კულტურის მინისტრმა ჟურნალისტს კომენტარი დაუწერა და კითხა, "ამობრძანდით ხალადეცის ფორმიდან?". თეა წულუკიანმა მერაბ მეტრეველს ცინიკურად მიმართა და უთხრა, რომ "აზრის ყალიბში დიდხანს ნამყოფს", მისი ვარაუდით, "ცოტა ვარჯიში დასჭირდება", შემდეგ კი მიმართა, რომ კვლავ "ძველი მეტრეველი გახდება".

მინისტრმა ჟურნალისტს კომენტარი მას შემდეგ დაუწერა, რაც მეტრეველი სამხედრო ნეიტრალიტეტზე პოზიციის გამო მიღებულ კრიტიკას Facebook-ზე გამოეხმაურა.

"აჰ, თქვენ ამობრძანდით ხალადეცის ფორმიდან? და, როგორ თუ გაბედე ჩვენ მიერ ჩამოსხმული ყალიბიდან "ბაშკის" ამოყოფაო, ჩაგცხეს თავში?! ნწ, ნწ. რა საოცარია, რომ გიკვირთ, ვინაიდან აზრის დაშტამპვას თავადვე ხომ ემსახურეთ ბოლო ათი წელიწადი?!... აქვე დავძენ, რომ ახლა, აზრის ყალიბში დიდხანს ნამყოფს, ცოტა ვარჯიში დაგჭირდებათ, რადგან უსუფაშვილს დააჯაბნინეთ თავი ამ ბევრად უფრო უნარიანმა მოსაუბრემ. არა უშავს, თუ ისევ ყალიბში არ ჩაგაბრუნეს, ისევ ძველი მეტრეველი გახდებით! გილოცავთ", — წერს წულუკიანი.

წულუკიანის კომენტარის შემდეგ, მეტრეველმა მინისტრს უთხრა, რომ "ლამის ცენზორად ჩამოყალიბდა" და დაინტერესდა, ვინც აკრიტიკებს ყველა დაშტამპული გონია თუ არა.

"ქალბატონო თეა, რა აზრის დაშტამპვაზე მელაპარაკებით? მე ვემსახურე აზრის დაშტამპვას?! ანუ ვინც გაკრიტიკებთ, ხოლმე ყველა დაშტამპული გგონიათ? ამის იქეთ ვერ მიდიხართ? ამას მეუბნებით თქვენ რომელიც ლამის ცენზორად ჩამოყალიბდით მაგ თანამდებობაზე? ვინც მაგინებს და ჩემს შორის, ასევე თქვენსა და ჩემს შორის ის განსხვავებაა, რომ ყოველთვის თავისუფალი ვიყავი და არც არაპოპულარული აზრების გამოთქმას მოვრიდებივარ ოდესმე", — უპასუხა მეტრეველმა.

ჟურნალისტი მას შემდეგ გააკრიტიკეს, რაც თქვა, რომ მისთვის საკითხი ძალიან მარტივად დგას — თუ აქვს არჩევანი NATO-სა და ნეიტრალიტეტს შორის, ირჩევს NATO-ს, თუმცა ამბობს, რომ "ეფემერული" ნატოს გამო, "ომი არ უღირს".

"ომი მიღირს, თუ ქვეყნის დამოუკიდებლობას ემუქრება საფრთხე. ახლა მეტყვით, ნატოზე უარის თქმა დამოუკიდებლობაზე უარს ნიშნავსო არ გეთანხმებით. 30 წელია არ ვართ ნატოს წევრი, მაგრამ ვინარჩუნებთ დამოუკიდებლობას. მოლდოვას უწერია კონსტიტუციაში ნეიტრალიტეტი და რა პრორუსულია? ეს არ უშლის მას ხელს რომ აირჩიოს პროევროპული მთავრობა, აირჩიოს ევროკავშირი. მოკლედ, თუ ნატო დღესვე არ მიღებს, ვირჩევ მოლდოვის გზას", — დაპოსტა მან.

ჟურანლისტ გადაცემაში Facebook სტატუსის შემდეგ, დავით უსუფაშვილიც ჰყავდა, რომელსაც სწორედ ნეიტრალიტეტის საკითხზე ესაუბრებოდა. მისი პოზიციის გამო, მეტრეველი გააკრიტიკეს, რის შემდეგაც კიდევ ერთი პოსტი დაწერა და თქვა, რომ ნუთუ არ შეიძლება განსხვავებული აზრი გქონდეს.

"ღმერთო ჩემო! ნუთუ ამ ქვეყანაში არ შეიძლება განსხვავებული აზრი გქონდეს ადამიანს (თუნდაც მცდარი) რაღაც თემაზე ისე, რომ იარლიყი არ მოგაკერონ, ეგრევე ვიღაცის მონად და აგენტად არ გამოგაცხადონ. ხალხის მტრად არ მოგნათლონ. მერე როგორც ხალხის მტერი კედელთან არ მიგაყენონ დასახვრეტად", — წერდა მეტრეველი.

სწორედ ამ პოსტზე დაუწერა წულუკიანმა კომენტარი, პასუხის შემდეგ კი რეაგირება აღარ ჰქონია.