საქართველოში უკრაინის საქმეთა დროებითი რწმუნებულის, ანდრეი კასინოვის განცხადებით, რუსეთს ჯარების შევსებასთან დაკავშირებით პრობლემები აქვს და ისინი სომხეთიდან, ასევე, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დამატებით ძალებს აგზავნიან უკრაინაში.

"რუსულ ჯარს აქვს პრობლემები ჯარების შევსებასთან დაკავშირებით. აღიარებენ, რომ საომარ მოქმედებებში ჩართულ დანაყოფებს ჰყავთ წვევამდელები, რასაც ისინი ადრე უარყოფდნენ. ისინი იყენებენ ყველა შესაძლო ძალას, განსაკუთრებით სირიელ ლტოლვილებსა და ტერორისტებს.

მიუხედავად იმისა, რომ რუსეთი იჩენს მზადყოფნას მოლაპარაკებებისთვის, ახლა ვიღებთ დასტურს, რომ მტერი აგზავნის დამატებით ჯარებს სხვადასხვა ქალაქებიდან, ესენია სომხეთი, საქართველოს ოკუპირებული ტეროტირიებიდან, აფხაზეთიდან და ცხინვალიდან. უკრაინის თავდაცვის საინისტროს ცნობით, ჯარისკაცების ეს გადაყვანა სახმელეთო კომბინირებული გზით ხორციელდება", — ამბობს კასინოვი.

შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმა 17 მარტს განაცხადა, რომ ინფორმაცია იმაზე, თუ რა ტექნიკა გაჰყავთ ოკუპირებული ტერიტორიებიდან, დაზუსტებულად არავის აქვს და ვერავინ დაუდასტურებს.

ეხო კავკაზას ცნობით, რუსეთმა უკრაინაში საომრად ოკუპირებული ცხინვალის სამხედრო ბაზის მე-4 გვარდიის კონტრაქტორები გაგზავნა. მედია წერს, რომ ინფორმაცია სამხრეთ ოსეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის ექსპრეზიდენტმა, ედუარდ კოკოითმა დაადასტურა.

სოციალურ ქსელებში გამოქვეყნდა კადრები, სადაც ასახულია სამხედრო ტექნიკის გადაადგილება, რომელიც ოკუპირებული ცხინვალის რეგიონს ტოვებს. ვიდეოს ეხო კავკაზა ავრცელებს.