5 000 — სწორედ ამ რიცხვს გადააჭარბა უკანასკნელი 30 წლის განმავლობაში აღმოჩენილი ეგზოპლანეტების რაოდენობამ, რაც ასტრონომიაში სიმბოლურ, საკვანძო მოვლენად მიიჩნევა.

არცთუ ისე დიდი ხნის წინ, ჩვენთვის მხოლოდ მზის სისტემის შემადგენელი პლანეტების შესახებ იყო ცნობილი, თუმცა ახლა უკვე მის მიღმა, შორეული ვარსკვლავების გარშემო მოძრავი ათასობით ციური სხეულის არსებობა დადასტურდა. ზემოხსენებულ ნიშნულს 21 მარტს მივაღწიეთ, როცა NASA-ს ეგზოპლანეტების არქივს 65 ერთეული შეემატა.

5 000-ზე მეტ ამგვარ ობიექტს შორისაა მცირე ზომის, დედამიწის მსგავსი მყარი სხეულები, იუპიტერზე ბევრად დიდი აირის გიგანტები, ცხელ იუპიტერებად წოდებული ეგზოპლანეტები, რომელთა ორბიტაც მნათობთან წარმოუდგენლად ახლოსაა განლაგებული. ასევე, სუპერდედამიწები, მინინეპტუნები და ა.შ.

ფოტო: NASA/JPL-Caltech

"ეს მხოლოდ რიცხვი არაა. თითოეული მათგანი სრულიად ახალი 'სამყარო', ახალი პლანეტაა. უკლებლივ ყველა ობიექტი აღფრთოვანებას იწვევს, რადგან მათ შესახებ არაფერი ვიცით", — აცხადებენ NASA-ში.

ჩვენს გალაქტიკაში, სავარაუდოდ, ასობით მილიარდი ასეთი ეგზოპლანეტაა. მათი აღმოჩენის პროცესი 1992 წელს დაიწყო, როცა მეცნიერებმა მკვდარი ნეიტრონული ვარსკვლავის, პულსარის მიმდებარედ, რადიაციული პულსების ცვლილებაზე დაკვირვებით, 3 ციური სხეული გამოავლინეს. იქიდან მოყოლებული, სხვადასხვა ხელსაწყოს მეშვეობით, მათი რაოდენობა ნელ-ნელა იზრდება.

მომავალშიც ასე გაგრძელდება, რადგან კოსმოსში დამატებითი ობსერვატორიების გაგზავნა იგეგმება. მაგალითად, ESA-ს მისია ARIEL-ი, რომელსაც 2029 წელს განახორციელებენ, NASA-ს ნენსი გრეის რომანის სახელობის ტელესკოპი, რომელსაც 2027 წელს გაგზავნიან და სხვა.

არ უნდა დაგვავიწყდეს, ჯეიმს ვების კოსმოსური ტელესკოპიც, რომელიც მეცნიერულ საქმიანობას ძალიან მალე დაიწყებს. ასევე, მუშაობას აგრძელებს NASA-ს ობსერვატორია TESS-ი, რომელიც ეგზოპლანეტებს ტრანზიტის მეთოდით ეძებს. ეს უკანასკნელი მნათობის სიკაშკაშის ცვლილებაზე დაკვირვებას გულისხმობს, რადგან მსგავსი "ციმციმი" მასთან პლანეტის ჩავლითაა გამოწვეული. აღნიშნული ტექნოლოგია ახლაც ყველაზე აქტიურად გამოიყენება, თუმცა პიონერად კეპლერის მისია მოგვევლინა, რომელმაც სამყარო ახალი თვალით დაგვანახა.

და მაინც, ყველაფერი ჯერ კიდევ წინაა.