"ბერო და დათო გუშინ დაიღუპნენ ირპენისთვის ბრძოლაში" — წერს უკრაინელი ჟურნალისტი ალექსეი ბობრონიკოვი ქართველ მებრძოლებზე გია ბერიაშვილისა და დათო რატიანზე.

"ბერო სიცოცხლისთვის ბოლო წუთამდე იბრძოდა", — ამბობს ის.

როგორც ალექსეი ბობრონიკოვი წერს, დათო რატიანი მისი ახლო მეგობარი გახდა და გეგმავს, უფრო მეტი დაწეროს მასზე. მისი თქმით, ის ისევე გმირულად დაიღუპა, როგორც იცხოვრა.

"დათო იყო ძლიერი, მშვიდი, წყნარი, მორიდებული, ორგანიზებული და კეთილი. დათო რატიანი აფხაზეთში მცხოვრები მესტიელი სვანი იყო და აფხაზეთის ომის შემდეგ კიდევ ერთი სამშობლო დაკარგა", — წერს ის.

ჟურნალისტი საუბრობს, რომ სურს, ახლაც ესმოდეს რატიანის ხმა — "ალექს გაწმინდე ავტომატი?" "ალექს, წერენ რომ სროლისას ქალი გარდაიცვალა, შვიდი შვილის დედა წაიკითხე?" "ალექს არის რაიმე სიახლე? როდის გავდივართ?"

როგორც ჟურნალისტი იხსენებს, ქართველ და უკრაინელ სამხედროებს ტყიდან დაჭრილი თანამებრძოლები გამოჰყავდათ, როდესაც ნაღმი აფეთქდა და დათო რატიანი სასიკვდილოდ დაიჭრა, ხოლო მებრძოლმა, რომელიც რატიანს მოჰყავდა მცირე დაზიანება მიიღო, თავად ბობრონიკოვი კი გადარჩა.

"დათო მადლობა, რომ ჩემს გვერდით იყავი, მადლობა რომ იყავი" — ასე ასრულებს ჟურნალისტი ტექსტს.

უკრაინაში ორი ქართველი მებრძოლი გია ბერიაშვილის და დავით რატიანი დაიღუპნენ. საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, გადმოსვენებას სახელმწიფო უზრუნველყოფს.

დამატებითი ინფორმაცია უკრაინაში მიმდინარე მოვლენებზე განახლებად რეჟიმში შეგიძლიათ ნახოთ აქ:

იმისთვის, რომ არ გამოგრჩეთ უკრაინაში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებული სიახლეები, შემოგვიერთდით ჯგუფში — რა ხდება უკრაინაში