პოლონეთის რესპუბლიკისა და მისი მოკავშირეების მიმართ რუსეთის პოლიტიკიდან გამომდინარე, ასევე უკრაინის წინააღმდეგ რუსული აგრესიის გათვალისწინებით, პოლონეთის შინაგანი უსაფრთხოების სააგენტომ საგარეო საქმეთა სამინისტროს 45 რუსი დიპლომატის ქვეყნიდან გაძევება მოსთხოვა.

სააგენტოს მასალები ადასტურებს, რომ იდენტიფიცირებული ოფიცრებისა და მათთან თანამშრომლობითი პირების საქმიანობა ემსახურება რუსული სადაზვერვო პროექტების განხორციელებას, რომლებიც მიმართულია პოლონეთის რესპუბლიკისა და მისი პარტნიორების სტაბილურობისკენ საერთაშორისო ასპარეზზე და საფრთხეს უქმნის პოლონეთის ინტერესებსა და უსაფრთხოებას.

პოლონეთის მთავრობის წარმომადგენელმა განაცხადა, რომ ვარშავაში რუსეთის ელჩი დაიბარეს საგარეო საქმეთა სამინისტროში და შემდგომი ნაბიჯების შესახებ გადაწყვეტილება შეხვედრის შემდეგ გახდება ცნობილი.

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა, მარია ზახაროვამ განაცხადა, რომ თუ ვარშავა მსგავს ნაბიჯებს გადადგამს, მოსკოვი "შესაბამის" პასუხს გასცემს.