ევროკავშირის ლიტერატურული პრემიის (EUPL) კონკურსზე საქართველოდან ახალგაზრდა მწერლის, ივა ფეზუაშვილის, რომანი ბუნკერია წარდგენილი. წიგნი 13 სხვა ქვეყნიდან ნომინირებულ პროზაულ ტექსტებთან ერთად იბრძოლებს გამარჯვებისთვის.

ევროკავშირის ლიტერატურული პრემია, რომელიც 2009 წელს დაფუძნდა, მხატვრული ლიტერატურის ავტორებს 41 ქვეყანაში აჯილდოებს. კონკურსი თანამედროვე ევროპული ლიტერატურის პოპულარიზებასა და ახალგაზრდა მწერლების წახალისებას ისახავს მიზნად. 2022 წელს ღონისძიებაში 14 ქვეყნის 14 ავტორი მონაწილეობს.

წლევანდელ წელს სიახლე ისაა, რომ ნაცვლად ყოველი მონაწილე ქვეყნიდან გამარჯვებულის გამოვლენისა, შვიდი წევრისგან შემდგარი ჟიური მხოლოდ ერთ ლაურეატს დაასახელებს, მასთან ერთად კი 5 საპატიო ჯილდოსაც გასცემს.

აღსანიშნავია, რომ ქართველი მწერლის, ბექა ადამაშვილის, ნაწარმოები ამ რომანში ყველა კვდება 2019 წელს კონკურსის ერთ-ერთი გამარჯვებული გახდა.

ბექა ადამაშვილი სტუდენტური ლიტერატურული კონკურსის, შემოდგომის ლეგენდის, ლაურეატიცაა. ამავე კონკურსის გამარჯვებული იყო ივა ფეზუაშვილიც, რომელმაც მოგვიანებით არაერთი ლიტერატურული პრიზი მიიღო. მათ შორის — რომანისთვის ბუნკერი, რომელიც 2020 წელს გამოიცა, მწერალმა წინანდლისა და საბას პრემიები დაიმსახურა.

ევროკავშირის წლევანდელ ლიტერატურულ პრემიაზე კი უკრაინელი ავტორის, ევგენია კუზნეცოვას, წიგნი Спитайте Мієчку (მიეჩკას ჰკითხეთ) არის ასევე წარდგენილი, რაც, კონკურსის ორგანიზატორების თქმით, განსაკუთრებული პატივია. ისინი ასევე გმობენ რუსეთის თავდასხმას უკრაინაზე და მხარს უჭერენ მშვიდობიან გამოსავალს კონფლიქტური სიტუაციიდან.

ევროკავშირის ლიტერატურული პრემიის წლევანდელი გამარჯვებულის ვინაობა 21 აპრილს, პარიზის წიგნის ბაზრობაზე გახდება ცნობილი. მანამდე კი, მონაწილე ავტორებს შესაძლებლობა ექნებათ, თავიანთი წიგნები ევროპელ მკითხველს გააცნონ.