დროებით ოკუპირებული ტერიტორიების რეინტეგრაციის საკითხებში ვიცე-პრემიერის, ირინა ვერეშჩუკის განცხადებით, მარიუპოლის დანებებასა და იარაღის დაყრაზე საუბარი არ იქნება. უკრაინსკაია პრავდასთან ინტერვიუში ის აცხადებს, რომ უკვე აცნობა რუსულ მხარეს ამის შესახებ და ურჩია წერილებზე დროის კარგვის ნაცვლად, დერეფნები გახსნან.

"აქ არის 8 გვერდი ისტორიაში დაბრუნებით და სხვა სისულელეებით. მათ იგივე წერილი გაუგზავნეს გაეროს, წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტს და იმედი ჰქონდათ, რომ საერთაშორისო სტრუქტურები რეაგირებას მოახდენდნენ, დაიწყებდნენ ზეწოლას უკრაინაზე. ეს არ მოხდა, რადგან მათ ესმით, რომ ეს არის რუსული მანიპულაცია და ხალხის მძევლად აყვანა. [...]

არავითარი დანებებაზე, იარაღის დაყრაზე საუბარი არ იქნება. ამის შესახებ ჩვენ უკვე ვაცნობეთ რუსულ მხარეს. მე დავწერე: "ნაცვლად იმისა, რომ დახარჯოთ დრო 8 ფურცელზე წერილის წერაზე, გახსენით დერეფანი", — უთხრა მან პრავდას.

ვერეშჩუკი აღშფოთებულია იმით, რომ რუსეთმა დაიწყო ხალხის გატაცება და წაყვანა მარიუპოლიდან რუსეთის ფედერაციაში. მისი თქმით, აპირებენ ძალით წაიყვანონ 350 ბავშვი რუსეთის მიმართულებით.

"ჩვენ ვაცნობეთ გაეროსა და წითელ ჯვარს. ახლა ველოდებით საერთაშორისო საზოგადოების რეაქციას. ეს არის შეგნებული მანიპულირება და ხალხის რეალური მძევლად აყვანა", — ციტირებს მას გამოცემა.

ამ საკითხზე რუსებმა კიდევ ერთი პასუხი მიიღეს ქალაქის მერის მრჩეველისგან. მან დაწერა: "რა საჭიროა ამდენი ლოდინი, თუ პასუხი წინასწარ მზადაა. ყ*ე თქვენ და არა მარიუპული".

რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ უკრაინის ხელისუფლებას ულტიმატუმი წაუყენა, რომ ქალაქი გადასცენ, რის შემდეგაც ჰუმანიტარული დერეფნების გახსნის პირობას დებენ. ოკუპანტებმა პასუხისთვის დრო კიევს დილის 5 საათამდე მისცეს. როგორც უკრაინსკა პრავდა წერს, საათი ზონა ცნობილი არ არის.

რუსეთის თავდაცვა ამბობს, რომ დილის 10 საათიდან ქალაქში მყოფ სამხედროებს გასვლის უფლებას მისცემენ, თუ იარაღს დაყრიან. გარდა ამისა, ამტკიცებენ, თითქოს შეუშვებენ, როგორც რუსულ, ასევე, უკრაინულ ჰუმანიტარულ ტვირთს და ადგილობრივებს მისცემენ უფლებას გადაწყვიტონ, რომელი დერეფნით გავიდნენ, ან ქალაქში დარჩნენ.

რუსული უწყება გაეროს, ეუთოს, წითელი ჯვრის წარმომადგენლებს იწვევს, რათა ევაკუაციას დაესწრონ და მოუწოდებს კიევს "წინდახედულებისკენ". უცნობია რა მოხდება, თუ მარიუპოლი დანებებაზე უარს იტყვის, მაგრამ რუსი სამხედროების განცხადება, რომელსაც კრემლის მედია ავრცელებს, მუქარის ნიშნებს შეიცავს.

"რუსი სამხედროები მიმართავენ მარიუპოლის ადგილობრივ ხელისუფლებას: ახლა თქვენ გაქვთ უფლება გააკეთოთ ისტორიული არჩევანი — ან თქვენს ხალხთან ხართ, ან ბანდიტებთან, თორემ სამხედრო ტრიბუნალი, რომელიც გელოდებათ, სულ ცოტაა. რაც უკვე დაიმსახურეთ", — წერს რია.

მარიუპოლში ჰუმანიტარული კატასტროფაა. ქალაქი რამდენიმე დღეა იბომბება, განადგურდა საავადმყოფოები, სკოლები, დასახლებული პუნქტები. დაუზუსტებელი ინფორმაციით, დაღუპულია რამდენიმე ათასი ადამიანი. რუსი ჯარისკაცები თითქმის მთელი კვირაა არ აძლევენ უკრაინას ქალაქში ჰუმანიტარული დახმარების შეტანის უფლებას.

დამატებითი ინფორმაცია უკრაინაში მიმდინარე მოვლენებზე განახლებად რეჟიმში შეგიძლიათ ნახოთ აქ:

იმისთვის, რომ არ გამოგრჩეთ უკრაინაში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებული სიახლეები, შემოგვიერთდით ჯგუფში — რა ხდება უკრაინაში