უკრაინის წინააღმდეგ გაჩაღებული სრულმასშტაბიანი ომისა და მშვიდობიან მოსახლეობასთან გამოჩენილი უსაზღვრო სისასტიკის გამო რუსეთი მრავალმა დასავლურმა კომპანიამ დატოვა, თუმცა მათ შორის არ იყო Nestle, რომელიც რუსეთში გარკვეულ საქმიანობას მაინც აგრძელებდა.

Nestle მსოფლიოში საკვების ყველაზე დიდი კომპანიაა, რომელიც აწარმოებს ისეთ ცნობილ პროდუქტებს, როგორებიცაა ჩვილების საკვები, Nescafe-ს ყავა და KitKat-ის შოკოლადი.

ამ კომპანიის გადაწყვეტილების გამო, რომ რუსეთში საქმიანობა კვლავ გაეგრძელებინა და შესაბამისად, გადასახადებით რუსეთის ეკონომიკაში თავისი წვლილი შეეტანა, უკრაინაში საპროტესტო კამპანია დაიწყო, რომელიც Nestle-ს ბოიკოტს უცხადებდა.

ფოტო: nazva / Instagram

რუსეთში Nestle-ს საქმიანობის გასაკრიტიკებლად შეიქმნა სპეციალური პოსტერებიც, რომლებზეც გამოსახულია შოკოლადის შეფუთვა უკრაინაში მიმდინარე ომის კადრებითა და წარწერით — "ტკივილის გემოთი".

ფოტო: nazva / Instagram

მსოფლიოში ცნობილი ეს შვეიცარიული კომპანია საჯაროდ გააკრიტიკა უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმაც:

"კარგი საკვები, კარგი ცხოვრება — ეს არის Nestle-ს სლოგანი. კომპანიისა, რომელიც რუსეთს არ ტოვებს მაშინაც კი, როცა რუსეთი არა მარტო ჩვენ, არამედ სხვა ევროპულ ქვეყნებსაც ემუქრება. მეტიც, ატომური ბომბის საფრთხის მუქარასაც კი ვისმენთ რუსეთიდან".

Nestle-ს ოფიციალური პოზიცია აქამდე ასეთი იყო:

"ჩვენ მნიშვნელოვნად შევამცირეთ რუსეთში საქმიანობა: შევწყვიტეთ ყველანაირი იმპორტი და ექსპორტი, გარდა აუცილებელი პროდუქტებისა. აღარ ვახორციელებთ ინვესტიციებს ამ ქვეყანაში და ჩვენი პროდუქტების რეკლამირებაც შევაჩერეთ. დარჩენილი საქმიანობისგან კი სარგებელს არ ვიღებთ".

სულ ცოტა ხნის წინ კი, 23 მარტს, Nestle-მ კიდევ ერთი განცხადება გაავრცელა და აღნიშნა, რომ რუსეთში თავისი ყველა ბრენდის საქმიანობას წყვეტს, გარდა ჩვილებისა და სამედიცინო საჭიროებისთვის აუცილებელი საკვებისა. კომპანიამ ასევე აღნიშნა, რომ რუსეთში ამ ტემპით საქმიანობის გაგრძელებისგან ფინანსურ სარგებელს არ ელიან, თუმცა ნებისმიერ შემთხვევაში მიღებულ შემოსავალს ჰუმანიტარული დახმარების საერთაშორისო ორგანიზიციებში გადარიცხავენ.