შაბათს გამართული პრორუსული აქციის შემდეგ, სომხეთის მშვიდობიანმა აქტივისტებმა კვირას ომის საწინააღმდეგო აქცია დააორგანიზეს — ყველაზე დიდი ომის დაწყების შემდეგ.

ერევნის ქუჩებში რამდენიმე ათასი სომეხი, რუსი, უკრაინელი დემონსტრანტი გამოვიდა. მათ თან ჰქონდა ბანერები ომის საწინააღმდეგო წარწერებით და რუსულად სკანდირებდნენ ფრაზას, "არა ომს".

"ყველა ქვეყნასა და ქალაქს შორის, "ხმის ამაღლება" ერევნისთვის იყო ყველაზე რთული. თუმცა რისკების მიუხედავად, დღეს ერევნის ცენტრში ისმოდა სიტყვები: "პუტინი ჰააგაში", "არა ომს", "დიდება უკრაინას", — დაწერა ერთ-ერთმა მონაწილემ, ტიგრან ამირიანმა Facebook-ზე.

მიუხედავად იმისა, რომ ეს აქცია რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ ყველაზე მასშტაბური იყო, მას უკრაინის მხარდამჭერთა პატარა შეკრებები უძღოდა წინ, რომელიც სომხური პროდასავლური პოლიტიკური პარტიებისა და სომხეთში უკრაინის საელჩოს მიერ იყო ორგანიზებული. რამდენიმე რუსეთის მხარდამჭერი აქციაც გაიმართა, რომელიც ძირითადად, სომხეთის კომუნისტური პარტიის დაგეგმილი იყო.

კომუნისტური პარტიების გარდა, შაბათის პრორუსულ აქციას ნიკოლ ფაშინიანის ადმინისტრაციის მოწინააღმდეგეთა მცირე პარტიებიც შეუერთდნენ. ეს ჯგუფები ცნობილი არიან იმით, რომ "სამოკავშირეო სახელმწიფოში" გაწევრიანებას რუსეთის ფედერაციასთან ერთად ემხრობიან.

აქციის მონაწილეები ერევანში რუსეთის საელჩოსთან შეიკრიბნენ და შემდეგ ქალაქის ცენტრში გადაინაცვლეს. ბევრ მათგანს ეჭირა ბანერი ლათინური ასოს, Z-ის გამოსახულებით, რომელიც რუსეთის ხელისუფლებამ უკრაინაში "სპეციალური სამხედრო ოპერაციის" მხარდაჭერის სიმბოლოდ გამოაცხადა. დემონსტრანტები ასევე ასრულებდნენ რუსულ სიმღერებს.

ომის საწინააღმდეგო ახალგაზრდული აქციისგან განსხვავებით, რუსეთის მხარდამჭერი დემონსტრაცია უფრო ასაკოვანი ხალხისგან შედგებოდა.

პროტესტი ფართოდ გაშუქდა რუსული სახელმწიფო მედიის მიერ და ემსახურებოდა იმ შთაბეჭდილების შექმნას, რომ უკრაინაში შეჭრა სომხეთში მძლავრად არის მხარდაჭერილი. ომის მომხრე მსგავსი ღონისძიება, ასევე, გაიმართა 15 მარტს, გიუმრის რუსულენოვან სკოლაში. დემონსტრაციის დროს მოსწავლეებმა, რომლებიც ძირითადად მახლობლად მდებარე რუსულ სამხედრო ბაზაზე განლაგებული რუსი ჯარისკაცების შვილები არიან, სკოლის ეზოში Z-ის ფორმა გამოსახეს. რამდენიმე მოსწავლემ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ამის გაკეთება აიძულეს.

ამ დრომდე სომხეთის ხელისუფლება ომზე მტკიცე პოზიციის დაფიქსირებას თავს არიდებს — ერთხელ მიიღო მონაწილეობა კენჭისყრაში, რომელიც ეხებოდა რუსეთის ევროსაბჭოდან გარიცხვას და მას შემდეგ კონფლიქტთან დაკავშირებულ ყველა საერთაშორისო კენჭისყრებში თავს იკავებს.

სომხეთი რუსეთზე ძლიერად არის დამოკიდებული, როგორც ეკონომიკურად, ასევე, სამხედრო თვალსაზრისით, განსაკუთრებით, მთიანი ყარაბაღის ომში ქვეყნის დამარცხების შემდეგ. მთიანი ყარაბაღის სომხებით დასახლებულ ტერიტორიაზე ორი ათასამდე რუსი სამშვიდობოა განლაგებული.

მასალა ქვეყნდება OC Media-სთან პარტნიორობის ფარგლებში, რომლის შედეგად, გამოცემის სტატიები ამიერიდან ოთხ ენაზე გავრცელდება. საქართველოში OC Media-ს პარტნიორი On.ge-ა. სტატია ინგლისურად შეგიძლიათ წაიკითხოთ აქ.

OC Media-ს რედაქცია ამჯობინებს, არ გამოიყენოს ისეთი ტერმინები, როგორიცაა "დე ფაქტო", "არაღიარებული" ან "ნაწილობრივ აღიარებული", როდესაც სტატია ეხება ოკუპირებულ აფხაზეთს ან ე.წ. სამხრეთ ოსეთს, ასევე, მთიან ყარაბაღს. ეს არ ასახავს რედაქციის პოზიციას მათ სტატუსთან დაკავშირებით.