყველა მონტენეგროელის თანხმობას არ ეფუძნებოდა.

რუსეთს, შესაძლოა, აქვს იმედი, რომ საბოლოოდ მონტენეგროსთან კავშირს გაიუმჯობესებს და ხმელთაშუაზღვისპირეთში თავის გავლენას გაზრდის.